ნაწლავს ხომ არ გამომიტანთ? - კოლორექტული სიმსივნეების დროს დასმული ყველაზე ხშირი კითხვა და მკურნალობის თანამედროვე სტანდარტები - მშობლები

ნაწლავს ხომ არ გამომიტანთ? - კოლორექტული სიმსივნეების დროს დასმული ყველაზე ხშირი კითხვა და მკურნალობის თანამედროვე სტანდარტები

2026-05-27 13:48:06+04:00

კოლორექტული კიბო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ონკოლოგიური დაავადებაა, რომელიც ძუძუსა და ფილტვის კიბოს შემდეგ მესამე ადგილს იკავებს ინციდენტობის მიხედვით. სტატისტიკა საგანგაშოა, თუმცა თანამედროვე მედიცინა, მინინვაზიური ქირურგია და რობოტული ტექნოლოგიები პაციენტებს სრული გამოჯანმრთელებისა და ცხოვრების ხარისხის შენარჩუნების რეალურ შანსს აძლევს.

ამ თემებზე დეტალურად გვესაუბრება „ნიუ ჰოსპიტალსის“ ონკოქირურგი, მედიცინის აკადემიური დოქტორი ანზორ ლაგვილავა.

ბატონო ანზორ, როგორია კოლორექტული სიმსივნეების გავრცელების სტატისტიკა მსოფლიოსა და საქართველოში?

კოლორექტალური სიმსივნეების ინციდენტობა როგორც მსოფლიოში, ასევე საქართველოში წლიდან წლამდე მზარდია. მსოფლიოში წლიურად 1 900 000 ახალი შემთხვევა ფიქსირდება, საქართველოში კი დაახლოებით 800 ადამიანი ავადდება ყოველწლიურად.

სამწუხაროდ, პაციენტების დაახლოებით 70%-ში დაავადების გამოვლენა მე-3 და მე-4 სტადიაზე ხდება. ნაადრევ სტადიაში გამოვლენა მხოლოდ შემთხვევათა 30–35%-ში ფიქსირდება, რაც სერიოზული პრობლემაა. ეს მაჩვენებლები პირდაპირ კავშირშია დაბინძურებულ გარემოსა და არაჯანსაღ კვებასთან. სქესის მიხედვით დაავადების გავრცელებაში განსხვავება ფაქტობრივად არ გვაქვს.

რატომ ვერ ხერხდება დროული დიაგნოსტიკა? რა როლს ასრულებს ამ პროცესში სკრინინგი?

ტექნოლოგიების განვითარების მიუხედავად, ნაადრევ სტადიაზე გამოვლენა კვლავ რთულ გამოწვევად რჩება. სკრინინგ ცენტრების მიერ გამოვლენილი პაციენტების რაოდენობა დაბალია და საერთო მაჩვენებლის მხოლოდ 5%-ს შეადგენს.

მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ 50 წლის შემდეგ ადამიანმა პერიოდულად უნდა ჩააბაროს ტესტები სკრინინგ ცენტრში, რაც უფასოა. თუ სკრინინგისას რამე დადასტურდა, შემდეგ უკვე მაღალტექნოლოგიური კვლევები ტარდება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მზარდია 50 წლამდე პაციენტებში მსხვილი და სწორი ნაწლავის ავთვისებიანი სიმსივნის გამოვლენის მაჩვენებლები. ამას ხელს უწყობს როგორც გენეტიკურ-მუტაციური ფაქტორები, ისე გარეგანი მავნე ზემოქმედება: დაბინძურებული გარემო, მავნე ჩვევები და კვების რაციონი.

რამდენად განსხვავდება განკურნების შანსი დაავადების გამოვლენის სტადიის მიხედვით?

სტატისტიკა რადიკალურად განსხვავდება. პირველ სტადიაზე გამოვლენილი პაციენტის სრული გამოჯანმრთელების შანსი 95-97%-ს აღწევს. თუმცა, შორს წასულ შემთხვევებში პროგნოზი გაცილებით დაბალია. მაგალითად, მე-4 სტადიის პაციენტების 5-წლიანი სიცოცხლის ხანგრძლივობა მხოლოდ 16-22%-ია.

რა სიმპტომებს უნდა მიაქციოს პაციენტმა ყურადღება?

ყველაზე მნიშვნელოვან „სიგნალად“ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ჩვეული მოქმედების დარღვევაა. ხშირი ფაღარათისა და ყაბზობის მონაცვლეობა, ან ნებისმიერი დისკომფორტი მუცლის ღრუში, რომელიც 2 კვირაზე მეტ ხანს გრძელდება. სხვა სიმპტომები, როგორიცაა მოვლითი ხასიათის ტკივილი, სისხლიანი და მტკივნეული დეფეკაცია, სამწუხაროდ, უკვე დაგვიანებულ, მაღალი სტადიის დაავადებაზე მიუთითებს.

როგორ ხდება დიაგნოსტირება „ნიუ ჰოსპიტალსში“?

„ნიუ ჰოსპიტალსში“ ვიყენებთ მსოფლიოში აპრობირებულ მეთოდებს: ულტრათანამედროვე კომპიუტერულ ტომოგრაფიას, მაგნიტურ-რეზონანსულ კვლევებს და ენდოსკოპიურ პროცედურებს, რომლებიც ზოგადი ანესთეზიის ქვეშ, პაციენტისთვის მაქსიმალურად კომფორტულად ტარდება.

განსაკუთრებით აღსანიშნავია ვიდეოკაფსულით კვლევა. პაციენტი ყლაპავს სპეციალურ კაფსულას, რომელიც იწერს მთლიანი კუჭ-ნაწლავის (საყლაპავი, კუჭი, თორმეტგოჯა, წვრილი და მსხვილი ნაწლავი) გზას. ეს მეთოდი უმტკივნეულოა, არ საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას და შეუცვლელია წვრილი ნაწლავის სიმსივნური თუ არასიმსივნური დაავადებების გამოსაკვლევად.

როგორია კოლორექტალური სიმსივნეების მკურნალობის პროცესი და რამდენად მნიშვნელოვანია გუნდური მიდგომა?

ჩვენი კლინიკის სიძლიერე მულტიდისციპლინარული მიდგომაა. ყოველი ონკოლოგიური პაციენტის შემთხვევას განიხილავს წამყვან სპეციალისტთა გუნდი. აქ მკაფიოდ განისაზღვრება დაავადების სტადია და ირჩევა მკურნალობის ოპტიმალური თანმიმდევრობა: ქიმიოთერაპია, სხივური თერაპია თუ ქირურგია. ჩვენ არ ვართ ორიენტირებული მხოლოდ ქირურგიულ კუთხეზე, ვხელმძღვანელობთ მსოფლიო გაიდლაინებით და მკურნალობას ინდივიდუალურად ვარგებთ თითოეულ პაციენტს.

რაც შეეხება უშუალოდ ქირურგიას, რა ტექნოლოგიებს იყენებთ და როგორია რეაბილიტაციის პერიოდი?

ბოლო 10 წელია, ნაწლავებზე ჩარევების 95% ტარდება მინინვაზიურად, ლაპარასკოპიული მიდგომებით. რეაბილიტაცია ძალიან სწრაფია: კლინიკაში დაყოვნება 3-5 დღეა, ხოლო მე-10 დღიდან პაციენტის შრომისუნარიანობა აღდგება.

ვიყენებთ მხოლოდ მაღალტექნოლოგიურ, ევროპული და ამერიკული ბრენდების აპარატურასა და საკერავ მასალებს. თითოეული პაციენტისთვის ინდივიდუალურად ირჩევა სტეპლერი და ინსტრუმენტები (წონის, სქესის, ასაკის გათვალისწინებით), რაც მინიმუმამდე ამცირებს გართულების რისკს და იცავს პაციენტს რეოპერაციისგან.

პაციენტებისთვის ხშირად ყველაზე დიდი შიში ე.წ. „ნაწლავის გამოტანას“ უკავშრდება. როგორია თქვენი მიდგომა ამ საკითხთან მიმართებაში?

ეს მართლაც ხშირი კითხვაა. ჩვენი პრიორიტეტი პაციენტის ცხოვრების ხარისხია. წარსულში ქირურგები ხშირად მიმართავდნენ ამ მეთოდს. დღეს ჩვენ მეტად ორიენტირებული ვართ, რომ, პაციენტი არ ჩავაგდოთ ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ სტრესში. ვიყენებთ რთულ, მაგრამ პაციენტისთვის დამზოგველ ქირურგიას, რათა შენარჩუნდეს ნაწლავის ბუნებრივი ფუნქცია. ჩემს მიერ წარმოებული გეგმიური ოპერაციების 95-98% სრულდება ე.წ. „ნაწლავის გამოტანის“ გარეშე. ეს რადიკალურად აუმჯობესებს პაციენტის სიცოცხლის ხარისხს.

რა სიახლეებს უნდა ველოდოთ უახლოეს მომავალში „ნიუ ჰოსპიტალსში“?

ძალიან მალე, 2-3 თვეში, ჩვენს კლინიკაში დაინსტალირდება ქირურგიული რობოტ-ტექნიკა და გაიხსნება რობოტული ქირურგიის საოპერაციო ბლოკი. პერსონალი, ჩემი ჩათვლით, უკვე ორი წელია გადის ინტენსიურ სწავლებას საზღვარგარეთ ამ ტექნიკის ასათვისებლად. ეს მოგვცემს საფუძველს, საქართველოში დავნერგოთ რობოტული ქირურგიის უმაღლესი ხარისხი, რაც კიდევ უფრო დახვეწილს და ეფექტურს გახდის მკურნალობის პროცესს.

R