"მეცნიერები დიდი ხანია აფრთხილებდნენ მსოფლიოს, რომ კლიმატის ცვლილების გამო სეზონებს შორის საზღვრები წაიშლება. ეს პერიოდი უკვე დადგა“ - გვეუბნებამამუკა გვილავა - გარემოსდაცვითი შეფასების ექსპერტი.
წელს მართლაც განსაკუთრებულად შესამჩნევია გაჭიანურებული, ანომალიური ამინდები, ინტენსიური ნალექი და გაზაფხულის სეზონის პრაქტიკული გაქრობა. მამუკა გვილავას თქმით, მეცნიერთა აბსოლუტური უმრავლესობა თანხმდება, რომ ეს პროცესი ადამიანის მიერაა გამოწვეული.
- ხან ნალექია, ხან - ქარი. გაზაფხული კალენდარულად თითქოს მოვიდა, მაგრამ ტრადიციული გაზაფხული, რაც ჩვენს ქვეყანას ახასიათებდა ხოლმე, თითქოს გაქრა. რა არის ამის მიზეზი?
- დიახ, მართალია. მეცნიერები დიდი ხანია საუბრობენ იმაზე, რომ კლიმატი იცვლება და უახლოეს მომავალში სეზონებს შორის საზღვრები წაიშლება. ეს მომავალი უკვე დადგა, ამიტომ აქ გასაკვირი არაფერია - მოსალოდნელიც იყო. კლიმატის ექსტრემალური პირობები ჩვენთანაც ვლინდება. მაგალითად, ასეთი გადაუღებელი და გახშირებული წვიმები პირადად მე არ მახსოვს. თავად ჰიდრომეტეოროლოგი არ გახლავართ, გარემოსდაცვითი შეფასების ექსპერტი ვარ, თუმცა გარემო პირობებს მუდმივად ვაკვირდები და ასაკიც საკმარისი მაქვს იმისთვის, რომ გარკვეული დასკვნები გავაკეთო. ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან მეცნიერები და კლიმატის პოლიტიკის სპეციალისტები ამის შესახებ გვაფრთხილებდნენ. რაზეც 20-30 წლის წინ საუბრობდნენ, დღეს ზუსტად მართლდება. მთავარი დასკვნა ის არის, რომ მეცნიერებსა და სწორ პოლიტიკოსებს უნდა დავუჯეროთ და არა მათ, ვინც კლიმატის ცვლილებას უარყოფს. ჩვენ აღარ ვართ იმ პირობებში, რომ რეალობა უარვყოთ. კლიმატის ცვლილება ფაქტია და ის ადამიანის ზემოქმედებით არის გამოწვეული. მთავარი მამოძრავებელი ძალა, რასაც ადამიანი ვერ ელევა და ვერ აჩერებს, წიაღისეული საწვავის მოხმარება და ავტომობილებით გადაადგილებაა.
ამ ყველაფერმა გამოიწვია სათბურის გაზების, მათ შორის განსაკუთრებით, ნახშირორჟანგი (CO2) ემისიების მნიშვნელოვანი ზრდა.მიუხედავად იმისა, რომ ნახშირორჟანგის კონცენტრაცია ატმოსფეროში პროცენტულად მცირეა, ისტორიულ მაჩვენებელთან შედარებით ის საგრძნობლად გაიზარდა. თუ ისტორიულად ეს მაჩვენებელი 280 ppm-ს მემილიონედი წილი) შეადგენდა, ახლა უკვე 425–430 ppm-მდეა ასული. ყოველი წლის მაისში ეს პარამეტრი ახალ რეკორდს ამყარებს - ანუ კონცენტრაცია თითქმის 50%-ით არის გაზრდილი. აქ შეთქმულების თეორიებს არ უნდა ვენდოთ. მეცნიერთა 97-99% გვეუბნება, რომ ეს პროცესი ადამიანის მიერ არის გამოწვეული. კლიმატის ცვლილება სამომავლო საფრთხე აღარ არის, ის უკვე მოქმედებს და ჩვენთან ეს გამოიხატება ინტენსიურ წვიმებში, გაზაფხულის სეზონის მნიშვნელოვნად შემცირებასა და პირდაპირ ზაფხულის სიცხეებზე გადასვლაში. კლიმატი აღარ გვინდობს და რამდენიმე თვიანი გაზაფხულით ტკბობის საშუალებას აღარ გვაძლევს.
- ზაფხულს როგორ პროგნოზირებთ, როგორი იქნება?
- ზუსტი პროგნოზის გაკეთება რთულია, თუმცა ბოლო 15-20 წელია, საშუალო ტემპერატურა მუდმივად იმატებს. მთლიანად ცივილიზაციის არსებობის ათასწლეულების პერიოდში ასეთი სწრაფი დათბობა უპრეცედენტოა - ყოველი მომდევნო წელი წინა წლის რეკორდს ამყარებს. შეიძლება რომელიმე კონკრეტულ წელს რეკორდი არ მოიხსნას, მაგრამ საერთო დინამიკა ზრდადია. ეს საგანგაშო სიტუაციაა, რადგან პროცესი გაგრძელდება და არ არსებობს საფუძველი ვივარაუდოთ, რომ ზაფხულში მაღალი ტემპერატურები არ გვექნება. არსებული ტენდენციებიდან გამომდინარე, მაღალი ალბათობით, ცხელი ზაფხული გველის.