"გადამწვარი დიასახლისის სინდრომი" - როგორ უნდა ამოიცნოთ, რით აზიანებს ჯანმრთელობას და როგორ უნდა უშველოთ თავს - მშობლები

"გადამწვარი დიასახლისის სინდრომი" - როგორ უნდა ამოიცნოთ, რით აზიანებს ჯანმრთელობას და როგორ უნდა უშველოთ თავს

2026-06-03 13:54:12+04:00

"მთელი დღე სახლში ზიხარ, რა გღლის?“ – ეს ფრაზა იმ ქალებს, რომლებმაც სამსახურზე უარი თქვეს და დრო ოჯახის მოვლას დაუთმეს, ერთხელ მაინც მოუსმენიათ. ერთი შეხედვით, შეიძლება ჩანდეს, რომ დიასახლისის ყოველდღიურობა განსაკუთრებულ დატვირთვას არ მოითხოვს, თუმცა რეალობა სრულიად განსხვავებულია.

საშუალოდ, ბავშვების აღმზრდელი და საოჯახო საქმეებით დაკავებული ქალი კვირაში დაახლოებით 70 საათს ხარჯავს სხვადასხვა მოვალეობის შესრულებაზე. ეს თითქმის ორჯერ აღემატება სტანდარტულ სამუშაო კვირას, იმ განსხვავებით, რომ ამ შრომისთვის ანაზღაურება არ არსებობს. ანაზღაურება კი არა, ხშირად ამ შრომის დამნახავიც არ არსებობს.

ყოველდღიურად ერთი და იმავე საქმეების შესრულება — საჭმლის მომზადება, სახლის დალაგება, ბავშვების სკოლაში ან ბაღში წაყვანა, მეცადინეობა და უამრავი სხვა პასუხისმგებლობა, ხშირად ქალის ფსიქიკურ ჯანმრთელობასაც აზიანებს.

აქვე გავითვალისწინოთ ანაზღაურების, კარიერული პერსპექტივების და ხშირად ახლობლების მხრიდან დაფასების არარსებობა, მივიღებთ მდგომარეობას, რომელსაც „გადამწვარი დიასახლისის სინდრომს“ უწოდებენ.

რა არის „გადამწვარი დიასახლისის სინდრომი“?

გადამწვარი დიასახლისის სინდრომი ემოციური მდგომარეობაა, რომლის დროსაც ქალი, რომელმაც ოჯახზე ზრუნვა ცხოვრების მთავარ საქმიანობად აქცია, მუდმივად განიცდის სევდას, გაღიზიანებას, ბრაზს, იმედგაცრუებასა და უიმედობას.

მდგომარეობა ხშირად დაკავშირებულია სრულყოფილებისკენ სწრაფვასთან. ქალი ცდილობს ერთდროულად იყოს იდეალური მეუღლე, დედა, მზარეული, დიასახლისი და ოჯახის ორგანიზატორი. როდესაც ის საკუთარ თავზე დაკისრებულ ან სხვებისგან წამოსულ მოლოდინებს ვერ აკმაყოფილებს, იწყება ემოციური გადაწვა, რომელიც დროთა განმავლობაში შესაძლოა დეპრესიაშიც გადაიზარდოს.

პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ მოლოდინები და რეალობა ერთმანეთთან ხშირად არ ემთხვევა. შეუძლებელია ყოველთვის იდეალურად გამოიყურებოდე, სახლი მუდამ უნაკლოდ სუფთა იყოს და ბავშვები მხოლოდ საუკეთესო შედეგებს არწევდნენ. ქალი უამრავ ძალისხმევას დებს, თუმცა შედეგი ყოველთვის ისეთი არ არის, როგორსაც ელოდება. ამის გამო მას უჩნდება განცდა, რომ ყველაფერს არასწორად აკეთებს.

სრულყოფილების მიღწევის მცდელობაში ის საკუთარ საჭიროებებს უგულებელყოფს — როგორც ფიზიკურს, ისე ემოციურსა და სოციალურს. ხშირად ივიწყებს საკუთარ სურვილებს, ინტერესებსა და მიზნებს, მათ შორის სამსახურში დაბრუნების ან პროფესიული განვითარების სურვილსაც.

როგორ გაჩნდა ეს ტერმინი?

„გადაღლილი დიასახლისის სინდრომი“ პირველად ამერიკელმა მწერალმა და საზოგადო მოღვაწემ ბეტი ფრიდანმა ახსენა თავის ცნობილ წიგნში „ქალურობის გამოცანა“.

ის 1950-იანი წლების ამერიკელი ქალების გამოცდილებას აღწერდა. მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ბევრი ქალი, რომელიც მანამდე მუშაობდა, იძულებული გახდა სახლში დაბრუნებულიყო და მხოლოდ ოჯახზე ეზრუნა. ბევრ მათგანსგანუვითარდა დეპრესია და მუდმივი დაღლილობა.

იმ პერიოდის მედიცინა პრობლემის მიზეზების გააზრებისა და ქალებისთვის თვითრეალიზაციის შესაძლებლობების შეთავაზების ნაცვლად ხშირად მხოლოდ ანტიდეპრესანტების დანიშვნით შემოიფარგლებოდა, რაც პრობლემას კიდევ უფრო აღმავებდა.

1964 წელს ფსიქოლოგმა ერიკ ბერნმა ეს მდგომარეობა თავის წიგნში „თამაშები, რომლებსაც ადამიანები თამაშობენ“ აღწერა. მისი მოსაზრებით, გადაღლილი დიასახლისი ხშირად არის ქალი, რომელიც მკაცრი და მუდმივად კრიტიკული მშობლების გარემოში გაიზარდა.

ბავშვობაში მოსმენილი მოთხოვნები და კრიტიკა დროთა განმავლობაში შინაგან წესებად იქცევა. ამიტომ ზრდასრულ ასაკშიც ქალი საკუთარი თავის მიმართ იმავე მკაცრ სტანდარტებს ინარჩუნებს. სიტუაცია განსაკუთრებით რთულდება მაშინ, როდესაც მისი პარტნიორიც ოჯახში სწორედ ასეთ მოდელს იყო მიჩვეული და მეუღლისგან სრულყოფილებას მოელის.

გადაღლილი დიასახლისის სინდრომის ნიშნები

ამ მდგომარეობისთვის დამახასიათებელია მუდმივი დაღლილობის განცდა, მაშინაც კი, როდესაც კონკრეტულ დღეს მძიმე საოჯახო საქმეები არ შეგისრულებიათ.

ხშირად ქრება ინტერესები და სურვილები — ადამიანს აღარ სურს არაფერი ახალი, აღარ ახარებს ის, რაც ადრე სიამოვნებას ანიჭებდა.

მნიშვნელოვანი ნიშანია პერფექციონიზმიც. თუ საქმე იდეალურად არ შესრულდა, ქალს ეჩვენება, რომ ის საერთოდ ცუდად გაკეთდა.

ხშირად ჩნდება სოციალური იზოლაციის განცდა. ქმარს სამსახური აქვს, ბავშვებს — ბაღი ან სკოლა, თავად კი გრძნობს, რომ საზოგადოებისგან მოწყვეტილია, მაშინაც კი, როდესაც რეალურად ასე არ არის.

ზოგჯერ ქალი საკუთარი მიღწევების ნაკლებობის კომპენსირებას შვილების წარმატებებით ცდილობს. ამის გამო ბავშვები უამრავ დამატებით წრეზე და აქტივობაზე დაჰყავს, რადგან ფიქრობს, რომ სწორედ ასე იქცევა იდეალური დედა.

რატომ არის ეს მდგომარეობა საშიში?

ემოციური ჯანმრთელობა

პირველ რიგში, ეს სინდრომი ქალის ფსიქოემოციურ მდგომარეობაზე მოქმედებს. ხანგრძლივმა ემოციურმა გადაღლამ შესაძლოა ნამდვილი დეპრესია გამოიწვიოს, რომლის დაძლევაც სპეციალისტის დახმარების გარეშე რთული ხდება.

ფიზიკური ჯანმრთელობა

როდესაც ადამიანი მუდმივად სხვებზე ზრუნავს, საკუთარი ჯანმრთელობა ხშირად უკანა პლანზე გადადის. ბევრი ქალი ექიმთან ვიზიტს გადადებს, ყურადღებას არ აქცევს ტკივილსა და ორგანიზმში მიმდინარე ცვლილებებს, რაც ჯანმრთელობის პრობლემების გამწვავებას იწვევს.

ურთიერთობები

მუდმივი დაძაბულობის მდგომარეობაში მყოფ ადამიანს უჭირს პარტნიორთან და შვილებთან თბილი, მჭიდრო ურთიერთობების შენარჩუნება. მიუხედავად იმისა, რომ ქალი ცდილობს იყოს მზრუნველი, მოსიყვარულე და ყურადღებიანი, დაგროვილი დაღლილობა და ჩახშობილი აგრესია საბოლოოდ მაინც პოულობს გამოსავალს და ურთიერთობებზე უარყოფითად აისახება.

როგორ დავეხმაროთ საკუთარ თავს?

თუ საკუთარ თავში ამ მდგომარეობის ნიშნებს ამჩნევთ, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია სპეციალისტთან კონსულტაცია. ეს დაგეხმარებათ გამოირიცხოს როგორც ფიზიკური დაავადებები, ასევე ისეთი ფსიქოლოგიური პრობლემები, როგორიცაა დეპრესია.

ეცადეთ მეტი დრო დაუთმოთ საკუთარ თავს. ახალი ჰობი, საყვარელი საქმიანობის განახლება ან ინტერესების აღმოჩენა ცხოვრების მიმართ ინტერესის დაბრუნებასა და თვითრეალიზაციის განცდის გაძლიერებაში დაგეხმარებათ.

სასარგებლოა ფიზიკური აქტივობაც. სპორტი ხელს უწყობს დოფამინის გამომუშავებას, რაც განწყობას აუმჯობესებს და სტრესის შემცირებას უწყობს ხელს.

მნიშვნელოვანია სოციალური კავშირების შენარჩუნებაც. ახალგაზრდა დედები ხშირად მარტო რჩებიან, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სამეგობროში პირველები ხდებიან მშობლები. ძველი მეგობრული ურთიერთობების აღდგენა ან ახალი ნაცნობების გაჩენა ემოციური კეთილდღეობისთვის დიდი მხარდაჭერაა.

და ბოლოს, მიეცით საკუთარ თავს უფლება, არ იყოთ იდეალური. ზოგჯერ სჯობს სადილად პიცა შეუკვეთოთ, ვიდრე მთელი საღამო რთული კერძების მომზადებას დაუთმოთ. დაზოგილი დრო ოჯახთან ურთიერთობისთვის გამოიყენეთ — პარტნიორთან და შვილებთან ხარისხიანი კომუნიკაცია ფსიქიკურ ჯანმრთელობასაც აძლიერებს და ურთიერთობებსაც ამყარებს.

რომ დაფიქრდეთ, ხალხო, ქალები რამდენ რამეს ვაკეთებთ... და არ გვიფასდება, კიდევ უსაქმურად გთვლიან... ყველაფერს ნუ უჯერებთ, რასაც სოციალურ ქსელში ხედავთ, იქნებ ბენი სულაც არ არის იდეალური?! - ნუკი კოშკელიშვილი დიასახლისების ტვირთზე
მე არ ვალაგებ სახლს, მეტი ჭუჭყი ძლიერ იმუნიტეტს ნიშნავს... - დიასახლისის აღსარება
როგორ არ გადავიქცეთ მოსაწყენ დიასახლისებად ბავშვის გაჩენის შემდეგ