„ადამიანებს ჰგონიათ, ისევე როგორც ადრე, სულ ექნებათ ის უფლება, რომ როცა გაახსენდებათ და როცა მოუნდებათ, მაშინ შეძლებენ საკუთარი ქონების, მიწის რეგისტრაციას. ეს ასე ვეღარ იქნება”, - ამის შესახებ იურისტმა და უძრავი ქონების ისტორიის მკვლევარმა ბონდო ყიფიანმა გადაცემაში “მონეტიზაცია” განაცხადა.
ამასთან იურისტი განმარტავს, თუ რა ტიპის დოკუმენტების მომზადება სჭირდებათ მოქალაქეებს სახელმწიფოს მიერ გაცემულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების მოპოვებისთვის.
ადამიანებს ჰგონიათ, რომ ისევე როგორც ადრე, სულ ექნებათ ის უფლება, რომ როცა გაახსენდებათ და როცა მოუნდებათ, მაშინ შეძლებენ საკუთარი ქონების, მიწის რეგისტრაციას. ეს ასე ვეღარ იქნება.
საბჭოთა კავშირში, მოგეხსენებათ, როგორი გართულებული იყო წვდომა კერძო საკუთრებაზე. ადამიანების დიდ ნაწილს ეგონა, რომ ქონებები, რომლებიც მათ სახელმწიფოსგან გადაეცათ, ეს იყო არა საკუთრების ფორმით გადაცემული, არამედ იყო შეზღუდული სარგებლობის უფლებით, რომელსაც თუ არ მოუვლიდნენ, არ უპატრონებდნენ, შეიძლებოდა მასზე ვეღარ გავრცელებულიყო საკუთრების უფლება. ეს თავისთავად მითია.
ამ ყველაფერს აქარწყლებს თანამედროვე მიდგომა, რომელიც ამბობს, რომ არ არსებობს სახელმწიფო საკუთრება, არსებობს კერძო საკუთრება და თუ შენ გარკვეული ქონება მიღებული გქონდა სპეციალური დანიშნულებით და ამას ერქვა სააგარაკე ტიპის სახლებისთვის, დასახლებისთვის ნაკვეთის გადაცემა, შინაარსობრივადაც და სამართლებრივადაც, ეს ყველაფერი არის საკუთრება.
დღეს ასეთ ქონებაზე თავისუფლად მოიპოვებს ადამიანი საკუთრების უფლებას, თუ აქვს იმის დამამტკიცებელი საბუთი, რომ ეს ნაკვეთი მას ან მის წინაპარს ჰქონდა მიღებული და არა სხვა ვინმეს“, - განაცხადა ბონდო ყიფიანმა.
მისივე თქმით, დღეს მოქალაქის მხრიდან იმის დამტკიცება, რომ ის არის კონკრეტული მიწის ნაკვეთის სამართალმემკვიდრე, ძალიან გართულებულია.