მომხმარებლების უმეტესობა მიიჩნევს, რომ თუ პროდუქტის შეფუთვაზე ყველა ინგრედიენტი მითითებულია, ეს უკვე მის სანდოობასა და უსაფრთხოებაზე მიუთითებს. თუმცა, როგორც ირკვევა, მხოლოდ ინფორმაციის არსებობა ყოველთვის არ ნიშნავს, რომ პროდუქტი კანონმდებლობის მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებს.
სწორედ ამ თემაზე ისაუბრა სურსათისა და ცხოველთა საკვების უვნებლობის სპეციალისტმა ანდრია კალანდიამ ჟურნალისტ გვანცა დარასელიასთან Gvantsa's Podcast・გვანცას პოდკასტი-ში. სპეციალისტი განმარტავს, რომ ზოგიერთ შემთხვევაში მომხმარებელი შესაძლოა შეცდეს არა მხოლოდ პროდუქტის დასახელებით, არამედ მისი შეფუთვითა და რეკლამითაც.
გვანცა დარასელია დაფასოებული პროდუქტის წარწერას კითხულობს:
„პირველად ვნახე შეფუთვაზე ასეთი წარწერა, „შესაძლებელია უარყოფითად იმოქმედოს ბავშვთა ყურადღებიანობასა და აქტიურობაზე“.
ანდრია კალანდია:
"ეს არის პროდუქტი, რომელსაც აწერია „ნორვეგიული ორაგული“, თუმცა ის შეიცავს სინთეზურ საღებავებს — „ყვითელ პონსოს“ და „ყვითელ მზის ჩასვლას“ (Sunset Yellow). ერთი შეხედვით, შეიძლება ვიფიქროთ, რომ ბიზნესოპერატორი არაფერს მალავს, ინფორმაციას სრულყოფილად, გულღიად გვაწვდის და შეფუთვაზე სავალდებულო გაფრთხილებასაც კი აწერს. თუმცა, აქ მეორე საკითხია: ყველა დანამატის ნებისმიერ პროდუქტში გამოყენება არ შეიძლება. გარკვეული დანამატი დასაშვებია სურსათის ერთ კატეგორიაში, მეორეში კი — არა.

მაგალითად, ამ კონკრეტული საღებავების გამოყენება ნამდვილ ორაგულში კანონმდებლობით აკრძალულია. მათი გამოყენება შეიძლება მხოლოდ ორაგულის იმიტაციებში, ანუ იაფფასიან შემცვლელებში — მაგალითად, ქაშაყის ფილეში ან კიბორჩხალის ჩხირებში (რომლებიც რეალურად კიბორჩხალისგან არ მზადდება). ასეთ პროდუქტზე მომხმარებელს წინასწარვე აქვს ილუზია, რომ ის მაინცდამაინც ჯანსაღი და სასარგებლო არ არის. მაგრამ, როდესაც ყიდულობს პროდუქტს დასახელებით „ნორვეგიული ორაგული“, მას უჩნდება განცდა, რომ მაღალი ხარისხის, სასარგებლო პროდუქტს იძენს.
გარდა ამისა, სოციალურ ქსელებში ამ პროდუქტის რეკლამირებისას იყენებენ ისეთ ფრაზებს, თითქოს ის შეიცავს ომეგას და მხარს უჭერს ჩვენს გულს, რაც ასევე აკრძალულია მსგავსი განაცხადების დროს.“
სპეციალისტის თქმით, მომხმარებელს რამდენიმე მარტივი ნიშნის მიხედვით შეუძლია შეაფასოს, რამდენად ბუნებრივია თევზის შეფერილობა.
ანდრია კალანდია:
„როგორ შევამოწმოთ პროდუქტი ვიზუალურად?თეთრი ზოლები: ნამდვილ ორაგულს, რომლის ფერიც ბუნებრივი საკვები რაციონის (კაროტინოიდებით მდიდარი კიბოსნაირების) გამოა სტაფილოსფერი, აშკარად ეტყობა ცხიმოვანი თეთრი ზოლები. ამ შეღებილ პროდუქტში კი ეს ზოლები ფაქტობრივად არ ჩანს, ფერი ერთგვაროვანია და მხოლოდ ორ ნაჭერზე თუ შევამჩნევთ ოდნავ.
საღებავის ჩამორეცხვა: ვინაიდან საღებავი უშუალოდ პროდუქტზეა დამატებული და არა თევზის საკვებში, ის სველი სალფეთქით, სოდით ან ლიმონმჟავით ძალიან მარტივად ჩამოირეცხება და თევზი თავის საწყის შეფერილობას დაუბრუნდება. დიდი ალბათობით, ეს არის ეგრეთ წოდებული მონარჩენი, რომელსაც თავიდან არ ჰქონდა კარგი ფერი (იყო მონაცრისფრო) და იმისთვის, რომ უფრო ძვირად გაეყიდათ, აკრძალული საღებავით შეღებეს.“
სპეციალისტი აღნიშნავს, რომ ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემა კალმახის ორაგულად გასაღებაა, რადგან რიგით მომხმარებელს მათი გარჩევა ხშირად უჭირს.
ანდრია კალანდია:
„კალმახის გასაღება ორაგულად.სამწუხაროდ, ძალიან ხშირია შემთხვევები, როდესაც შეღებილ კალმახს ორაგულად ასაღებენ. მომხმარებელს ვიზუალურად უჭირს დიდი ზომის კალმახისა და ორაგულის ერთმანეთისგან გარჩევა. მიუხედავად იმისა, რომ მათ განსხვავებული თავის მოყვანილობა, ფარფლები და კოპლები აქვთ, როდესაც მომხმარებელი ხედავს დიდ, სტაფილოსფერ თევზს წარწერით „ორაგული“, ის არ ფიქრობს, რომ ატყუებენ.
ეს პრობლემა არა მხოლოდ ბაზრებში, არამედ მსხვილ სუპერმარკეტების ქსელებშიც ფიქსირდება. წარმოუდგენელია, ოკეანის ნორვეგიული ორაგული 19 ლარად იყიდებოდეს. იყო შემთხვევა, როდესაც თევზი აქციაში ჰქონდათ — ეწერა, რომ 50 ლარიდან 19 ლარამდე გაიაფდა. რეალურად კი ჩვეულებრივი კოპლებიანი კალმახი აღმოჩნდა, რომელსაც ლაყუჩები სპეციალურად ჰქონდა დაჭრილი, რომ თევზის სახეობა მარტივად შესამჩნევი არ ყოფილიყო. ეს, რა თქმა უნდა, სრულიად მიუღებელი ფაქტია და შესაბამის რეაგირებას მოითხოვს.“

როგორც ანდრია კალანდია განმარტავს, ფერმებში თევზის საკვებში გარკვეული საღებავების გამოყენება ნებადართულია, თუმცა მხოლოდ განსაზღვრული დოზებითა და წესების დაცვით.
ანდრია კალანდია:
„თევზის (ისევე როგორც ფრინველის) საკვებ რაციონში ფერმერები ხშირად იყენებენ საღებავებს — მაგალითად, ასტაქსანტინსა და კანტაქსანტინს. კანტაქსანტინის ჭარბმა მოხმარებამ შეიძლება თვალის ბადურის ჩამოშლაც კი გამოიწვიოს, თუმცა უსაფრთხო დოზების ფარგლებში მისი გამოყენება ევროკავშირის მიერ აღიარებული და დაშვებულია. პრობლემა ისაა, რომ როდესაც ფერმერს არ აქვს მოვლის სათანადო პირობები და თევზი სასურველ შეფერილობას ვერ იღებს, მან შეიძლება ზედოზირებით ან სულაც აკრძალული საღებავებით შეღებოს პროდუქტი.
მდინარის ბუნებრივი კალმახი და აუზში, ფერმაში გამოზრდილი თევზი რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან როგორც ღირებულებით, ისე ორგანიზმისთვის მოტანილი სარგებლით. ამიტომ, არ უნდა მოვტყუვდეთ და არ უნდა გვქონდეს ილუზია, რომ ხელოვნურად შეღებილი თევზი ნამდვილი ორაგულივით ან მდინარის კალმახივით ჯანსაღია.“
სპეციალისტის შეფასებით, მომხმარებლის მთავარი იარაღი ინფორმირებულობაა. პროდუქტის დასახელება, ფასი და შეფუთვაზე მითითებული ინფორმაცია ყოველთვის კრიტიკულად უნდა შეფასდეს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ძვირად ღირებულ და პოპულარულ პროდუქტებს ეხება.
იხილეთ პოდკასტი სრულად: