თითქმის ყველა ქალი გეტყვით, რომ მენსტრუალური ციკლის დროს ეკლესიაში არ შედის. მით უმეტეს, ხატსა და სანთელს არ შეეხება.
ამ აკრძალვის შესახებ მამა გურამ ოთხოზორია პამვა Pamwa-ს პოდკასტში საუბრობს:
"დედათა წესი ძველ აღთქმაშია. ახალ აღთქმაში არ არის ეს კოდიფიცირებული, ანუ ასე, დოგმატად ჩამოყალიბებული, რომ დედათა წესის დროს ეკლესიაში არ შევიდეს, არ შეეხოს, სანთელი არ დაანთოს. ეს არის თვითონ ადამიანის რაღაც თვითანთების შედეგი და სადღაც ვიღაცას ნათქვამი, მერე აგორდება, აგორდება და მერე მუსირებს, თითქოს ეს ასეა.
ამიტომ აქაც ორად ვართ გაყოფილი სასულიერო პირებიც. ანუ ზოგი ასე, ზოგი ისე. კი, მე მაგალითად, არ ვხედავ პრობლემას. მანდ უამრავი ნიუანსია კიდევ. ერთი, რომ ძველ აღთქმაში იქ სიმბოლური მნიშვნელობები ჰქონდა. ძველ აღთქმაში მკვდართან შეხებაც არ შეიძლებოდა, მაგრამ დღეს ახლა ეკლესია ამას ასე არ უყურებს და ასე შემდეგ. მეორე კიდევ, ჰიგიენური საკითხები ძველ აღთქმაში. იცით თქვენ, რა პირობები იყო ჰიგიენური და დღეს სულ სხვანაირად არის.
და მესამე კიდევ ის არის, რომ პრობლემა არის თვითონ ადამიანი. მიუხედავად იმისა, რომ მე შეიძლება მას ვუთხრა, ის თვითონ არ მისცემს თავის თავს უფლებას, იმდენად აქვს ჩაგონებული, რომ მე უკვე უწმინდური ვარო, რომ თავის თავს არ აძლევს საშუალებას, სანთელიც კი დაანთოს. ამიტომ სამუშაოა აქაც. მე პირდაპირ გეუბნებით, რომ ეს არ არის ისეთი საკითხი, რომლის გამოც ქალი უნდა დაბრკოლდეს ტაძარში ან არ ილოცოს. ზიარებაც შესაძლებელია, თუკი შენ შეძლებ ამას სწორად მიუდგე.
სისხლმდინარი დედაკაცი თვითონ ქრისტეს ეხება, რათა განიკურნოს, ეს ერთი. მეორე, ეს ბიოლოგიური მდგომარეობაა, სულთან არაფერ კავშირში არ არის. ბინძური ადამიანი, სიტყვის დენაა, უხეშად რომ ვთქვათ, აბა მიდი, სიტყვები შეაჩერე - ის, რაც შეგიძლია გააკონტროლო, აი ეს არის ცოდვა და უნდა მოინანიო. თორემ ის, რაც ბუნებრივად ღმერთმა ასეთად გაგაჩინა და მით უმეტეს, დღევანდელ დღეს ამის პრობლემა არ არის, რატომ უნდა იყოს ქალი ბინძური, ვინ თქვა, ვინ გამოიგონა, ტყუილი!
ეს არის, რაღაცა ვიღაცისგან ერთხელ ნათქვამი, მერე აგორებული, აგორებული და მერე ავტომატურად ვიჯერებთ და ვიმეორებთ ამას. არა, არანაირი დაყოფა ამ მხრივ არ არის და არანაირი კომპლექსი ამის გამო არ უნდა გვქონდეს, უბრალოდ ამაღლდით ამაზე, ქალებს, განსაკუთრებით, ვურჩევდი," - ამბობს მამა გურამი.