მსახიობი მარიამ ჯოლოგუა "კავეა+"-ზე პოდკასტ UNFILTERED-ს სტუმრობდა და ისაუბრა "შუა ქალაქზე", პოპულარობაზე და ასევე შვილზე - მსახიობ ბუკა თოლორდავაზე, რომელსიც უკვე შემდგარი მსახიობია და უამრავი ადამიანი იცნობს.
- ხშირად მაქვს შეგრძნება, რომ ბუკა ჩემზე დიდი არის უკვე, როგორც მსახიობი... ერთხელ შემთხვევით ვნახე "ცვალებადი ნიშნების" მორიგი სეზონის თიზერი, რომელიც "შუა ქალაქის" ქუდის მიხედვით იყო გაკეთებული და საოცარი ემოცია იყო... შენი შვილი რომ 15 წლის შემდეგ იგივეს აკეთებს...
რაც შეეხება სცენას, 26 წლის არის ახლა ბუკა, მაგ ასაკში მე ჯერ "შუა ქალაქი" დაწყებული არ მქონდა, ინსტიტუტი ახალი დამთავრებული მქონდა (მე ხუთი წლით გვიან ჩავაბარე თეატრალურში, მანამდე სხვაგან ვსწავლობდი), და რეალურად ჯერ კიდევ მოლოდინში ვიყავი... თეატრალური თვალსაზრისით მხოლოდ შემიძლია ვიამაყო, რადგან მას უკვე მეტი გამოცდილება აქვს, ვიდრე მე, 46 წლისას...
სცენაზე ბუკა მამას ჰგავს. თუმცა ძალიან ინდივიდუალურია ყველანაირად... მაგრამ ერთი შეხედვით მამას ჰგავს.

ახლა ვმუშაობთ ერთად სპექტაკლზე. ჯერ არასდროს ერთად არ გვითამაშია. რამდენჯერმე უარიც მაქვს ნათქვამი კარგ პროექტებზე, რადგან მქონდა ეგ მომენტი, არა, ჯერ თვითონ დადგეს ფეხზე და როცა ის იქნება მყარად, დამოუკიდებელი მსახიობი და არა ვინმეს შვილი, მერე შეიძლება...
როგორც თავად ყვება რამდენიმე ინტერვიუში, მსახიობობა ბავშვობიდან უნდოდა, თუმცა მშობლებმა არ დაუჭირეს მხარი მის არჩევანს და თავადაც ვერ გაბედა გადაწყვეტილების მიღება. ამიტომ სკოლის დამთავრების შემდეგ თსუ-ში ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტზე ჩააბარა და ამ მიმართულებით იმუშავა კიდეც მცირე ხანს. მერე კი, უკვე ორი წლის შვილის დედამ გადაწყვიტა ბედი ეცადა და თეატრალურში მოხვდა, ლილი იოსელიანის ჯგუფში. ასე დაიწყო მისი სამსახიობო გზა.
რაც შეეხება პირად ცხოვრებას, მარიამი პირველად საკმაოდ ადრე 19 წლისა დაქორწინდა ცნობილ მსახიობ კოტე თოლორდავაზე. მისი თქმით, მანამდე 4 თვე იცნობდნენ ერთმანეთს და ქორწინების შემდეგ აღმოაჩინეს, რომ ბოლომდე არც იცნობდნენ. 4 წელი იცხოვრეს ერთად, შეეძინათ ვაჟი ბუკა და ბუკა რომ ორი წლის იყო, განქორწინდნენ.


წლების შემდეგ, მარიამი ასევე თავის კოლეგაზე, ცნობილ მსახიობ აპოლონ კუბლაშვილზე დაქორწინდა. წყვილი ერთმანეთს პარტნიორობას უწევდა გახმაურებულ სპექტაკლში "მიყვარხარ, მიყვარხარ, მიყვარხარ" და სწორედ მაშინ დაიწყო მათი რომანი, რომელიც შემდეგ ქორწინებით დაგვირგვინდა და 11 წლის ბუკა მეჯვარეც იყო მათ ჯვრისწერაზე. აპოლონთან ქორწინებაში მარიამს მეორე ვაჟი შეეძინა, რომელიც ასევე სამსახიობო ნიჭით არის დაჯილდოებული.

