წარმოიდგინეთ 15 წლის მოზარდი, რომელიც სრულიად უცხო ქვეყანაში, უცნობ ოჯახში ათენებს ღამეს, დილით კი გერმანულ საგაკვეთილო პროცესში ერთვება. ეს არ არის მხოლოდ მოგზაურობა - ეს არის მომენტი, როდესაც ბავშვი დამოუკიდებელ, გლობალურ მოქალაქედ იწყებს ჩამოყალიბებას. თანამედროვე განათლება დიდი ხანია გასცდა თეორიული ცოდნისა და მერხების ფორმატს. როგორ ახერხებენ ქართველი მოსწავლეები ევროპულ საგანმანათლებლო ეკოსისტემაში ინტეგრაციას და რატომ არის ინტერკულტურული კავშირები მომავლის წარმატების მთავარი ფორმულა? ამ თემაზე „მწვანე სკოლის“ მარკეტინგის მენეჯერი ნათია იმერლიშვილი გვესაუბრება და სკოლის უნიკალურ გამოცდილებასა და სტრატეგიულ გეგმებს გვიზიარებს.
დღეს საერთაშორისო პროექტების მიმართულება ნებისმიერი პროგრესული საგანმანათლებლო დაწესებულების პრიორიტეტია. საინტერესოა, როგორია უშუალოდ „მწვანე სკოლის“ კონცეპტუალური ხედვა ამ მიმართულებით? რა როლი ენიჭება გლობალურ გამოცდილებას სასწავლო პროცესში?
დღეს თანამედროვე განათლება საერთაშორისო გამოცდილების გარეშე ნამდვილად წარმოუდგენელია. ჩვენთვის პრიორიტეტულია, რომ მოსწავლეებმა მხოლოდ თეორიული, აკადემიური ცოდნა კი არ მიიღონ, არამედ ზუსტად იცოდნენ ამ ცოდნის რეალიზების პრაქტიკული არეალები. მათ უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, რეალურ საერთაშორისო გარემოში გამოცადონ საკუთარი თავი, გაიცნონ სხვა კულტურები, ისწავლონ დამოუკიდებლობა და ეფექტური კომუნიკაცია. სწორედ ამიტომ, „მწვანე სკოლა“ აქტიურად ავითარებს საერთაშორისო პროექტებსა და პარტნიორობებს წამყვან ევროპულ სკოლებთან და ორგანიზაციებთან.
თქვენს პროექტებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და რეზონანსული ჰამბურგის გაცვლითი პროგრამაა. დეტალურად გვიამბეთ გიმნაზია „ფინქერვერდერთან“ (Gymnasium Finkenwerder) პარტნიორობის მოდელზე. როგორ მუშაობს ეს ორმხრივი ფორმატი?
დიახ, გაცვლითი პროგრამა ჰამბურგთან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და წარმატებული პროექტია ჩვენთვის. უკვე მესამე წელია, რაც მჭიდროდ ვთანამშრომლობთ გერმანიაში, ქალაქ ჰამბურგში მდებარე „ფინქერვერდერის“ გიმნაზიასთან.

პროექტი არის ორმხრივი: პირველ ეტაპზე გერმანელი მოსწავლეები ჩამოდიან საქართველოში და ცხოვრობენ ჩვენი მოსწავლეების ოჯახებში. მეორე ეტაპზე კი ჩვენი მოსწავლეები მიემგზავრებიან გერმანიაში და, ანალოგიურად, თავად ცხოვრობენ მასპინძელ ოჯახებში.
ერთი კვირის განმავლობაში ჩვენი ბავშვები ესწრებიან გაკვეთილებს გიმნაზიაში, სრულფასოვნად ერთვებიან სასკოლო ცხოვრებაში, მონაწილეობენ მრავალფეროვან კულტურულ აქტივობებში და ეცნობიან გერმანული განათლების სისტემას.
თქვენი დაკვირვებით, რეალურად რატომ არის ასეთი გამოცდილება კრიტიკულად მნიშვნელოვანი მოსწავლეებისთვის?
ამ ტიპის გამოცდილება ბავშვებს ფუნდამენტურად ცვლის. ისინი ხდებიან ბევრად უფრო დამოუკიდებლები, თავდაჯერებულები და მენტალურად გახსნილები. როდესაც მოსწავლე სრულიად ახალ, მისთვის უცნობ გარემოში ხვდება, იწყება სწრაფი ადაპტაციის პროცესი: ის სწავლობს პასუხისმგებლობას, კრიზისულ სიტუაციებში კომუნიკაციას და კულტურულ მრავალფეროვნებასთან თანაარსებობას. ეს ის უნარებია, რომლებიც მომავალში მათ ძალიან ეხმარებათ, როგორც უნივერსიტეტსა და პროფესიულ ცხოვრებაში, ასევე ზოგადად, პასუხისმგებლობიან, გლობალურ მოქალაქედ ჩამოყალიბებაში.

მოგვიყევით „მწვანე სკოლის“ საერთაშორისო საზაფხულო პროექტების შესახებ
მიმდინარე წელს ჩვენს მოსწავლეებს აქვთ შესაძლებლობა, გაემგზავრონ ბრიტანეთსა და გერმანიაში. ეს არ არის მხოლოდ ენის კურსები, თავისი კლასიკური გაგებით. ეს არის კომპლექსური ინტერკულტურული პროგრამები, სადაც მოსწავლეები იღებენ უნიკალურ საერთაშორისო გამოცდილებას, ხვდებიან სხვადასხვა ქვეყნის ახალგაზრდებს, მსჯელობენ გლობალურ საკითხებზე და ვითარდებიან როგორც აკადემიურად, ისე პიროვნულად.
გვერდს ვერ ავუვლით Erasmus+ პროგრამას, რომელშიც თქვენი მოსწავლეებიც ჩართული არიან. როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი?
„ერასმუს+“-ის პროექტები ჩვენი საერთაშორისო მიმართულების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელშიც პარტნიორი ორგანიზაციების საშუალებით ვმონაწილეობთ. აღსანიშნავია, რომ ჩვენს მოსწავლეებს აქვთ შესაძლებლობა, სრული დაფინანსებით ჩაერთონ პროგრამაში, გაემგზავრონ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში და დაესწრონ მათთვის საინტერესო მაღალი დონის ვორქშოპებსა თუ სემინარებს.
აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ამ გრანტის ფარგლებში არა მხოლოდ მოსწავლეები, არამედ ჩვენი სკოლის ახალგაზრდა მასწავლებლებიც იმყოფებოდნენ იტალიასა და ხორვატიაში. მათ ჰქონდათ შესაძლებლობა, ჩართულიყვნენ საერთაშორისო პროფესიულ დისკუსიებში, გაეზიარებინათ კოლეგების გამოცდილება და უკეთ დაენახათ თანამედროვე განათლების სისტემის ტენდენციები, რაც შემდგომ უკვე ჩვენს სკოლაში დაინერგება.

რა არის ამ გლობალური საგანმანათლებლო ეკოსისტემის საბოლოო მიზანი და რა სტრატეგიული გეგმები გაქვთ დასახული უახლოესი პერიოდისთვის?
ჩვენი მთავარი მიზანია, რომ „მწვანე სკოლის“ მოსწავლეები იყვნენ კონკურენტუნარიანები გლობალურ სივრცეში, ჰქონდეთ ფართო მსოფლმხედველობა და დიდი მიზნები. დღეის მდგომარეობით, უკვე 100-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა სხვადასხვა საერთაშორისო პროექტში და ეს მხოლოდ დასაწყისია.
ჩვენ ყოველდღიურად ვმუშაობთ იმისათვის, რომ რაც შეიძლება მეტ უცხოურ სკოლასა და ორგანიზაციას მივაწვდინოთ ხმა, რათა შევქმნათ მეტი შესაძლებლობა ყველა იმ მოსწავლისათვის, ვისაც აქვს მოტივაცია, შესაბამისი აკადემიური ცოდნა და განვითარების სურვილი. მომავალი სასწავლო წლიდან ვგეგმავთ კიდევ რამდენიმე პროექტის დამატებას სხვადასხვა ქვეყანაში. საბოლოოდ კი, ჩვენი სტრატეგიული მიზანია, „მწვანე სკოლას“ ჰქონდეს საერთაშორისო პროექტებისა და პროგრამების ისეთი ფართო არჩევანი, რომელიც თითოეული მოსწავლის ინდივიდუალურ ინტერესებსა და პოტენციალს უპასუხებს.
R