შეკითხვებს პასუხობს ადმინისტრაციულ, სამოქალაქო საქმეთა და ბავშვთა უფლებებში სპეციალიზებული ადვოკატი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს მოქმედი წევრი ნუგბარა როსტიაშვილი.
- მყავს სამი შვილი, ვარ მეუღლის გვარზე და წლებია ვცხოვრობ სოფელში ქმართან ერთად. სახლი, სადაც ვცხოვრობთ, იყო ქმრის მშობლების სახელზე, მათ ვუვლიდი და სამწუხაროდ, გარდაიცვალნენ. ქმართან მოგვიხდა კონფლიქტი, რადგან წლებია არ მუშაობს. ამ კონფლიქტის შემდეგ შარშან წავიდა სახლიდან და ცხოვრობს დის სახლში. როგორც ირკვევა, ჩემს მულებს ჩვენთან შეთანხმების გარეშე ბავშვები ამოუწერიათ სახლიდან. ამ სახლის მემკვიდრე სამია - ორი და და ჩემი ქმარი. ჩემმა მულმა, რომელიც პოლიციაში მუშაობს და იცის კანონები, ჩემს ქმარს და მეორე დას თავიანთი წილის ჩუქება გააკეთებინა და სახლი გადაიფორმა. ამის შემდეგ მიმართა აღსრულებას და ახლა ითხოვს ჩემი და ჩემი შვილების სახლიდან გამოსახლებას. ამბობს, თითქოს უნებართვოდ შევიჭერით მის საკუთრებაში. ჩემმა შვილმა სცადა მამასთან ამ საკითხზე კომუნიკაცია, მაგრამ მამიდამ არ შეუშვა სახლში. მოკლედ, ვრჩებით ქუჩაში და არ ვიცით, როდის გამოგვასახლებენ. რა შეიძლება გავაკეთოთ? მთელი სოფელი დამემოწმება, რომ 22 წელია ამ სახლში ვცხოვრობთ მე და ჩემი შვილები. რას მირჩევთ?
- სამწუხაროდ, თქვენი მდგომარეობა სამართლებრივად ძალიან ცუდი პოზიციაა, ვინაიდან აღნიშნული სახლი მეუღლეს მიღებული აქვს მშობლებისგან მემკვიდრეობით, ხოლო კანონმდებლობა ითვალისწინებს ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონების გაყოფას, მაგრამ არა მემკვიდრეობით და ჩუქებით მიღებულ ქონებებზე. ასევე ქორწინება უნდა იყოს რეგისტრირებული, ანუ ხელი უნდა გქონდეთ მოწერილი. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული 22 წლის განმავლობაში საცხოვრებელი სახლი თქვენი ქორწინების პერიოდში საგრძნობლად გაუმჯობესდა, ერთადერთი გამოსავალი შეიძლება იყოს ჩუქების ბათილობის საფუძვლით სასამართლოსთვის მიმართვა, ასევე ქორწინების პერიოდში შეძენილი (გაუმჯობესებული) ქონების გაყოფა და თანამესაკუთრედ ცნობა.