ეს ქალბატონი რისეთის უმდიდრესი ქალია, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ 7 შვილის დედაა და ძირითადად დეკრეტულ შვებულებაში ყოფნის პერიოდში გამდიდრდა, ვფიქრობთ, საინტერესო იქნება მისი მოსაზრებები აღზრდაზე, დედობაზე და იმ სიძნლეებზე, რაც ოჯახის დანგრევას მოჰყვება.
50 წლის ტატიანა კიმი, გასულ წელს 49 წლის მეუღლეს, ვლადისლავ ბაკალჩუკს, ოფიციალურად დაშორდა. წყვილი 24 წლის განმავლობაში იყო ერთად. განქორწინების შემდეგ ბიზნესლედი პირად ცხოვრებაზე თითქმის არ საუბრობდა, თუმცა ახლახან, საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მონაწილობისას, კამერის წინ გარკვეული დეტალების გაზიარება გადაწყვიტა.
ტატიანამ აღიარა, რომ შექების მიღება ყოველთვის უჭირდა. მან გაიხსენა, რომ განქორწინების შემდეგ საზოგადოებისგან დიდი მხარდაჭერა მიიღო, თუმცა საკუთარი თავის დაფასება მაინც უნდა ესწავლა.
„უკვე სამი წელია სწორედ ამაზე ვმუშაობ. მეუღლესთან დაშორებიდან მესამე წელი დაიწყო. ვსწავლობ, საკუთარ თავს ვუთხრა, რომ კარგი ვარ, რომ ბევრი რამ შევძელი და ამაში ნელ-ნელა წარმატებასაც ვაღწევ. ამას დრო სჭირდება“, — განაცხადა მან.
შვილებზე საუბრისას კიმმა აღნიშნა, რომ მიუხედავად უკიდურესად დატვირთული სამუშაო გრაფიკისა, ცდილობს შვილების ცხოვრებაში აქტიურად იყოს ჩართული.

„ვცდილობ, კარგი დედა ვიყო. ჩემი ძლიერი მხარე ის არის, რომ მათ განვითარებაში ვეხმარები, ვხედავ, როგორ იზრდებიან და ვიცი მათი ყველა პრობლემა — როგორც დიდი, ისე პატარა. ვიცი ყველაფერი, რაც მათ ჯანმრთელობას, ემოციურ მდგომარეობას, ინტერესებსა და გატაცებებს უკავშირდება.
ოჯახურ პროცესებს ისე ვმართავ, როგორც მენეჯერი. დიდი კომპანიის მართვის უნარები საკმაოდ მარტივად გადადის დიდი ოჯახის მართვაზეც“, — ამბობს კიმი.
მისი თქმით, შვილებთან ხარისხიანი დროის გატარებას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს და ოჯახურ ტრადიციებსაც ინარჩუნებს. ერთ-ერთი ასეთი ტრადიცია ერთობლივი კითხვა აღმოჩნდა.
ტატიანას თქმით, მის შვილებს ძალიან უყვართ დედასთან ერთად წიგნების კითხვა. სწორედ ეს ეხმარება მას შვილებთან ემოციური სიახლოვის შენარჩუნებაში, მაშინაც კი, როცა ყოველდღიური საქმეების გამო თავისუფალი დრო შეზღუდულია.
მან ასევე ისაუბრა იმ პრინციპებზე, რომლებსაც შვილების აღზრდისას ეყრდნობა. მისი აზრით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სწორი კვება, სპორტი, კითხვა, თვითგანვითარება და თავისუფლება — თუმცა გონივრულ ფარგლებში.
„როცა ბავშვები გარკვეულ ასაკს აღწევენ, უკვე მათ აზრსაც უსმენ. არსებობს წესები და პრინციპები, რომლებიც ყველამ უნდა დაიცვას. არის საბაზისო ღირებულებები — მაგალითად, სწორი კვება, სპორტი, კითხვა და თვითგანვითარება.

სიმართლე რომ ვთქვა, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არ არის, რა ნიშნები აქვს ბავშვს, თუ ის ნამდვილად სწავლობს. თითოეულ ჩემს შვილს განვითარების საკუთარი გზა აქვს და თავად ირჩევს, რა მიმართულებით წავიდეს“, — განმარტა მან.
აღსანიშნავია, რომ ტატიანა კიმისა და ვლადისლავ ბაკალჩუკის შვილების შესახებ საზოგადოებისთვის თითქმის არაფერია ცნობილი. ცნობილი მშობლები მიზანმიმართულად ცდილობენ შვილების პირადი ცხოვრების დაცვას და მათ ზედმეტი საჯაროობისგან არიდებას.
ინტერნეტმომხმარებლებმა ასევე შენიშნეს, რამდენად შეიცვალა ტატიანა განქორწინების შემდეგ. ბევრის აზრით, მიუხედავად რთული დაშორებისა, ის დღეს გაცილებით თავდაჯერებული და ბედნიერია.
ადრე თავადაც აცხადებდა, რომ მეუღლესთან განშორება, რომელიც, მისი თქმით, ოჯახზე პასუხისმგებლობას ხშირად გაურბოდა და სათანადო მხარდაჭერას არ უწევდა, მისთვის „ბორკილებისგან გათავისუფლებას“ ჰგავდა.
შეგახსენებთ, რომ ტატიანა კიმისა და ვლადისლავ ბაკალჩუკის დაშორების შესახებ ცნობილი 2024 წლის ივლისში გახდა. განქორწინების ინიციატორი თავად ტატიანა იყო.
ტატიანა კიმი ის ერთ-ერთი იშვიათი მაგალითია, როცა ქალი არა მხოლოდ მრავალშვილიანი დედა გახდა, არამედ შვილების გაზრდის პარალელურად მილიარდდოლარიანი ბიზნესიც ააწყო. დღეს მას შვიდი შვილი ჰყავს და Forbes-ის მონაცემებით მისი ქონება მილიარდობით დოლარს შეადგენს.
ტატიანა თავდაპირველად ინგლისური ენის მასწავლებელი იყო. 2004 წელს, პირველი შვილის დაბადების შემდეგ, დეკრეტულ შვებულებაში იმყოფებოდა და სწორედ მაშინ გაუჩნდა საკუთარი საქმის დაწყების იდეა. როგორც თავად ჰყვებოდა, პატარა ბავშვით სახლში ყოფნისას მიხვდა, რამდენად რთული იყო ახალგაზრდა დედებისთვის ტანსაცმლის შეძენა. სწორედ ამ პრობლემის გადასაჭრელად დაიწყო გერმანული კატალოგებიდან Otto-სა და Quelle-ს ტანსაცმლის ონლაინ გაყიდვა. ბიზნესი საკუთარი ბინიდან წამოიწყო, პრაქტიკულად დიდი საწყისი კაპიტალის გარეშე.
თავდაპირველად ყველაფერი ძალიან მცირე მასშტაბით დაიწყო. ტატიანა თავად იღებდა შეკვეთებს, პასუხობდა ზარებს, ამუშავებდა გაყიდვებს და კლიენტებთან ურთიერთობდა. მოგვიანებით საქმეში მისი მეუღლეც ჩაერთო, რომელსაც IT სფეროში გამოცდილება ჰქონდა.
საინტერესოა, რომ ბიზნესის ზრდა თითქმის მთლიანად დაემთხვა ოჯახის გაფართოებას. წლების განმავლობაში, სანამ Wildberries პატარა ონლაინ მაღაზიიდან უდიდეს მარკეტპლეისად იქცეოდა, ტატიანა შვილებს აცენდა და ზრდიდა. საბოლოოდ ოჯახში შვიდი ბავშვი გაიზარდა. თავად ამბობს, რომ დიდი კომპანიის მართვის უნარები დიდი ოჯახის მართვაშიც ეხმარებოდა.
მისი წარმატების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ის იყო, რომ სწორ დროს შენიშნა ბაზარზე არსებული პრობლემა. იმ პერიოდში ონლაინ ვაჭრობა რუსეთში ჯერ კიდევ ახალი იყო, ხოლო ტატიანამ მომხმარებლებს შესთავაზა ისეთი სერვისი, რომელიც იმ დროისთვის უჩვეულო იყო — ტანსაცმლის მორგების შესაძლებლობა და უფასო დაბრუნება. ამან ქალების ნდობა სწრაფად მოიპოვა.
2008 წლის ეკონომიკური კრიზისის დროს, როდესაც ბევრი ბიზნესი პრობლემებს აწყდებოდა, Wildberries-მა პირიქით, ზრდა განაგრძო. კომპანიამ შეძლო ცნობილი ბრენდების გაუყიდავი კოლექციების იაფად შეძენა და მომხმარებლებისთვის ხელსაყრელ ფასებში შეთავაზება.
ტატიანა კიმი ხშირად ხაზს უსვამს: მრავალშვილიანი დედობა და კარიერა ერთმანეთს არ გამორიცხავს.