როდიდანაა ბავშვისთვის პირადობის მოწმობის აღება სავალდებულო და რას ნიშნავს არასრულწლოვნის რეგისტრაციის ბარათი - დეტალები - მშობლები

როდიდანაა ბავშვისთვის პირადობის მოწმობის აღება სავალდებულო და რას ნიშნავს არასრულწლოვნის რეგისტრაციის ბარათი - დეტალები

2026-06-02 10:31:54+04:00

საქართველოს მოქალაქე, რომელსაც შეუსრულდება 14 წელი, ვალდებულია 6 თვის ვადაში აიღოს პირადობის მოწმობა. პირადობის მოწმობის გაცემა ასევე შესაძლებელია 14 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქეზე, თუმცა 14 წლამდე სავალდებულო არ არის.

პირადობის ელექტრონული მოწმობა 18 წლამდე პირზე გაიცემა 4 წლის ვადით, 18 წელს მიღწეულ პირზე – 10 წლის ვადით.

მოქალაქემ, რომელიც პირველად იღებს პირადობის მოწმობას, უნდა წარმოადგინოს:

  • დაბადების მოწმობა;
  • ორი ფოტოსურათი (ფოტოსურათის გადაღებას შეძლებთ იუსტიციის სახლში, ან სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში, ფასი – 5 ლარი);

პირადობის მოწმობის გაცემის ვადა და ღირებულება

  • მე-10 სამუშაო დღეს – 60 ლარი;
  • მე-5 სამუშაო დღეს – 80 ლარი;
  • მე-3 სამუშაო დღეს – 100 ლარი;
  • მე-2 სამუშაო დღეს – 120 ლარი;
  • იმავე დღეს – 150 ლარი.

რაც შეეხება არასრულწლოვნის რეგისტრაციის ბარათს, არასრულწლოვნის რეგისტრაციის ბარათი არის დოკუმენტი, რომელშიც მითითებულია არასრულწლოვანი ბავშვის და მისი მშობლების შესახებ პერსონალური ინფორმაცია (სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი, რეგისტრაციის მისამართი).

არასრულწლოვნის რეგისტრაციის ბარათი გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ არასრულწლოვნის სახელზე არ არის გაცემული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

არასრულწლოვნის რეგისტრაციის ბარათის გაცემის თაობაზე მოთხოვნის წარმდგენი პირი (განმცხადებელი) შესაძლოა იყოს:

  • 18 წლამდე ასაკის პირის კანონიერი წარმომადგენელი;
  • კანონიერი წარმომადგენლის სათანადო წესით დამოწმებული მინდობილობის მქონე პირი.

დაინტერესებულმა პირმა არასრულწლოვნის რეგისტრაციის ბარათის მისაღებად განაცხადი უნდა წარადგინოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში, იუსტიციის სახლის ფილიალში ან მობილურ იუსტიციის სახლში.

არასრულწლოვნის რეგისტრაციის ბარათი უფასოა და გაიცემა იმავე დღეს.

ინფორმაცია ვრცლად შეგიძლიათ, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ვებგვერდზე ნახოთ.

შენიშვნა: მთავარი ფოტო ხელოვნური ინტელექტითაა დაგენერირებული და არ შეიცავს არასრულწლოვნის რეალურ მონაცემებს.

რომელ ქვეყნებში შეგიძლიათ გამგზავრება პასპორტის გარეშე, პირადობის ელექტრონული მოწმობით და რა შეღავათებით სარგებლობენ სტუდენტები პირადობის მოწმობაზე სტუდენტის სტატუსის აღნიშვნით - დეტალები
რა შემთხვევაში უნდა შეცვალოთ აუცილებლად პირადობის მოწმობა, რა ღირს მომსახურება და ვისთვის არის უფასო