მაიკლ ჯექსონის გარეგნობა მრავალი წლის განმავლობაში დავების, განხილვებისა და არაერთი მითქმა-მოთქმის საგანი იყო. მასზე დღემდე საუბრობენ და საკითხი გულშემატკივრებს შორის პერიოდულად აქტიურდება ხოლმე.
მაიკლ ჯექსონი 2009 წლის 25 ივნისს, ძლიერმოქმედი ტკივილგამაყუჩებლის ზედოზირებით გარდაიცვალა. მომღერალს პროპოფოლის ინიექცია მისმა პირადმა ექიმმა, კონრად მიურეიმ გაუკეთა. მედიკოსის ქმედებებმა, ოფიციალური ვერსიით, მსოფლიო ლეგენდის სიკვდილი გამოიწვია.

მას შემდეგ, რაც ჯექსონის ცხედარი პროზექტურაში გადაასვენეს, არტისტის ხილვით პათოლოგანატომები შეძრწუნდნენ. როგორც ბრიტანული გამოცემა Mirror წერს, გამოფიტული მამაკაცი ზოგიერთმა არა სუპერვარსკვლავად, არამედ ჰოსპისის განწირულ პაციენტად აღიქვა. თუმცა, ავადმყოფური სიგამხდრე ყველაზე საშინელი სულაც არ ყოფილა.

ერთ-ერთმა თვითმხილველმა ჟურნალ Rolling Stone-ს გაუმხილა, რომ ჯექსონის ცხვირის პროთეზი იდუმალებით მოცული გზით გაუჩინარდა, რის გამოც მომღერლის ნამდვილი სახის დანახვა გახდა შესაძლებელი. ნანახმა ყველაზე გამბედავებიც კი შეაშინა.
"ჯექსონის სახეს, რომელსაც იგი ათწლეულების განმავლობაში ამდენჯერ იცვლიდა და საზოგადოებისგან სათუთად მალავდა, მკვეთრი შუქი ეცემოდა. პროთეზი, რომლითაც ის თავის დაზიანებულ ცხვირს ფარავდა, გამქრალიყო, იქ კი მხოლოდ ხრტილის ნარჩენებიღა მოჩანდა, რომლებიც პატარა, ბნელ ღრუს გარს ერტყა", - ჰყვებოდა ანონიმური წყარო.


წლების განმავლობაში მაიკლ ჯექსონი ყოველგვარ ქირურგიულ ჩარევას უარყოფდა, ორი რინოპლასტიკისა და ნიკაპზე ფოსოს კორექციის გარდა. პირველი ოპერაცია 1979 წელს ჩატარდა, როდესაც მომღერალი ცეკვის დროს დაეცა და ცხვირი გაიტეხა. ჯექსონი პირველი ოპერაციის შედეგებით კმაყოფილი არ იყო: მას სუნთქვის პრობლემები ექმნებოდა და რინოპლასტიკას განმეორებით მიმართა. მომღერალი ჯიუტად ამტკიცებდა, რომ სხვა ოპერაცია გაკეთებული არ ჰქონდა. მიუხედავად ამისა, მისი გარეგნობის ცვლილებები, რომლებიც სულ უფრო რადიკალურ სახეს იღებდა, საპირისპიროზე მეტყველებდა.

2002 წელს გავრცელდა ხმები იმის შესახებ, რომ მრავალრიცხოვანი ჩარევების გამო მაიკლის ცხვირისგან თითქმის არაფერი იყო დარჩენილი... მარკუს ფილიპსი, პოპ-მეფის მეგობარი, ამტკიცებდა, რომ ჯექსონს ძალიან უნდოდა, მამის ფიზიკური მსგავსებისგან თავი დაეღწია. როგორც ცნობილია, მას საკუთარი მამა სძულდა. ამის შესახებ ჰყვებიან ფილმშიც - "მაიკლი". ცნობილია ისიც, რომ ჯოზეფ ჯექსონი შვილებს ქამრით სცემდა. "თუ მას ჯოს წაშლა საკუთარი ცხოვრებიდან არ შეეძლო, სარკის ანარეკლიდან მაინც შეეძლო მისი წაშლა", - განმარტავდა მომღერლის მეგობარი.
დოქტორმა პამელა ლიპკინმა, რინოპლასტიკაზე პასუხისმგებელმა ქირურგმა, ამერიკულ გამოცემა Allure-ს განუცხადა, რომ ჯექსონი "ცარიელი ცხვირის სინდრომით" იტანჯებოდა იმ ოპერაციების გამო, რომლებმაც ორგანოს შიდა ღრუ ძლიერ დააზიანა. მისი ცხვირისთვის პირვანდელი სახის დაბრუნება უბრალოდ შეუძლებელი იყო.


მომღერალმა მდგომარეობიდან თავისებური გამოსავალი იპოვა. ამის შესახებ მისმა ერთ-ერთმა ყოფილმა თანამშრომელმა, ადრიან მაკმანუსმა ისაუბრა.
"საგარდერობოში ის ყალბი ცხვირებითა და სცენისთვის განკუთვნილი წებოთი სავსე ქილას ინახავდა. მეუბნებოდა, რომ ამ ყველაფერს შესანიღბად იყენებდა. თუმცა, ზოგიერთი მათგანი მის ნამდვილ ცხვირს ძალიან ჰგავდა", - უყვება მაკმანუსი Rolling Stone-ს.

მაიკლ ჯექსონი პერიოდულად ჩნდებოდა საზოგადოებაში ისე, რომ სახის ნაწილს ნიღბის ქვეშ მალავდა. ხმების თანახმად, მის ქვეშ ის თავის ნამდვილ, დაზიანებულ ცხვირსაც მალავდა. როდესაც ის ნიღბის გარეშე იყო, პროთეზს ისე გრიმავდნენ, რომ მომღერლის კანის იდენტურ ფერს იღებდა.
სინამდვილეში რამდენი ოპერაცია გაკეთდა ან რატომ იყო ჯექსონი გარეგნობით ასე შეპყრობილი - სამუდამოდ საიდუმლოდ დარჩება.