თანამედროვე მშობლობა ნამდვილ გამოცდად იქცა. ერთის მხრივ, ჩვენ გვაქვს უსაზღვრო წვდომა ინფორმაციასთან, მეორეს მხრივ კი - ყოველდღიურად გვიწევს ბრძოლა დანაშაულის განცდასთან, ეკრანდამოკიდებულებასთან, კვების რთულ არჩევანთან და გაუთავებელ შფოთვასთან: „საკმარისად კარგად ვაკეთებ თუ არა ყველაფერს?“
სად გადის ზღვარი რეალურ საფრთხეებსა და გადაჭარბებულ შიშებს შორის? რა ასაკში უნდა თქვას ბავშვმა პირველი სიტყვები, როგორ შევარჩიოთ უსაფრთხო საკვები „ქიმიით“ სავსე ბაზარზე, რატომ არ სჭირდება სრულიად ჯანმრთელ პატარას რუტინული ანალიზები? ამ და სხვა მშობლებისთვის მწვავე კითხვებზე, ინტერვიუ ცნობილ პედიატრ ნანა რურუასთან ჩავწერეთ. იმედი გვაქვს, მისი პასუხები ბევრ მშობელს დაუბრუნებს სიმშვიდეს…
- წარსულში მთავარ გამოწვევას წარმოადგენდა: ბავშვთა მაღალი სიკვდილიანობა, არასაკმარისი ვაქცინაცია, არასრულფასოვანი კვება, სამედიცინო სისტემასთან შეზღუდული ხელმისაწვდომობა. დღეს, სამედიცინო მომსახურებასთან წვდომა გაიზარდა, თუმცა ისევ გამოწვევად რჩება მედიკამენტების ჭარბი გამოყენება, ხარისხიანი მომსახურების სიმწირე, განსაკუთრებით რეგიონებში. დღევანდელ რეალობაში მთავარ გამოწვევებს ინფექციურ დაავადებებთან ერთად (განსაკუთრებით კოვიდის შემდგომ პერიოდში), წარმოადგენს ჭარბი წონა, ფიზიკური აქტივობის ნაკლებობა. ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებმაც იმატა, მათ შორის შფოთვამ, დეპრესიამ. ცალკე პრობლემაა ეკრანებთან ხანგრძლივი დროის გატარება.
- ბოლო პერიოდში მშობლები მართლაც ბევრ ინფორმაციას ეცნობიან და ბევრი კითხვაც უჩნდებათ, განსაკუთრებით, თუ ეს ინფორმაცია მათთვის ნაკლებად გასაგებ სამედიცინო ენაზეა დაწერილი. ცალკე განხილვის საგანია ის, თუ რამდენად სანდოა ესა თუ ის წყარო. ჩემი დაკვირვებით, განსაკუთრებით დიდი შფოთვის საგანს ინტელექტუალური განვითარების შეფერხება და აუტიზმის სპექტრი წარმოადგენს. ფაქტია, რომ შემთხვევები ნამდვილად იზრდება, თუმცა, მხოლოდ ეპიდემიოლოგიური მონაცემები შიშის საფუძველს არ გვაძლევს. მნიშვნელოვანია განვითარების, მათ შორის ინტელექტუალურ, პროცესზე აქტიური დაკვირვება, რასაც ემსახურება შესაბამის ასაკში გეგმური ვიზიტები პედიატრთან და განვითარების შეფასება.
ასევე, ვაქცინაცია კვლავაც ის საკითხია, რომელიც მშობლებში ბევრ კითხვას და შფოთვას იწვევს და ხშირად მათ მიერვე უსამართლოდ დაკავშირებულია აუტიზმის სპექტრის დარღვევებთან.
- იმის თქმა, რომ ბავშვები დღეს უფრო გვიან იწყებენ ლაპარაკს, ვიდრე ადრე, არ იქნება სამართლიანი. საქმე ისაა, რომ მეტყველების შეფერხება უფრო ხშირად დიაგნოსტირდება, რასაც ხელს უწყობს ცნობიერების გაზრდა საკითხზე და სკრინინგი, რომელიც უკვე ვახსენეთ. ეს ქმნის შთაბეჭდილებას, რომ მეტყველების განვითარების ასაკობრივმა ნორმებმა გადაიწია. შესაბამისად, დღეისთვის არსებული ნორმები არ საჭიროებს გადახედვას და კორექტირებას.
- ორი წლის ასაკისთვის 10 სიტყვა ცოტაა. რეკომენდებული რაოდენობაა 50 ან მეტი სიტყვა. თუმცა, მხოლოდ სიტყვების რაოდენობა არ განსაზღვრავს მეტყველების განვითარებას. ორი წლის ასაკისთვის ბავშვმა უნდა დაიწყოს ორი შინაარსობრივად დაკავშირებული სიტყვის წარმოთქმა, მაგალითად, “წითელი ბურთი” ან “მომე ბურთი”. ეს მეტყველების განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპია. გარდა წარმოთქმისა, მნიშვნელოვანია სიტყვების და ფრაზების მნიშვნელობის გააზრებაც - ამ ასაკისთვის ბავშვები იწყებენ ორსაფეხურიანი სიტყვიერი დავალებების შესრულებას. მაგ., “აიღე და მომაწოდე”. ამ ყველაფრის შეფასება ხდება გეგმურ პედიატრიულ ვიზიტზე და პედიატრი იღებს გადაწყვეტილებას, საჭიროებს თუ არა პაციენტი დამატებით მეტყველების სპეციალისტის მიერ შეფასებას.
- პანდემიის შემდგომი სოციალიზაციის ნაკლებობა ქართულ რეალობაში ნაკლებად გვხვდება. რაც შეეხება ეკრანდამოკიდებულებას, ის სერიოზული პრობლემაა, განსაკუთრებით ადრეული ბავშვობის წლებში. ორ წლამდე გაჯეტების/ეკრანის გამოყენება არ არის რეკომენდებული. ეს ის პერიოდია, როცა განვითარება, მათ შორის მეტყველების, ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპებს გადის. ეკრანდამოკიდებულება კი მნიშვნელოვნად აბრკოლებს ამას. 2-5 წლის ასაკში შეზღუდული დროით - დაახლოებით 1 სთ-ით ეკრანის გამოყენება ნებადართულია, თუმცა გასათვალისწინებელია იმ პროგრამის შინაარსი და ხარისხი, რასაც ბავშვი უყურებს. ის უნდა იყოს მაღალი ხარისხის და საგანმანათლებლო ხასიათის.
- უკვე არაერთხელ გავუსვით ხაზი, რა დიდი მნიშვნელობა აქვს გეგმურ პედიატრიულ ვიზიტებს. რაც შეეხება სიხშირეს, ეს რეკომენდაციები მრავალ კვლევაზე დაყრდნობით არის შექმნილი. ბუნებრივია, პირველი წლები უფრო აქტიურ მონიტორინგს საჭიროებს, შედარებით უფროს ასაკში კი უფრო იშვიათად უწევთ პაციენტებს გეგმურ ვიზიტზე მოსვლა. ამერიკის პედიატრთა ასოციაციის რეკომენდაციის მიხედვით, პირველი ვიზიტი პედიატრთან დაბადებიდან მალევე, 3-5 დღეში ხდება. შემდგომი ვიზიტებია 1, 2, 4 თვის ასაკში. შემდეგი, 6 თვეზე - ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი, რადგან ბავშვი ამ ასაკიდან ეტაპობრივად გადადის მყარ კვებაზე. მომდევნო ვიზიტები 2.5 წლის ასაკამდე (9, 12, 15,18, 24 თვეებზე) ორიენტირებულია ზრდა-განვითარების შეფასებაზე. სამი წლიდან კი წელიწადში ერთი ვიზიტიც საკმარისია ბავშვის ჯანმრთელობის შესაფასებლად.
- არასწორია წარმოდგენა, რომ ჯანმრთელი ბავშვები რუტინულად საჭიროებენ ლაბორატორიულ კვლევებს. თუ ბავშვი ჯანმრთელია, უსიმპტომო, იკვებება ადეკვატურად და იღებს საპრევენციო დოზით D ვიტამინს, მას არ ჭირდება დამატებითი კვლევები. ყველა კვლევას გააჩნია თავისი ჩვენება და, ბუნებრივია, ამ ჩვენების არსებობისას აუცილებლად ინიშნება შესაბამისი ლაბორატორიული კვლევა. ერთ გამონაკლისად შეიძლება გამოვყოთ ტყვიის განსაზღვრა, რადგან საქართველო შედარებით მაღალი რისკის რეგიონებში შედის, რეკომენდებულია 6 წლამდე ასაკში ერთხელ მაინც იქნას ჩატარებული ეს სკრინინგი.
- ერთადერთი გეგმური კონსულტაცია, რომელიც შეიძლება დაგვჭირდეს, ეს არის ორთოპედის კონსულტაცია გოგონებისთვის ( სასურველია სამი თვის ასაკამდე), განსაკუთრებით პირველი შვილებისთვის, რადგან მენჯ-ბარძაყის დისპლაზიის განვითარების რისკი მათ მეტი აქვთ. ზოგიერთ განვითარებულ ქვეყანაში ორთოპედის კონსულტაცია რეკომენდებულია ვაჟებისთვისაც.
სხვა სპეციალისტების გეგმური კონსულტაციის საჭიროება არ არსებობს და მათთან მიმართვა ხდება მხოლოდ შესაბამისი ჩვენების საფუძველზე.
- მიანიჭეთ უპირატესობა სეზონურ პროდუქტს (ხილს, ბოსტნეულს), სეზონური პროდუქტი ნაკლებ კონსერვანტებსა და დანამატებს შეიცავს. მოერიდეთ გაზიან სასმელებს, ფერად ტკბილეულს. კარგად გარეცხეთ ხილი და ბოსტნეული. მიაქციეთ ყურადღება პროდუქტის შეფუთვას, ეტიკეტს, ინგრედიენტებს.
აბსოლუტურად უსაფრთხო, იზოლირებული პროდუქტის პოვნა საკმაოდ რთულია. რა თქმა უნდა, არსებობს მაქსიმალურად უსაფრთხო რაციონი. ეს მოიცავს ჯანსაღ, დაბალანსებულ და შეძლებისდაგვარად უსაფრთხო კვებას. ამის უზრუნველყოფა სავსებით შესაძლებელია სწორი სეზონური პროდუქტების შერჩევითა და ზედმეტად გადამუშავებული პროდუქტების შეზღუდვით.
- ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში საწარმო, სადაც იქმნება ბავშვთა კვების პროდუქტები, მკაცრი კონტროლის ქვეშაა. მთელი საწარმოო პროცესი, ინგრედიენტების მოყვანიდან მზა პროდუქტის მიღებამდე, ყველა საფეხურზე ზედმიწევნით მოწმდება. შესაბამისად, ქილაში დაფასოებული პროდუქტების ხარისხის ეჭვქვეშ დაყენება არასწორია, თუ ის იწარმოება რომელიმე მაღალგანვითარებულ ქვეყანაში, მაგალითად, ევროპის ქვეყნებში.
სახლში მომზადებული საკვები შეიძლება ისეთივე უსაფრთხო იყოს, როგორც ქილის. თუმცა, ოჯახი ამ შემთხვევაში მხოლოდ მზადების პროცესს აკონტროლებს და არ აქვს ინფორმაცია თავად პროდუქტის ხარისხის შესახებ - მისი მოყვანის, შენახვის, ტრანსპორტირების პირობებზე. თუ ოჯახს თავად მოჰყავს ხილი და ბოსტნეული ან დარწმუნებულია მის ხარისხში, მაშინ ასეთი საკვები არაფრით ჩამოუვარდება დაფასოებულს. იგივე შეიძლება ითქვას ხორცპროდუქტებზე.
ასე რომ, ცალსახად ვერ ვიტყვით, რომელი ჯობია, ქილის თუ სახლში მომზადებული საკვები. თუმცა, თუ საუბარია ბაზარში ნაყიდ პროდუქტებზე, ამ შემთხვევაში ჩემი პოზიცია უფრო ქილის პროდუქტების სასარგებლოდ იხრება.
- დედის რძე იდეალურია, თუმცა თანამედროვე ადაპტირებული ნარევები (ფორმულები) უმაღლესი ხარისხისაა და ბავშვს აძლევს ყველაფერს, რაც სჭირდება ჯანსაღი ფიზიკური და გონებრივი განვითარებისთვის. დანაშაულის განცდა მხოლოდ იმაზე მეტყველებს, თუ როგორ გიყვართ საკუთარი შვილი. გახსოვდეთ, ბავშვისთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანია მშვიდი, თბილი და ბედნიერი გარემო, ვიდრე კვების მეთოდი.
- განტვირთვა და დასვენება ბავშვებისთვისაც მნიშვნელოვანია. თუმცა, სად, როდის, რომელ სეზონზე ან რა ხანგრძლივობით, სამედიცინო კუთხით ნაკლებად განისაზღვრება. ეს უფრო გემოვნების და შესაძლებლობების საკითხია. თუ ბავშვს ან მის ოჯახს მთაში ან სოფელში დასვენება ურჩევნია ზღვაზე ყოფნას, ისევე როგორც მე, ამით არაფერი შავდება. იგივე შეიძლება ითქვას საპირისპირო შემთხვევაშიც.
- გარკვეული აქტივობები ბავშვის განვითარებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. გასათვალისწინებელია ის, რომ ბავშვის ნერვული სისტემა ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია, ამიტომ ძალიან გადატვირთული გრაფიკი მის ორგანიზმს მუდმივ სტრესში ამყოფებს. ქრონიკული გადაღლა და სტრესი მოქმედებს იმუნურ სისტემაზეც, ბავშვი ხდება უფრო მოწყვლადი ვირუსების და სხვა მიკროორგანიზმების მიმართ. მნიშვნელოვანია დავიცვათ ბალანსი აუცილებელ აქტივობებსა და გადატვირთვას შორის.
მთავარი წესი: ჯანმრთელი განვითარებისთვის ბავშვს სჭირდება ბალანსი, ხარისხიანი ძილი, ჯანსაღი კომუნიკაცია, და დრო უბრალოდ დასვენებისთვის.
- მთავარი ოქროს წესია „უსაფრთხოება და სიმშვიდე“- ეს წესი ბავშვის ჰარმონიული განვითარების საფუძველს წარმოადგენს. უსაფრთხოება არ ნიშნავს ბავშვის შეზღუდვას. ეს ნიშნავს ფიზიკურად და ემოციურად უსაფრთხო და მშვიდ გარემოს.
ბავშვის ნერვული სისტემა პირდაპირ კავშირშია მშობლის ემოციურ ფონთან.
ნინო გიგიშვილი