საქართველოში დენგეს ვირუსი დაფიქსირდა. ამის შესახებ, რამდენიმე დღის წინ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა. მისი თქმით, ვირუსი ერთ პირს დაუდასტურდა. ცნობილია, რომ დენგეს ვირუსი კოღოს ნაკბენით გადადის და მას სხვადასხვა გამოხატული სიმპტომი ახასიათებს. ივანე ჩხაიძე გადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო" ვრცლად საუბრობს, რამდენად საშიშია ეს ვირუსი, არსებობს თუ არა მასშტაბურად გავრცელების საფრთხე და რა უნდა გავითვალისწინოთ თავის დასაცავად:
- პირველ რიგში, რამდენიმე ციფრს მოვიშველიებ. იმის პასუხად, გვაქვს თუ არა სანერვიულო, ეს ციფრები ალბათ ყველაზე მეტყველია. 2025 წლის მონაცემებით, მთელ ევროპაში დენგეს ვირუსის სულ 35 შემთხვევა დაფიქსირდა, თუმცა აქ მთავარი ის არის, რომ ოცდათხუთმეტივე შიდა გავრცელების შემთხვევა იყო. მათ შორის ყველაზე მეტი - 29 შემთხვევა საფრანგეთში, ხოლო 6 იტალიაში გამოვლინდა. შესაბამისად, ევროპისთვის ეს პრობლემა სერიოზული და მნიშვნელოვანი არ არის. ამ თვალსაზრისით, ჯანმოს მიერ ყველაზე მეტად გამოყოფილი სამი ქვეყანა ბრაზილია, არგენტინა და მექსიკაა, სადაც 2024 წელს ყველაზე მეტი შემთხვევა აღირიცხა. რაც შეეხება საქართველოს, რადგან დენგეს ვირუსს კარგად არ ვიცნობთ, გვგონია, რომ ეს მაღალი ლეტალობის გამომწვევი, მძიმე ვირუსია, თუმცა საქართველოში დენგეს ვირუსის შემთხვევებს უკვე 10 წელია ვაფიქსირებთ. დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა პირველი შემთხვევა 2016-2017 წლებში აღრიცხა, მაგრამ მას შემდეგ საქართველოში შიდა გადადების არც ერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა. ყველა ეს შემთხვევა შემოტანილი იყო, როდესაც ადამიანი საქართველოს ფარგლებს გარეთ დაინფიცირდა და ქვეყანაში შემდეგ შემოვიდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია. ევროპისთვის, ამ მცირერიცხოვანი ციფრების მიუხედავად, შიდა გადაცემა მაინც მეტ-ნაკლებად საგანგაშო და ყურადსაღები მაჩვენებელია. ამიტომ, საუბარი იმაზე, რომ დენგე ქვეყანაში საზოგადოებრივი ჯანმრთელობის თვალსაზრისით რაიმე პრობლემას შექმნის, სრულიად ზედმეტია. დღეისათვის იმის საფუძველი, რომ ეს ერთი შემთხვევა გავრცელების ან ეპიდემიური აფეთქების წყარო გახდება, ნამდვილად არ გვაქვს.
-ეს ალბათ ერთ-ერთი მთავარი კითხვაა, ვინაიდან, როდესაც ვირუსებზე ვლაპარაკობთ, ბევრ მათგანს მსგავსი სიმპტომატიკა აქვს. მაგალითად - ცხელება, თავის ტკივილი და კუნთების ტკივილი. თუმცა, ამ ვირუსს, ჩამოთვლილის გარდა, ორი, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი სიმპტომი გამოარჩევს. პირველი თვალების უკანა ნაწილში არსებული ტკივილია - ანუ თავად თვალი კი არ ტკივა, არამედ თვალების უკანა არეა მტკივნეული. მეორე მხრივ, ამ ვირუსს სხვანაირად ძვლების მტეხავი ცხელების გამომწვევ ვირუსსაც ეძახიან. ძვლების ტკივილი იმდენად ძლიერია, რომ ადამიანს ძვალი მოტეხილი ჰგონია. ძვლების არეში ასეთი მკვეთრად გამოხატული ტკივილი სხვა ვირუსებს არ ახასიათებს. თუ ამ ყველაფერს კანზე გამონაყარსა და პერიფერიული ლიმფური ჯირკვლების შეშუპებასაც დავუმატებთ, გარკვეული განმასხვავებელი ნიშნები, რა თქმა უნდა, გამოიყოფა.
- ესეც ალბათ ერთ-ერთი დამამშვიდებელი ფაქტორია. როდესაც ვირუსის გადაცემის პირდაპირი, განსაკუთრებით კი ჰაერ-წვეთოვანი გზა არსებობს, ინფიცირებული ადამიანი ახველებს, აცემინებს, ვირუსს გარემოში გამოყოფს და ჩვენთვის კარგად ნაცნობი გრიპის ან მსგავსი ვირუსების გავრცელება, რა თქმა უნდა, იოლია, ხოლო ინფიცირების მაჩვენებელი - მაღალი. დენგეს შემთხვევაში კი რამდენიმე პირობა უნდა იყოს დაცული. პირველი: ადამიანის სისხლში არსებული ვირუსის კონცენტრაცია მხოლოდ მოკლე პერიოდის განმავლობაშია იმ რაოდენობის, რომ კოღოს კბენის შემდეგ ვირუსი კოღოს გადაეცეს. ეს პერიოდი სულ 4-5 დღეს გრძელდება - სიმპტომების გამოჩენამდე 2 დღით ადრე და სიმპტომების გამოჩენიდან 3-4 დღის განმავლობაში. ადამიანის ავადობის პერიოდში ეს არის ყველაზე საშიში დრო. მეორე ფაქტორი თავად კოღოა, რომელმაც ადამიანს ზუსტად ამ ხანმოკლე დროის განმავლობაში უნდა უკბინოს და არა ზოგადად, დაავადების მიმდინარეობისას. მესამე ფაქტორი კი ის არის, რომ კბენის შემდეგ კოღო სხვა ადამიანისთვის საშიში მხოლოდ დაავადებულის კბენიდან 12-13 დღის შემდეგ ხდება. ვირუსი კოღოს სანერწყვე ჯირკვალს სწორედ ამ დროისთვის აღწევს. ამის შემდეგ, კოღო ნებისმიერ ჯანმრთელ ადამიანს თუ უკბენს (და ამისთვის ერთი კბენაც საკმარისია), დენგეს ვირუსი ჯანმრთელ ადამიანს გადაეცემა. ანუ, ეს კომპონენტები გადაცემის პროცესს გარკვეულწილად ართულებს, რაც ჩვენთვის ძალიან პოზიტიური სიგნალია, ვინაიდან დაავადების ნებისმიერ პერიოდში კოღოს ნებისმიერი კბენა საშიში ყოველთვის არ არის.
- ის კლინიკური სურათი, რაც ზემოთ ჩამოვთვალეთ, ყოველთვის ასე გაშლილი არ არის. ადამიანს შეიძლება ეს ვირუსი ჰქონდეს, ისე გადაიტანოს, რომ ამ დაავადების არსებობაზე ეჭვიც ვერ მიიტანოს. ამიტომ, აქ ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია, თუ რა სტატუსით მიმდინარეობს სახლში მკურნალობა. თუ ჩვენ ზოგადად ცხელებას, კუნთებისა და თავის ტკივილს ვმკურნალობთ, რა თქმა უნდა, არ ვამბობთ, რომ ასეთ შემთხვევებში ეჭვი ამ ვირუსზე მიიტანოთ და ექიმს მაშინვე მიმართოთ. თუმცა, დღეისათვის ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორად სხვა ქვეყანაში მოგზაურობა უნდა ჩავთვალოთ. დღეს ეს ვირუსი მსოფლიოს 90-მდე ქვეყანაშია გავრცელებული. არსებობს რეგიონები, სადაც მაჩვენებელი უფრო მაღალია, მაგალითად - სამხრეთ ამერიკა და აზიის ქვეყნები (ევროპის ციფრები უკვე დავასახელეთ). ამიტომ, თუ სხვა ქვეყნიდან ჩამოხვედით და ჩამოსვლისთანავე ეს ნიშნები გამოგაჩნდათ, დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, მაინც ფრთხილად და ყურადღებით უნდა ვიყოთ, ხომ არ გამოვლინდება რაიმე დამატებითი სიმპტომი, რაც მიგვითითებს, რომ ეს მხოლოდ გაციება არ არის და მის უკან შეიძლება ეს ვირუსი იდგეს. ამ დროს სამედიცინო დაწესებულებისთვის დროული მიმართვა ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ადეკვატური და შესაბამისი მართვის პირობებში დენგეს ვირუსი ძალიან დაბალი ლეტალობით ხასიათდება – მონაცემები 0.25%-დან 1%-მდე მერყეობს. ასე რომ, ეს მაღალი ლეტალობის გამომწვევი დაავადება არ არის. გართულება, რაც ხშირ შემთხვევაში შემდეგ უკვე ლეტალობას იწვევს, 100-დან მხოლოდ 5 შემთხვევაში შეიძლება დაფიქსირდეს. მძიმე მიმდინარეობისა და გართულებების ალბათობა შედარებით ნაკლებია. ადეკვატური მართვა და სამედიცინო დაწესებულებაში შესაბამისი მეთვალყურეობა არის პირობა იმისა, რომ პროცესი სრული გამოჯანმრთელებით დასრულდება. ანუ, ჩვენ არ ვამბობთ, რომ დენგეს ყველა შემთხვევა აუცილებლად უნდა გართულდეს და დამძიმდეს.
- რაღაც უნივერსალური რეცეპტი არ არსებობს, ვინაიდან აქ იმაზე საუბარი, რომ კონკრეტული პირობები ან რისკ-ფაქტორები არსებობს, ალბათ, სწორი არ იქნება. ორი რისკ-ფაქტორი - უფრო სწორად, ერთი რისკ-ფაქტორი არსებობს, ოღონდ სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფს გამოყოფენ: ესენი მცირე ასაკის ბავშვები და 65 წელს გადაცილებული მოსახლეობაა. აი, ამ პირებში, იმუნური სისტემის გარკვეული არასრულფასოვნების გამო, შესაძლებელია დაავადება უფრო მძიმედ მიმდინარეობდეს. ამ ვირუსს სპეციფიკური მკურნალობა არ გააჩნია. საბედნიეროდ, ვაქცინა არსებობს - დღეისათვის ორი სხვადასხვა ტიპის ვაქცინაა ავტორიზებული. იმ ქვეყნებში, სადაც ეს ვირუსია გავრცელებული, ამ ვაქცინას წარმატებით იყენებენ. ასე რომ, პროფილაქტიკა და პრევენცია შესაძლებელია, თუმცა მკურნალობა მხოლოდ და მხოლოდ სიმპტომურია.
- ამისთვის ქვეყანაში ძალიან დიდი კომფორტი გვაქვს და ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან თუ რეგიონთან შედარებით, ბევრად განსხვავებული სიტუაციაა. ჩვენ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი და ლუგარის ლაბორატორია გვაქვს. ესე იგი, ლუგარი არის ის დაწესებულება, რომელიც ამ ინფორმაციას გვაწვდის. ლუგარის დონე, ლაბორატორიის დონე - როგორც მესამე დონის ლაბორატორია გვაძლევს შესაძლებლობას, რომ ასეთ ვირუსებზეც ყოველთვის მივიღოთ პასუხი, არის თუ არა ეს ვირუსი ადამიანის ორგანიზმში. ასე რომ, მისი დიაგნოსტირებისთვის - თუ, რა თქმა უნდა, კლასიკური ნიშნები არ ვლინდება, რაზეც ზემოთ აღვნიშნე, მაგალითად: ძლიერი ტკივილი ძვლების არეში, ღებინება, თვალების უკანა ნაწილის ტკივილი, გამონაყარი და ასე შემდეგ, ნებისმიერ შემთხვევაში მისი ლაბორატორიული დადასტურებაა საჭირო. ამის მეთოდები არსებობს - ეს არის პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია, ანტიგენის აღმოჩენა, ანტისხეულების ტესტი. სხვადასხვა პერიოდში სხვადასხვა მეთოდი კეთდება, მაგრამ მთავარია, რომ დიაგნოსტიკა შესაძლებელია. ანუ, ჩვენ ისე არ ვართ, რომ გამოვიცნოთ, არის თუ არა. არავითარი გამოცნობა საჭირო არ არის. საეჭვო შემთხვევაში შესაბამის დაწესებულებას უნდა მივმართოთ და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი სწრაფად გვეტყვის პასუხს, არის თუ არა ეს ვირუსი ადამიანის ორგანიზმში.
- ეცადეთ, დასასვენებლად ბრაზილიასა და მექსიკაში ნუ წახვალთ. არა მგონია, ეს საქართველოსთვის ტიპიური ტურისტული მიმართულებები იყოს. დანარჩენი კი, რა თქმა უნდა, არის ის რჩევები, რომლებსაც ყოველთვის ვიძლევით - მიუხედავად იმისა, დენგეზე ვსაუბრობთ თუ ზაფხულის პერიოდზე, რჩევა ერთი და იგივეა. კოღო საქართველოში ყოველთვის არის (და არა მარტო საქართველოში) და ჩვენი ქვეყნისთვის მისი აქტიურობა ზუსტად იმ პერიოდს ემთხვევა, რომელიც ახლა იწყება. ეს არის ზაფხული და სექტემბერი - აი, ეს ოთხი თვე ამ თვალსაზრისით ყველაზე მნიშვნელოვანია. ამისთვის პირველი და ალბათ ყველაზე პრაქტიკული რჩევაა: ეცადეთ საღამოს, როდესაც ბავშვი სასეირნოდ გაგყავთ, იგი მკლავებისა და წვივების დაცვის გარეშე არ იყოს. ეს არის ჩვეულებრივი გრძელსახელოებიანი პერანგი და შარვალი, რომელიც ფეხებს მთლიანად დაფარავს - ძალიან მარტივია. ასევე, რჩევაა გამოიყენოთ (ვინაიდან უამრავი შესაძლებლობა არსებობს) კანის დასაფარად ის მალამოები, კრემები და სპრეი, რომლებიც კოღოსსაწინააღმდეგო ეფექტურობით ხასიათდებიან. ეს არის და ეს. და კიდევ ერთი, რასაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ამბობს და რაც, ალბათ, ძალიან მნიშვნელოვანია: გარდა იმისა, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ - პარკი, ბაღი და ეზო არსებობს ინფიცირების კიდევ ერთი წყარო, რომელიც საქართველოში აქტუალური აღმოჩნდა. ეს არის მეორადი საბურავების მაღაზიები და ის ადგილები, სადაც მეორადი საბურავები იყიდება, ოღონდ ღია გარემოში (არა დაცულ სივრცეში, არამედ ღიად). აი, საბურავში ჩასული წყალი, შემდგომში მზის სხივებზე, ზუსტად იმ იდეალურ გარემოს ქმნის, რომელიც კოღოს ცხოველმყოფელობისთვის ყველაზე ხელსაყრელია. ამიტომ, მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ სახლის გვერდით დაგუბებული წყალი არ იყოს. მცირე სათავსოში წყლის მოთავსება და მისი ღამის განმავლობაში დატოვება სასურველი არ არის. ანუ, წყლის რეზერვუარები მინიმუმამდე უნდა დავიყვანოთ. წყლის არსებობა კოღოსთვის გამრავლების შესაძლებლობაა და მისი ცხოველმყოფელობისთვის იდეალურ პირობებს ქმნის, ასე რომ, ეს გარემოც მაქსიმალურად უსაფრთხო უნდა იყოს.