მსოფლიო ძალიან ბევრ სერიულ მკვლელს იცნობს, თუმცა მათგან სულ რამდენიმე იყო მილიონერი. მათ შორის გახლდათ კრისტოფერ უაილდერი, რომელიც1984 წელს პოლიციასთან დაპირისპირებისას გარდაიცვალა. როცა ეს ამბავი მედიით გავრცელდა, საზოგადოება შოკში ჩავარდა. ის საერთოდ არ ჰგავდა საშინელებათა ფილმებისა თუ დოკუმენტური პროზის ტიპურ პერსონაჟებს. წარმატებული ბიზნესმენი, მილიონერი, ოკეანის სანაპიროზე მდებარე უზარმაზარი ვილისა და მდიდრული ავტომობილების კოლექციის მფლობელი — ეს ყველაფერი სრულიად ეწინააღმდეგებოდა მასობრივ ცნობიერებაში არსებულ სისხლისმსმელი მკვლელის ხატებას. ეს არის აშშ-ის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე უცნაური სერიული მკვლელის ისტორია.

უაილდერი 1945 წელს სიდნეიში, ამერიკელი სამხედრო მეზღვაურისა და ავსტრალიელი ქალის ოჯახში დაიბადა. ის ოთხი შვილიდან უფროსი იყო. მშობლები ბიზნესით იყვნენ დაკავებულნი და ბიჭი მოსიყვარულე გარემოში იზრდებოდა. 1968 წელს მან ცოლი შეირთო, მაგრამ ქორწინება წარუმატებელი აღმოჩნდა. მომდევნო წელს უაილდერი ფლორიდაში გადასახლდა, სადაც სამშენებლო სფეროში დაიწყო მუშაობა და სწრაფად გამდიდრდა. საკუთარი ფირმის შესაქმნელად ფინანსები მას მშობლებმა გამოუყვეს.
1970-იანი წლებიდან ის პალმ-ბიჩის პრესტიჟულ უბანში, ოკეანის სანაპიროზე მდებარე მდიდრულ სახლში ცხოვრობდა, გატაცებული იყო ფოტოგრაფიითა და სარბოლო ავტომობილებით. ავტორბოლისადმი სიყვარული იმდენად დიდი იყო, რომ უაილდერი პროფესიონალი მრბოლელიც გახდა. ერთი შეხედვით, მას ჰქონდა ცხოვრება, რომელზეც ბევრი მხოლოდ ოცნებობდა. თუმცა, 1984 წლის თებერვლის ბოლოს, ამ მომხიბვლელმა და ჭკვიანმა მამაკაცმა მკვლელობების სერია დაიწყო.

პირველი მსხვერპლი 21 წლის როზარიო გონსალესი გახდა, რომელიც 26 თებერვალს მაიამის გრან-პრის რბოლიდან გაუჩინარდა. გოგონა ადგილობრივი ვარსკვლავი იყო — მონაწილეობდა სილამაზის კონკურსში „მის ფლორიდა“ და სამოდელო კარიერას აშენებდა. რბოლაზე ის ფარმაცევტული კომპანიის წარმომადგენლად მუშაობდა. მოწმეების თქმით, ის ბოლოს დაახლოებით 30 წლის მამაკაცთან ერთად ნახეს. უაილდერი იმ რბოლაში საკუთარი Porsche 911-ით მონაწილეობდა.
5 მარტს გონსალესის მეგობარი, ელიზაბეტ კენიონი გაუჩინარდა. ისიც მოდელი იყო და „მის ფლორიდაზე“ მეორე ადგილი ჰქონდა დაკავებული. გაუჩინარებამდე ცოტა ხნით ადრე მას ხანმოკლე რომანი ჰქონდა კრის უაილდერთან. ბიზნესმენმა მას ცოლობა სთხოვა, მაგრამ გოგონამ ასაკობრივი სხვაობის გამო უარი თქვა.

კენიონის ოჯახმა კერძო დეტექტივი დაიქირავა, კენეტ უიტაკერი, გამოძიების ფედერალური ბიუროს ყოფილი აგენტი. უიტაკერმა უაილდერს დაურეკა, თუმცა ბიზნესმენმა განაცხადა, რომ გოგონა სამი კვირაა არ უნახავს. დეტექტივმა შეამჩნია უაილდერის ნერვიულობა და ეჭვი მიიტანა, რომ მას კავშირი ჰქონდა გაუჩინარებასთან. მოგვიანებით გაირკვა, რომ გაუჩინარების დღეს კენიონი ბენზინგასამართ სადგურზე ნახეს მამაკაცთან ერთად. თანამშრომელმა მასში უაილდერი ამოიცნო. დეტექტივმა ანგარიში პოლიციას გადასცა, თუმცა იქ მყარი მტკიცებულებების არარსებობის გამო ადგილობრივი მილიონერის შეწუხება არ ისურვეს. გოგონების ცხედრები დღემდე არ არის ნაპოვნი.

უაილდერის ბიოგრაფია სინამდვილეში სულაც არ იყო უმწიკვლო. 17 წლის ასაკში ის 13 წლის გოგონას გაუპატიურებისთვის დააკავეს და პირობითი მსჯავრი შეუფარდეს. მოგვიანებით ის ამტკიცებდა, რომ ელექტროშოკური თერაპიის კურსი ჩაუტარეს, თუმცა მკვლევარებმა ამის დამადასტურებელი საბუთები ვერ იპოვეს.
17 წლის ასაკიდან უაილდერი მუდმივად ეხვეოდა კრიმინალურ ისტორიებში, რომლებიც სექსუალურ ძალადობას უკავშირდებოდა. მისი ქორწინება 1968 წელს სწორედ იმიტომ დაირღვა, რომ ცოლმა მის მანქანაში ნახევრად შიშველი გოგონების ფოტოები აღმოაჩინა. 1969 წელს მან კიდევ ერთი გოგონა აიძულა შიშველი გადაეღო ფოტოები, შემდეგ კი შანტაჟს მიმართავდა.
აშშ-ში გადასახლების შემდეგაც ძალადობა არ შეუწყვეტია. 1971-დან 1975 წლამდე ის რამდენჯერმე დააკავეს. ერთ-ერთ შემთხვევაში მან ქალი სატვირთო მანქანაში ჟურნალისთვის ფოტოგადაღების საბაბით შეიტყუა და გააუპატიურა. ფსიქოლოგები მას „ფსიქიკურად დაავადებულ სექსუალურ დამნაშავეს“ უწოდებდნენ, რომელიც ქალების სექსუალურ მონებად ქცევაზე ოცნებობდა. მიუხედავად ამისა, უაილდერი ციხეს ყოველთვის აღწევდა თავს ადვოკატების ოსტატობისა და კანონმდებლობის ხარვეზების წყალობით.
ჯერ კიდევ გაურკვეველია, რამ უბიძგა მას 1984 წლის გაზაფხულზე სასტიკი მკვლელობების სერიისკენ. შესაძლოა, დეტექტივის ზარის შემდეგ მიხვდა, რომ მხილება ახლოს იყო და გაქცევა გადაწყვიტა, რასაც ნამდვილი სისხლიანი მარათონი მოჰყვა.
18 მარტს მან ფლორიდაში 21 წლის ტერეზა ფერგიუსონი მოკლა.

20 მარტს ტალახასიში 19 წლის სტუდენტი ლინდა გლოვერი გაიტაცა. ის გოგონებს მოდელების აგენტად ეცნობოდა. ძვირადღირებული მანქანითა და კარგი ჩაცმულობით ის ადვილად მოიპოვებდა ნდობას. გლოვერი მან მოტელში მიიყვანა, სადაც აწამებდა და დენით უტარებდა ექსპერიმენტებს, თუმცა გოგონამ აბაზანაში ჩაკეტვა, ხმაურის ატეხვა და სასწაულებრივად გადარჩენა მოახერხა.
შემდეგი მსხვერპლი ტეხასში 23 წლის სტუდენტი ტერი დაიან უოლდენი გახდა, რომელიც გააუპატიურა და მოკლა.

25 მარტს იგივე ბედი ეწია 21 წლის სუზან ვენდი ლოგანს. 29 მარტს კოლორადოში მან 18 წლის შერილ ლინ ბონავენტურა გაიტაცა და იუტას შტატში მოკლა.

1 აპრილს ლას-ვეგასში 17 წლის მიშელ ლინ კორფმანი შეიტყუა, რომლის ნაშთებიც მოგვიანებით მხოლოდ კბილებით იცნეს.

4 აპრილს კალიფორნიაში უაილდერმა 16 წლის ტინა მარი რისიკო გაიტაცა. გაუპატიურებისა და ცემის შემდეგ, მან გოგონა თან წაიყვანა არიზონაში, მისურისა და ჩიკაგოში. გამომძიებლების აზრით, ის რისიკოს სხვა გოგონების მოსატყუებლად სატყუარად იყენებდა.

ასე მოხდა ინდიანაში, სადაც 16 წლის დოუნეტ სუ უილტი გაიტაცეს. უაილდერმა უილტის მოკვლა სცადა და დანით რამდენჯერმე დაჭრა, თუმცა გოგონა გადარჩა და პოლიციას შეატყობინა, რომ მანიაკი კანადისკენ მიემართებოდა. ნიუ-იორკის შტატში უაილდერმა კიდევ ერთი ქალი, 33 წლის ბეთ ელეინ დოჯი მოკლა. რისიკო მასთან ერთად იყო ამ საშინელი მოგზაურობის ბოლო დღეებში, სანამ 13 აპრილს ბოსტონის აეროპორტში თვითმფრინავის ბილეთი არ უყიდა და არ გაათავისუფლა.
13 აპრილს პოლიციელებმა ბენზინგასამართ სადგურზე აღწერილობის მსგავსი მამაკაცი შენიშნეს. საბუთების მოთხოვნისას უაილდერი მანქანისკენ გაიქცა და რევოლვერი გადმოიღო. ფიზიკური დაპირისპირებისას ოფიციალური ვერსიით, მკვლელმა თავი მოიკლა.
ამავდროულად, გათავისუფლებული ტინა მარი რისიკო ლოს-ანჯელესში ჩაფრინდა, თუმცა პოლიციაში წასვლის ნაცვლად, მაღაზიებში საყიდლებზე წავიდა. მოგვიანებით მან ეს ცივსისხლიანი ქცევა ბავშვობის ტრავმებითა და ოჯახში არსებული ძალადობრივი გარემოთი ახსნა, რამაც მას გადარჩენისთვის „თამაშის“ უნარი შესძინა. საზოგადოების ნაწილი მას დღემდე მანიაკის თანამზრახველად მიიჩნევს, ნაწილი კი — გოგონად, რომელუც მონსტრს გადაურჩა.
უაილდერის სიკვდილის შემდეგ მისი ქონება, რომელიც 5 მილიონ დოლარად იყო შეფასებული (დღევანდელი კურსით 20 მილიონზე მეტი), აუქციონზე გაიყიდა, ხოლო მიღებული თანხა მსხვერპლთა ოჯახებსა და გადარჩენილებს გაუნაწილდა.
კრისტოფერ უაილდერის საქმე მისი სიკვდილით არ დახურულა. ის დღემდე მიიჩნევა მთავარ ეჭვმიტანილად კიდევ მრავალ გაუხსნელ საქმეში, მათ შორის 1965 წელს სიდნეის პლაჟზე ორი 15 წლის გოგონას მკვლელობაში და 1979 წელს ნიუ-იორკში მომხდარ მკვლელობაში. თუ დადასტურდება მისი კავშირი ამ დანაშაულებთან, ფლორიდელი მილიონერი შესაძლოა ორ კონტინენტზე მოქმედ ერთ-ერთ ყველაზე სისხლიან სერიულ მკვლელად იქნას აღიარებული.