"ჩავეხუტე, რაღაცნაირად განსაკუთრებულად ვუთხარი - ძალიან მიყვარხარ, გულში წყენა არ ჩაიდო, ყველაფერი დალაგდება. ასე დავემშვიდობე. ნამგზავრები და ძალიან დაღლილები ვიყავით, გვიანი ღამე იყო და მეც დასაწოლად წავედი... მას შემდეგ ლენო ცოცხალი აღარ მინახავს..."
"7 წელია, ჩემი ლენო არ მინახავს, არც ჩავხუტებივარ,არც მისი ხმა გამიგია... მენატრები, შვილო... მიყვარხარ, ლენო" - ეს გახლავთ ტელეწამყვანლულუ კახიანისსტატუსი, რომელიც შვილის ტრაგიკულად დაღუპვის 7 წლისთავზე 4 ივნისს სოციალურ ქსელში დაწერა.
2019 წლის 4 ივნისს თბილისში უდიდესი ტრაგედია დატრიალდა.15 წლის ნიჭიერი გოგონა ლენო გვარჯალაძე, საცხოვრებელი სახლის აივნიდან გადავარდა.ის მუსიკოსის, პროდიუსერის გიორგი გვარჯალაძისა და ტელეწამყვანის ლულუ კახიანის შვილი გახლდათ. ტრაგედიამ ქვეყანა შეძრა...
ლენოს დედას ლულუ კახიანს ამ მძიმე და საშინელ თემაზე საუბარი ვთხოვეთ...
- 7 წელი გავიდა. თარიღს დიდად მნიშვნელობა არ აქვს, წლიდან წლამდე ვგრძნობ ამ დანაკარგს. 4 ივნისი უფრო მძაფრად იმ მხრივ აღიქმება, რომ კონკრეტულად ის დღე გახსენდება და ის, რაც მაშინ ხდებოდა... უფრო მეტს ფიქრობ იმაზე, როგორ შეგვეძლო ეს აგვერიდებინა მთელ ოჯახს და პირველ რიგში ლენოს.
- და გაქვთ გამოსავალი ნაპოვნი?
- ბევრი ვარიანტი შეიძლება განიხილო, მაგრამ რაღაც 100%-იანი პასუხისთვის არ მიმიგნია - ვერ ვიპოვე გადაწყვეტა, - აი, ამას თუ ვიზამდი, ეს ტრაგედია არ მოხდებოდა.
- როგორი ბავშვი იყო ლენო?
- ძალიან კონტაქტური და სოციალური... ბაღში ყველა ბავშვს და მათ მშობლებს იცნობდა. მასწავლებლებს ეცინებოდათ - ჩვენ, დიდები, ყველა მშობელს სახეზე ასე უცებ ვერ ვცნობთ და ლენო ყველას იცნობსო. მშობელს რომ დაინახავდა, გარბოდა ბავშვებთან: „აი, დედაშენი მოვიდა“, „აი, მამაშენი მოვიდა“. საერთოდ არ იყო მორცხვი, უცხო ადამიანებთან კონტაქტში მარტივად შედიოდა... ბავშვები ძალიან უყვარდა... თინეიჯერებს ახასიათებთ, - რომ იზრდებიან, პატარებთან ურთიერთობა აღარ აინტერესებთ. ლენო პირიქით იყო: სადაც ვისვენებდით, ყველა ბავშვს სულ თან დაჰყვებოდა, ყველა მასთან ტრიალებდა. მათთან ერთად ერთობოდა და რაღაცნაირ პასუხისმგებლობას გრძნობდა, თითქოს ეს ბავშვები ჰყავდა ჩაბარებული.
- ძალიან გონიერი და აქტიურიც იყოო, - აღნიშნეთ.
- დიახ, წინ უსწრებდა თავისი ასაკის ბავშვებს აზროვნებით, არ ჰგავდა 14-15 წლის მოზარდს. როგორც დიდ ადამიანს, ისე შეგეძლო დალაპარაკებოდი. არაბავშვურ, საკმაოდ ღრმა რჩევებს გაძლევდა, გეგონებოდა, ცხოვრებისეული გამოცდილება აქვს და იმის მიხედვით მსჯელობსო.ეს მთლად ინტელექტზეც არ იყო დამოკიდებული, თვითონ იყო ბუნებით ასეთი. მაგ ასაკში რთულია ბავშვს რაღაც ჩაუნერგო - „ასე იაზროვნე, ისე იაზროვნე“. უბრალოდ, ასეთი დაიბადა, ეს იყო ბუნებისგან მინიჭებული ხასიათი და გამორჩეული ინდივიდუალიზმი... ჩვენც სერიოზულ თემებზე ველაპარაკებოდით, სერიოზულ ფილმებს ვუყურებდით ერთად...
- ალბათ ამანაც განსაზღვრა ბევრი რამ... თქვენს გემოვნებას ენდობოდა და მოსწონდა?
- კი, შეიძლება იმიტომ, რომ მეც და მამამისიც მუსიკაში საკმაოდ გათვითცნობიერებულები ვართ, განსაკუთრებული არაფერი, მაგრამ ვთვლი, რომ ორივეს კარგი მუსიკალური გემოვნება გვაქვს. საერთოდ, მიმაჩნია, რომ მუსიკალური გემოვნება ძალიან მნიშვნელოვანია, მით უმეტეს - რას ასმენინებ შვილს ბავშვობიდან... ბოლომდე ყველაფერს ვერ გააკონტროლებ, მაგრამ თუ ბავშვი თავიდანვე კარგ მუსიკაზე იზრდება, მერე რაღაც მდარე ხარისხის „შუფუტინსკებს“ აღარ მოუსმენს. აი, მაგ მხრივ ყოველთვის ვცდილობდი, ჩემს შვილებს პირველივე დღეებიდან კარგი მუსიკა მოესმინათ... მუსიკა პირდაპირ კავშირშია ადამიანის ინტელექტუალურ დონესთან - ასე ვთვლი.
- კამათი თუ ახასიათებდა?
- კი, ბავშვობიდანვე ხმამაღლა იცავდა თავის უფლებებსა და აზრს. თუ რამე პროტესტი ჰქონდა, ღიად გამოხატავდა - შეიძლებოდა ეყვირა კიდეც, განსაკუთრებით გარდატეხის ასაკში. არასოდეს ყოფილა ისეთი ბავშვი, თავი ჩაექინდრა და ის გაეკეთებინა, რასაც ეუბნებოდი. ყველაფერზე თავისი შეხედულება ჰქონდა და თუ არ უნდოდა, ვერაფერს გააკეთებინებდი. მასთან ყვირილს აზრი არ ჰქონდა... მხოლოდ მეგობრული, შეთანხმებული და გაგებაზე დამყარებული ურთიერთობით შეიძლებოდა რამის მიღწევა. უნდა გაგეგო და ისიც აუცილებლად გაგიგებდა.
- სწავლა, მეცადინეობა, სკოლაში სიარული უყვარდა?
- დაწყებით კლასებში და ალბათ მეშვიდე-მერვე კლასამდე, ძალიან ბეჯითი, ათოსანი ბავშვი იყო. მერე უკვე, უფროს კლასებში, იმას სწავლობდა, რაც მოსწონდა, მაგრამ იმდენად ნიჭიერი იყო, რომ სკოლაში გაკვეთილამდე 10 წუთით ადრე გადაავლებდა თვალს მასალას, გადიოდა, ჰყვებოდა და 10-იანს იღებდა. ერთი, მაქსიმუმ ორი წაკითხვა სჭირდებოდა. ძალიან გონიერი იყო. ამიტომ, სახლში ფაქტობრივად არ მეცადინეობდა. ბოლო წლებში, მერვე-მეცხრე კლასში, სკოლაშიც უენთუზიაზმოდ დადიოდა, რაღაც პროტესტი ჰქონდა სისტემის მიმართ.
- რა არ მოსწონდა სისტემაში?
- აი, ეს მიდგომა - რომ უნდა იჯდე და აუცილებლად ისწავლო ის, რაც არ გაინტერესებს. რაც მოსწონდა, იმას ისედაც კითხულობდა და სწავლობდა: ინგლისური და რუსული ენები ძალიან კარგად იცოდა. ამბობდა ხოლმე: რატომ უნდა ვისწავლო, მაგალითად, ქიმია, რომელიც არ მომწონს და არასოდეს დამჭირდება... იდეაში მართალი იყო, მაგრამ მე, როგორც მშობელს, ყოველთვის მინდოდა კარგად ესწავლა, რადგან დიდ პოტენციალს ვხედავდი. ვთხოვდი ხოლმე: იარე სკოლაში, იმეცადინე, მომავალში გამოგადგება-თქო. არ ვიცი, გული უგრძნობდა თუ რა იყო, მაგრამ ბოლო ორი წელი სკოლაში იშვიათად ჩნდებოდა. მიდიოდა მხოლოდ მაშინ, როცა შემაჯამებელი წერები, ტესტები ან გამოცდები იყო - დაწერდა, კარგ ნიშნებს მიიღებდა და მოდიოდა. განაგრძეთ კითხვა