თანამედროვე სამყაროში, სადაც დროის დიდ ნაწილს კომპიუტერთან, მჯდომარე მდგომარეობაში ვატარებთ, ჰემოროიდული დაავადება სულ უფრო მეტად ხდება არა მხოლოდ ასაკოვანი ადამიანების, არამედ ახალგაზრდა თაობის პრობლემაც. მიუხედავად იმისა, რომ თემა დელიკატურია და პაციენტები ხშირად ექიმთან მისვლას აყოვნებენ, სპეციალისტები ერთხმად აღნიშნავენ, რომ დროული დიაგნოსტიკა მკურნალობის პროცესს ბევრად მარტივსა და ეფექტურს ხდის. „ნიუ ჰოსპიტალსის“ პროქტოლოგი და ზოგადი ქირურგი ლევან გულუა, დაწვრილებით განგვიმარტავს, რა იწვევს დაავადების განვითარებას, ვინ შედის რისკჯგუფში და მკურნალობის რა თანამედროვე, უმტკივნეულო მეთოდებს გვთავაზობს დღეს მედიცინა.
- ბუასილი, ანუ ჰემოროიდული დაავადება, სწორნაწლავის ლორწოვანში არსებული ვენური და არტერიული სისხლძარღვების პათოლოგიური გაფართოებაა. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ ჰემოროიდული კვანძები ადამიანს დაბადებიდანვე აქვს და ისინი სწორნაწლავში სისხლის მიმოქცევის პროცესში მონაწილეობენ. დაავადებაზე მაშინ ვსაუბრობთ, როდესაც ეს სტრუქტურა გადაგვარდება – სისხლძარღვები ფართოვდება, რაც იწვევს ქავილს, ტკივილსა და დისკომფორტს. შორსწასულ ფორმებში პროცესი შეიძლება გართულდეს სისხლდენითა და თრომბოზით.
- ჰემოროიდული დაავადებით ლეტალური შედეგი ძალიან იშვიათია, თუმცა ის მნიშვნელოვნად აქვეითებს ცხოვრების ხარისხს. პაციენტს უჭირს ხანგრძლივად ჯდომა ან დგომა, აწუხებს მუდმივი ხასიათის ტკივილი, მოცულობითი წარმონაქმნი და ზეწოლის შეგრძნება. ხშირმა სისხლდენამ შესაძლოა ანემიამდეც კი მიგვიყვანოს. რაც შეეხება სიმსივნურ გადაგვარებას, ამის ალბათობა ძალიან დაბალია, თუმცა ლორწოვანის მუდმივი გაღიზიანების ფონზე გარკვეული რისკები მაინც არსებობს.
- ბოლო სტატისტიკით, რისკჯგუფში ძირითადად 18-45 წლამდე ასაკის ადამიანები ხვდებიან. ამაში დიდ როლს მჯდომარე ცხოვრების წესი თამაშობს. განსაკუთრებით მოწყვლადები არიან საინფორმაციო ტექნოლოგიების (IT) სფეროში დასაქმებული პირები და სხვა ისეთი პროფესიის წარმომადგენლები, რომელთაც სამუშაო დღის განმავლობაში დიდხანს ჯდომა და სწრაფი კვება უწევთ, რაც ხშირად შეკრულობის მიზეზი ხდება. თუ ადრე ბუასილს „მძღოლების პრობლემას“ უწოდებდნენ და ის უფრო ასაკოვანთა დაავადებად ითვლებოდა, დღეს პრობლემა საგრძნობლად გაახალგაზრდავდა.
- ზოგადად, ეს უფრო მამაკაცების დაავადებად მიიჩნევა. თუმცა ორსულობა-მშობიარობის შემდგომ პერიოდში ქალების უმრავლესობას გარკვეული დოზით მაინც უვლინდება ჰემოროიდული პრობლემა. თუ პაციენტს დაავადება ორსულობამდეც ჰქონდა, ამ შემთხვევაში კვანძები ხშირად ზომაში იზრდება და მდგომარეობა რთულდება.
- პირდაპირი გენეტიკური ფაქტორი ამ დაავადებას არ აქვს. როგორც აღვნიშნე, ეს ანატომიური სტრუქტურა ყველას გაგვაჩნია, მისი პათოლოგიურ მდგომარეობაში გადასვლას კი ინდივიდუალური ცხოვრების წესი განსაზღვრავს.
- ნებისმიერი დისკომფორტი: ქავილი, ტკივილი, ზეწოლის შეგრძნება ან დეფეკაციის შემდეგ წვის შეგრძნება უკვე სიგნალია ექიმთან ვიზიტისთვის. განსაკუთრებით საყურადღებოა სისხლიანი გამონადენის პირველივე შემთხვევა. თვითმკურნალობა დაუშვებელია, რადგან დროული დიაგნოსტირება პროცესს ბევრად მარტივს ხდის.
- დიაგნოსტირება საკმაოდ მარტივია. ხშირ შემთხვევაში ვიზუალური დათვალიერება და პირველადი გასინჯვა სრულებით საკმარისია. მკურნალობა კი დაავადების სტადიაზეა დამოკიდებული. სულ 4 სტადია არსებობს: პირველ სტადიაზე მკურნალობა სრულად კონსერვატიულია; მეორე სტადიაზე შესაძლებელია მცირეინვაზიური ჩარევები; ხოლო მესამე-მეოთხე სტადიის დროს უკვე ქირურგიული ჩარევა ხდება აუცილებელი.
ჩვენი კლინიკა აღჭურვილია უახლესი აპარატურით, რაც საქართველოში მხოლოდ ერთეულ კლინიკებშია ხელმისაწვდომი. ვიყენებთ ლაზერულ თერაპიას, ლიგირებას, სკლეროთერაპიასა და ულტრაბგერითი დანით ოპერაციებს. მეთოდის შერჩევა ხდება ინდივიდუალურად, პაციენტის ცხოვრების წესისა და თანმხლები პათოლოგიების გათვალისწინებით.
როდესაც ვსაუბრობთ თანამედროვე პროქტოლოგიაზე, ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და პაციენტისთვის დამზოგავი მიდგომა სწორედ HAL-RAR ტექნოლოგიაა. უშუალოდ HAL, ანუ ჰემოროიდული არტერიის ლიგირება, გულისხმობს სპეციალური ულტრაბგერითი დოპლერის მეშვეობით იმ არტერიების პოვნასა და გადაკვანძვას, რომლებიც კვანძებს სისხლით ამარაგებენ. ეს მეთოდი საუკეთესოა მეორე და მესამე სტადიის დროს, როდესაც მთავარი პრობლემა სისხლდენა და კვანძების გადიდებაა – სისხლის მიწოდების შეწყვეტით კვანძი თავისთავად პატარავდება და „შრება“.
იმ შემთხვევაში, თუ დაავადება უფრო შორსწასულია და პაციენტს კვანძების გამოვარდნაც აწუხებს, პროცესს ემატება RAR კომპონენტი – რექტო-ანალური აღდგენა. ეს არის თავისებური „ლიფტინგი“, რომლის დროსაც ყოველგვარი ამოკვეთის გარეშე, სპეციალური ნაკერებით ხდება გამოვარდნილი ქსოვილების აწევა და მათი ბუნებრივ ანატომიურ ადგილზე დაფიქსირება. ამ მეთოდების უმთავრესი უპირატესობა ისაა, რომ ოპერაცია ტარდება სწორნაწლავის იმ ნაწილში, სადაც არ არის ტკივილის რეცეპტორები. შესაბამისად, პროცედურა თითქმის უმტკივნეულოა, არ საჭიროებს ღია ჭრილობების დამუშავებას და პაციენტი სულ რაღაც ორ-სამ დღეში უბრუნდება აქტიურ ცხოვრებას. სწორედ ეს ხდის HAL-RAR-ს ოქროს სტანდარტად მათთვის, ვისაც სურს პრობლემის მოგვარება ხანგრძლივი რეაბილიტაციის გარეშე.
- ტრადიციული ქირურგიული ოპერაცია გულისხმობს კვანძების სრულ ამოკვეთას. თუ ანატომიურად აღარ არსებობს ადგილი, სადაც პათოლოგია შეიძლება განვითარდეს, ის ფიზიკურად ვეღარ დაბრუნდება. მცირეინვაზიური პროცედურების (ლაზერი, სკლეროთერაპია) შემთხვევაში, თუ პაციენტმა ცხოვრების წესი და კვების რეჟიმი არ შეცვალა, შესაძლოა წლების შემდეგ პრობლემა ისევ დადგეს.
- რაც უფრო ნაკლებად ინვაზიურია ჩარევა, მით მსუბუქია პოსტოპერაციული პერიოდი. თუმცა, თანამედროვე ტექნოლოგიებმა, მაგალითად ულტრაბგერითმა დანამ, ტრადიციული ოპერაციის შემდგომი ტკივილის მაჩვენებელიც საგრძნობლად შეამცირა.
- პრევენცია მთლიანად ცხოვრების წესზეა დამოკიდებული. მნიშვნელოვანია ფიზიკური აქტივობა ნორმის ფარგლებში, თუმცა უნდა ვერიდოთ მძიმე წონებით ვარჯიშს, რაც სწორნაწლავში წნევას ზრდის. ორსულებისთვის კი კრიტიკულად მნიშვნელოვანია სწორი კვება და შეკრულობის პრევენცია მკურნალ ექიმთან კონსულტაციით. გახსოვდეთ, პრევენცია ბევრად მარტივია, ვიდრე მკურნალობა.
R