მალე ზაფხულის არდადეგები დაიწყება და მშობლების ტრადიციული დილემაც იჩენს თავს - როგორ დავასვენოთ ბავშვი ისე, რომ წლის განმავლობაში ნასწავლი მასალა არ დაავიწყდეს, განვითარება განაგრძოს და თან თავი ბედნიერად იგრძნოს.
ამ საკითხზე გადაცემაში "ახალი დღე" ფსიქოლოგმა ლელა ტყეშელაშვილმა ისაუბრა.
"დასვენება არ უნდა იყოს ქაოსი და რუტინა არ უნდა იყოს წამება. რაღაც გარკვეული რიტმი შეინარჩუნოს ბავშვმა, მაგალითად, დაძინების, კვების. აღმოჩნდა (მე, ჩემდა სამარცხვინოდ, არ მიმიქცევია ამისთვის ყურადღება), რომ თავისუფალი დროის ქონა ყოფილა ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლება ბავშვის. კონვენციის მიხედვით, მას აქვს განათლების უფლება, ჯანმრთელობის, თავისუფალი დროის უფლებაც აქვს ბავშვს და მოდი, ეს უფლება კარგად გამოვაყენებინოთ.და შევთანხმდეთ, რომ ორი რამ სჭირდება მას, სჭირდება სტრუქტურა და თავისუფლება. და ორივეს აქვს თავისი ძალიან მნიშვნელოვანი როლი და თავისი ფუნქცია.
ვიცი, რომ ჩვენი მსმენელების კრიტიკას დავიმსახურებ ალბათ. საშინაო დავალებები და ზოგადად ბევრი დავალება ფორმალური სწავლების მიღმა უკვე ძალიან პოპულარულად აღარ ითვლება. ფაქტი ჯიუტია, ის ქვეყნები, რომლებმაც დიდი დოზით დავალებებზე თქვეს უარი, ბავშვები, რომლებიც სკოლაშივე მუშაობენ, აქვთ ეს ძალიან ზომიერი საშინაო დავალებები,უკეთეს შედეგებს აღწევენ შემეცნების თვალსაზრისით. ეს უკვე დიდი ხნის კვლევის მონაცემებია და ფინური სკოლა არის ამის მაგალითი.
ჩემი თხოვნა არის, როგორც ესე ვთქვათ, უკვე ამ გზაგამოვლილი მშობლის, ფსიქოლოგობასაც რომ თავი დავანებოთ, რომ არდადეგები სწავლის გაგრძელებად არ განვიხილოთ და ახალი სასწავლო წელი არ დავგეგმოთ ამ სამი თვის განმავლობაში.
თვითონ სწავლის პერიოდში დასვენების კულტურა, დასვენების ღონისძიებები და აქტივობებიც არ გამოვტოვოთ, რომ რადიკალურად არ განსხვავდებოდეს ერთმანეთისაგან ეს ორი პერიოდი.
სწავლის პერიოდში ბავშვი არის სულ შეფასების ქვეშ რეალურად, ხომ? კოგნიტური აქტივობა, ანუ შემეცნებითი პროცესი უფრო დიდხანს მიმდინარეობს, რუტინა მართლაც არსებობს და წრეებზეc დაგვყავს ჩვენი შვილები. ...ნამდვილად საჭიროა ის, რასაც ჩვენ გადატვირთვას ვეძახით, ანუ ძალების აღდგენა, რესურსების აღდგენა და მინდა, რომ ახალბედა მშობლები დავამშვიდო ამ თვალსაზრისით, რომ ეს არ ნიშნავს, რომ ტვინმა შეწყვიტა მუშაობა. ტვინს აქვს ძალიან ბევრი სხვადასხვა სტრუქტურა, არანაკლებ მნიშვნელოვანი. რომ ვასვენებთ ერთ ნაწილს, რომელიც არის უფრო მეტად შემეცნებასთან დაკავშირებული და ვააქტიურებთ მეორე ნაწილს, რომელიც არანაკლებ მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ადამიანის შემოქმედებითობა, ადამიანის ინტუიციურობა, საკუთარი თავის მართვა, საკუთარი დროის დაგეგმვა, სოციალური უნარების განვითარება, ოჯახთან დროის გატარება, მეგობრებთან ურთიერთობა — აი ეს ყველაფერი არ არის უმნიშვნელო და უკვე დრო არის, რომ სწავლისადმი დამოკიდებულება შევცვალოთ.
რა არის სწავლა — ჩვენ გვგონია, რომ ფორმალურ გარემოში ინფორმაციის მიღება არის, მაგრამ ახლა ძალიან პოპულარულია გამოცდილებით სწავლა. ანუ ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ სახელმძღვანელოში მოცემული ინფორმაციით კი არ ვსწავლობთ, არამედ ყველაფერი, რაც ჩვენს ირგვლივ არის, შეიცავს აი ამ კოგნიტურ ინფორმაციას და ჩვენ გამოცდილებით გაცილებით უფრო შესისხლხორცებულად, გაცილებით უფრო მნიშვნელოვან რაღაცებს ვსწავლობთ, ფუნქციურ უნარებს ვსწავლობთ, ესე ვეძახით ჩვენ, ყოველდღიური საქმიანობისათვის საჭირო ცოდნას.
ხშირად ხდება, რომ არ ვიცით სად წავიღოთ სკოლაში ნასწავლი, კროსვორდი შევავსოთ ამით, ვინმესთან თავი მოვიწონოთ თუ აი, თორმეტი წელი რასაც ვსწავლობთ, არ ვიცით სად წავიღოთ, ხომ? ამიტომ, ეს ბალანსი რაში მდგომარეობს — აუცილებელია ფიზიკური აქტივობა, ფეხით სიარული, თუნდაც ლაშქრობები და გასვლა.
ჩემი თხოვნა არის, რომ ბავშვების ანიმატორებად ნუ გადავიქცევით, იმიტომ რომ ბავშვს სჭირდება არაფრის კეთებისათვის დრო, რომ თვითონ მოიფიქროს, რა გააკეთოს. მშობელი როგორც კი დაინახავს, რომ ბავშვი არაფერს არ აკეთებს, იმ წუთში ცდილობს, რომ რაღაცით გაართოს, ხო? და უნდა მივცეთ ჩვენ ტვინს საშუალება მოწყენილობის, რომ ამ მოწყენილობის შემთხვევაში თვითონ მოიფიქროს, რა გააკეთოს. ამაზე უფრო ღირებული არაფერი არ არის", - ამბობს ლელა ტყეშელაშვილი.