რატომ უჩნდება ადამიანს პარტნიორის მიმართ შფოთვითი მიჯაჭვულობა და რა ნიშნებით ვლინდება ის - თემაზე ფსიქოლოგი ზაზა ქოიავა გადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო" საუბრობს:
- თქვენ ამბობდით, თუ რატომ ვჩერდებით და რატომ შეიძლება გავჩერდეთ ისეთ ადამიანთან, რომელთანაც ფსიქოლოგიური დანახარჯი უფრო მეტია, ვიდრე ფსიქოლოგიური ჯილდო. აი, სწორედ აქ შემოდის მიჯაჭვულობა. მიჯაჭვულობა აქ მაშინ შემოდის, როდესაც ჩვენ, უბრალოდ, წარსულში გარკვეულწილად დაზიანებულები ვართ. თუკი ჩვენ ისეთი ტიპის ურთიერთობაში ვჩერდებით, რომელიც არ მოგვწონს და უფრო მეტად გვაზიანებს, მიუხედავად იმისა, რომ ზუსტად ვიცით, იქიდან უნდა წამოვიდეთ, მაგრამ მაინც იქ ვრჩებით, გამოდის, რომ წარსულში გარკვეული ემოციური ზიანი გვაქვს მიღებული. ეს ზიანი შეიძლება მარტოობის, მიტოვებულობის თუ უბრალოდ მარტო დარჩენის შეგრძნების თვალსაზრისით გვქონდეს მიღებული.
მიჯაჭვულობის გაწყვეტა, გარე დახმარების გარეშე, ძალიან რთულია. ეს ნიშნავს, რომ ადამიანს გარკვეული ტიპის ზიანი აქვს მიყენებული. საკმარისია, მას მშობლებთან მიმართებაში, მაგალითად, მიტოვებულობისა და მარტოობის მსგავსი შეგრძნებები ჰქონოდა, განსაკუთრებით კი მაშინ, თუ ეს საპირისპირო სქესის მშობელს ეხება. თუმცა, მიზეზი მხოლოდ მშობლებში არ არის; საკმარისია, ადამიანს სამეგობრო წრეში, მოზარდობის ან თინეიჯერობის პერიოდში, მაგალითად, ღალატის ეპიზოდი ჰქონოდა, ან კიდევ წინა პირად ურთიერთობაში ყოფილიყო მიტოვებულობის თვალსაზრისით დაზიანებული. ამ სამი ან სხვა მრავალი მიზეზიდან გამომდინარე, დიდი შანსია, რომ ადამიანი შემდგომში მიჯაჭვული გახდეს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ აპრიორი ასე მოხდება. რაც შეეხება მიჯაჭვულობის სიმპტომებს, ეს ვლინდება მაშინ, როდესაც სულ მასთან ყოფნა გინდა, პარტნიორს პირად სივრცეს არ უტოვებ და მუდმივად ურეკავ, განსაკუთრებით კი ვიდეოზარით დაკავშირებას ცდილობ. ასევე ვლინდება მაქსიმალური ეჭვიანობითა და შფოთვით, როდესაც პარტნიორი შენთან ერთად არ არის, ან როდესაც ის გეუბნება, რომ რაღაც საქმეზე უნდა გავიდეს და მალე მოვა. ეს ეჭვიანობა კაცებზე, დაქალებზე, მანქანაზე - აბსოლუტურად ყველაფერზე ვრცელდება, რაც ძალიან ტანჯული ცხოვრება და რთული ქეისია. და ბოლოს, სიმპტომი ზუსტად ის არის, რომ როდესაც ისეთ ურთიერთობაში ხარ, საიდანაც ზუსტად იცი, რომ უნდა წამოხვიდე, მაგრამ მაინც ვერ მოდიხარ, დიდია იმის შანსი, რომ მის მიმართ შფოთვითი მიჯაჭვულობა გქონდეს.
პარტნიორის მიმართ შფოთვითი მიჯაჭვულობა იმას ნიშნავს, რომ წარსულში აუცილებლად გარკვეული ტიპის ემოციური ზიანი გაქვს მიღებული. ეს ზიანი შეიძლება მშობლებთან, მეგობრებთან ან წინა ურთიერთობასთან მიმართებაში გქონდეს მიღებული, რის შედეგადაც მარტოობის, მიტოვებულობის ან ემოციური სიცარიელის კონკრეტული ასპექტები დაგრჩა. სწორედ ამ ფონზეა შესაძლებელი, რომ შემდგომი ურთიერთობა მიჯაჭვულობაში გადაიზარდოს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ აპრიორი ასე მოხდება, უბრალოდ ამის დიდი შანსი არსებობს. როგორ უნდა გავარკვიოთ, ვართ თუ არა მიჯაჭვულები? ეს ჩანს მაშინ, როდესაც მუდმივად შფოთავ და განიცდი, თუ სად არის ის, ეჭვიანობ, სულ უწყვეტად ურეკავ და განსაკუთრებით ვიდეო თვალით დაკავშირებას ითხოვ. ასევე მუდმივად არ მოგწონს, როდესაც ის სადღაც მიდის, საქმეზე გადის ან მამაკაცებთან ერთად ერთობა. სულ შფოთავ პარტნიორის მხრიდან გარკვეული ტიპის უარზე. მაგალითად, როდესაც გეუბნება, რომ ახლა არ ცალია, მაგრამ მოგვიანებით შეძლებს, ამანაც კი შეიძლება შფოთი გამოიწვიოს. პარტნიორის მხრიდან რაღაცის უარყოფისას, მაგალითად, როდესაც ამბობს, რომ ახლა არ ცალია, შეიძლება მთლიანად პანიკაში ჩავარდე. ყველაზე მნიშვნელოვანი, ბოლო სიმპტომი არის ის, როდესაც ტოქსიკურ ურთიერთობაში ხარ და რაციონალური გონებით ზუსტად იცი, რომ იქიდან უნდა წამოხვიდე, რადგან ფსიქოლოგიური დანახარჯი უფრო მეტია, ვიდრე ფსიქოლოგიური ჯილდო და ეს ურთიერთობა ზიანს გაყენებს, მაგრამ მაინც იქ რჩები - ესეც პირდაპირ შფოთვითი მიჯაჭვულობის ნიშანია.
იხილეთ გადაცემა სრულად: