„ბავშვს ზედმეტი მოფერება აფუჭებს“, – ეს ფრაზა ბევრ ოჯახში დღემდე ისმის. ზოგი მშობელი ფიქრობს, რომ ბევრი ჩახუტება და სულ ტკბილი სიტყვით საუბარი ბავშვს ზედმეტად ანებივრებს, დამოუკიდებლობას აკარგვინებს ან ზედმეტად გაათამამებს. . თუმცა თანამედროვე ფსიქოლოგია და მრავალწლიანი დაკვირვებები სრულიად საპირისპიროს აჩვენებს – ბავშვისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ უპირობო სიყვარული, სითბო და ემოციური უსაფრთხოებაა.
რატომ არის ალერსი ბავშვის ჯანსაღი განვითარების ერთ-ერთი მთავარი საფუძველი? როგორ ეხმარება მას მომავალში კეთილ, თავდაჯერებულ და ბედნიერ ადამიანად ჩამოყალიბებაში? ამ თემაზე ცნობილი პედიატრი, თსსუ პროფესორი ყარამან ფაღავა პულსი TV-თან საუბრობს და განმარტავს, რომ სიყვარული და საზღვრები ერთმანეთის საპირისპირო ცნებები არ არის – პირიქით, სწორედ მათი სწორი თანხვედრა ქმნის ბავშვის აღზრდის მყარ საფუძველს.
"ყველაზე მთავარი, ეს არის ალერსი. ზოგიერთს ჰგონია, იცით, ზედმეტი ალერსით ბავშვი გაფუჭდება — არავითარ შემთხვევაში. ზედმეტი ალერსი კი არა, ყველაფრის ნება არ უნდა მივცეთ. უნდა ვუთხრათ: „შვილო, ყველაზე მეტად შენ მიყვარხარ, შენზე უკეთესი არავინ მყავს, მაგრამ რაც არ შეიძლება, არ შეიძლება“. ალერსი, ალერსი, ალერსი...
და განსაკუთრებით მე ძალიან მიყვარს, იცით, ეს გამოთქმა კი არა, ფაქტი არის, დაკვირვება არის — ძველი ბერძნები გამოყოფდნენ სიყვარულის სხვადასხვა ტიპს. ყველაზე ცნობილი „ეროსი“ არის: „მე შენ მიყვარხარ, შენგანაც რაღაც მინდა“. მაგრამ ყველაზე კეთილშობილური სიყვარული ალბათ არის „აღაპე“. ეს არის ბებიების და პაპების სიყვარული შვილიშვილების მიმართ. არაფერი არ უნდათ მათგან, მხოლოდ და მხოლოდ მათი კარგად ყოფნა. და ადამიანი, ბავშვი, რომელიც განიცდის აი, ასეთ სიყვარულს, ასეთ უანგარო სიყვარულს, ის კიდევ უფრო კეთილშობილი გაიზრდება, უფრო კეთილი იქნება და რომ გაიზრდება, იგი სითბოს გასცემს უფრო მეტად და უფრო ბედნიერიც იქნება", - ამბობს ყარამან ფაღავა.
ბატონ ყარამანს სხვა ინტერვიუებშიც არაერთხელ აღუნიშნავს, როგორ ცვლის სითბო და ალერსი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობას და რამდენად მნიშვნელოვანია მშობლების მხრიდან შვილების მიმართ სიყვარულის ხშირი გამოხატვა:
ხშირად ვიმეორებ, მოფერება, ალერსი, სიყვარულის გამოხატვა არ ნიშნავს იმას, რომ ბავშვს ყველაფრის გაკეთების უფლება მივცეთ, უნდა ვუთხრათ, რისი გაკეთება არ შეიძლება. თუმცა, ამ დროს სპეციალური ქიმიური სუბსტანციები, სიამოვნების ჰორმონები, მაგალითად, დოფამინი, სეროტონინი, ენდორფინები, გარკვეულწილად ადრენალინიც გამოიყოფა. ბედნიერების შეგრძნებისთვის ბავშვს ეს ყველაფერი სჭირდება. გოგონა, რომელიც სიყვარულითაა გარშემორტყმული, თანატოლებთან განათებული, გაბრწყინებულია. როდესაც გრძნობს, რომ ვიღაცას უყვარს, ეს მის ფიზიკურ მდგომარეობაზეც აისახება. ჩვენი ამოცანა, პედიატრების, პედაგოგების, მთელი საზოგადოების ის არის, რომ ახალი თაობა უფრო ბედნიერი, სიხარულით სავსე იყოს და საკუთარი თავის რეალიზება შეძლოს" - აცხადებს ყარამან ფაღავადა სიმკაცრის საჭიროებასთან დაკავშირებულ შეკითხვასაც პასუხობს:
"რაც არ გვკლავს, გვაძლიერებსო, ამბობენ. მაგრამ ამ გაძლიერებაში იმდენი ენერგიის ხარჯვა სჭირდება ორგანიზმს, იქნებ ასეთი ექსტრემალური სიტუაციები არ შევუქმნათ ბავშვს. ცნობილია ნაპოლეონის ქირურგის დაკვირვება, რომელიც საველე ქირურგიის მამამთავარი გახლდათ. ის ამბობდა, რომ გამარჯვებულ ჯარისკაცებში ჭრილობები უფრო სწრაფად ხორცდებაო. წარმოგიდგენიათ, თითქოს ჭრილობა სულ არაა ტვინთან კავშირში, მაგრამ დადებითი ემოციები ამაზეც კი მოქმედებს. ძალიან ბევრი დაავადებაა, სადაც მეტნაკლებად დამტკიცებულია დადებითი ემოციები როლი. თუნდაც კუჭ-ნაწლავის დაავადებები, ასთმური და შეტევითი ხველა, კანი, სახსრები - თითქმის ყველა სისტემაში ფსიქოსომატური ფონი მონაწილეობს და მამაჩემი სწორედ ფსიქო-სომატური მიმართულების მომხრე იყო. მე უფრო ორგანიკოსი ვარ, მორფოლოგიურ, ორგანულ ცვლილებას ვუყურებ, მაგრამ რაც დრო გადის, ვხვდები, რომ მთლად ასეც არ არის, მეორე მხარესაც აქვს მნიშვნელობა. ამიტომაცაა მთელ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ექიმი ფსიქოსომატიკოსია.
გარდა ჰორმონული ცვლილებებისა, ემოციური ფონის როლს სხვა მტკიცებულებაც აქვს - ტვინიდან კუჭნაწლავამდე ცენტრალური ნერვული სისტემა, ვეგეტატიური ნერვული სისტემა, ქერქვეშა კერები, ნეიროენდოკრინული სისტემა, ნეიროიმუნური სისტემა, ნერვული წნულები კუჭ-ნაწლავში და მიკრობიოტა, იგივე კარგი ბაქტერიები - ეს ყველაფერი ჯამში, ყველაფერზე მოქმედებს და ყველა დაავადება მათი სისუსტის ფონზე უფრო მკაფიოდ და მძიმედ მიმდინარეობს.
მაგალითად, ბავშვისთვის ძალიან დიდი ტრავმაა მშობლის ავადმყოფობა და მშობლების დაცილება, მინდა ყველა მშობელს მივმართო, რომ როგორმე, რამდენადაც შესაძლებელია, ეს აიცილონ თავიდან. დამტკიცებულია, რომ სტრესი და სიამოვნების ჰორმონების დეფიციტი, სტრესული ჰორმონების სიჭარბე, იწვევს დიდ იმუნოლოგიურ დარღვევებს. ეს გამოვლინდება სიმსივნეებში, ძირითადად კი ინფექციების მიმართ მდგრადობის შემცირებაში, ხშირად ავადობაში. ამიტომ სიხარული და სიამოვნება უნდა მივანიჭოთ ერთმანეთს" - ამბობს ყარამან ფაღავა გადაცემაში "პირადი ექიმი მარი მალაზონია".