მასწავლებელი, ლიგვისტი ლანა გოგოტიშვილი სოციალურ ქსელში საგანგაშო შემთხვევის შესახებ წერს. მისი თქმით, არასრულწლოვანს უცნობი პირები გამუდმებით უგზავნიან შეურაცხმყოფელ და ძალადობის შემცველ შეტყობინებებს, მათ შორის თვითმკვლელობისკენ მოწოდებებსაც. პედაგოგი აღნიშნავს, რომ საქმეში უკვე ჩართული არიან მშობელი და სამართალდამცავი უწყებები და დამნაშავეების გამოვლენამდე ბრძოლას არ შეწყვეტს.
"მშობლებო,უკვე მერამდენე წელია მასწავლებელი ვარ, უამრავმა ბავშვმა გაიარა ჩემს ხელში და მადლობა ღმერთს ამ უნარებისთვის და შესაძლებლობისთვის.
წლების მანძილზე ვატყობ, რომ უფრო და უფრო მძიმდება ჩაგვრის - ე. წ. ბულინგის ფაქტები! ბულინგი თავისთავად არის მძიმე დანაშაული, თუმცა ახალ ეტაპზე - თვითმკვლელობისკენ ბიძგებაზე გადავიდა ბულინგის შემთხვევები.
წარმოიდგინეთ და ყველამ თქვენს თავზე და თქვენს შვილებზე მიიღეთ, რომ შეიძლება თქვენი შვილის ტელეფონში დაფარული ექაუნთებიდან შემოდიოდეს მესიჯები რომელიც დაჟინებით სთხოვს ბავშვს, რომ სიცოცხლე დაასრულოს.
ახლაც ამ ფაქტს შევეჩეხე და ვებრძვი. მოსწავლეს გამუდმებით უწევს კიბერ ბულინგთან გამკლავება, მას უბიძგებენ თვითმკვლელობისკენ და სწერენ ძალადობის და ჩაგვრის შემცველ, მაგინებელ და შეურაცხმყოფელ მესიჯებს... ინფორმირებულია მშობელი და უბნის რწმუნებული, არავის არ შერჩება ამ ბავშვის ჩაგვრა და არც ის გამოუვა ვინმეს, რომ ამ ბავშვმა თავს რამე დაუშავოს!
ამ არასრულწლოვნების ჯგუფს იდეალურად აქვს გააზრებული, რას აკეთებენ და რა არის მათი მიზანი. ეს ჯგუფი მოკლებულია ყველანაირ ოჯახურ ღირებულებებს, ადამიანურ ღირებულებებს, ესენი ბავშვები არ არიან, ესენი არიან საზოგადოების წყლულები, რომლებიც მომავალშიც გააგრძელებენ ამ სიმსივნურ საქმიანობას. თუმცა, არასწორ მასწავლებელს გადაყარეთ, თქვენი მეტასტაზები შორს ვეღარ წავა! თუ არა სკოლამ, თუ არა მშობელმა, თუ არა მსხვერლმა, პოლიციამ ან სასამართლომ, შეგაშინოთ იმან, რომ მე თქვენს სახელებს და გვარებს მთელს ქვეყანას გავაგებინებ!
რა ექაუნთებიდანაც აგზავნეთ ეს მესიჯები, იცით, რომ ყველა გამოკვლევადია და ყველას მისამართი დადგენადია?
არ იცით, ჩვენ კი ვიცით! ერთი არასწორი ნაბიჯი და თქვენს სახლთან იქნება პოლიცია და სოციალური სამსახური!" - წერს ლანა გოგოტიშვილი.