საქართველოს მოქალაქე, რომელსაც შეუსრულდება 14 წელი, ვალდებულია 6 თვის ვადაში აიღოს პირადობის მოწმობა.
პირადობის ელექტრონული მოწმობა 18 წლამდე პირზე გაიცემა 4 წლის ვადით, 18 წელს მიღწეულ პირზე - 10 წლის ვადით.
იმ შემთხვევაში, თუ დოკუმენტის გაცემასთან ერთად ხდება მისამართზე რეგისტრაცია, მიმართეთ სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს ან იუსტიციის სახლის იმ ფილიალს, რომლის სამოქმედო ტერიტორიასაც განეკუთვნება საცხოვრებელი მისამართი. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ თბილისში რეგისტრირდებით მისამართზე, თბილისში არსებულ იუსტიციის სახლს უნდა მიმართოთ და არა სხვა რომელიმე რეგიონში.
თუ პირადობის ელექტრონული მოწმობის გაცემასთან ერთად მოთხოვნილია პირის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით მისამართზე რეგისტრაცია, დაინტერესებული პირის მიერ დამატებით უნდა იქნეს წარმოდგენილი პირის მისამართზე რეგისტრაციისთვის აუცილებელი ერთ-ერთი შემდეგი დოკუმენტი:
- ბინის მესაკუთრის თანხმობა, რომელიც გამოხატული უნდა იქნეს განაცხადის მიღებაზე უფლებამოსილი თანამშრომლის წინაშე;
- საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი;
- დოკუმენტის მფლობელი პირის ბოლო სამი თვის განმავლობაში კონკრეტულ მისამართზე ცხოვრების ფაქტის თაობაზე ორი სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირის წერილობითი დასტური, რომელიც გამოხატული უნდა იქნეს განაცხადის მიღებაზე უფლებამოსილი თანამშრომლის წინაშე.
გარდა ამისა, პირადობის მოწმობის მისაღებად უნდა წარადგინოთ:
- ორი ფოტოსურათი (ფოტოსურათის გადაღებას შეძლებთ იუსტიციის სახლში, ან სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში, ფასი – 5 ლარი);
- შესაცვლელი პირადობის მოწმობა (გარდა დოკუმენტის დაკარგვის შემთხვევისა);
- პირადი მონაცემების შეცვლის შემთხვევაში, აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტი (სახელის/გვარის შეცვლა და ა.შ.).
როგორც სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში გვითხრეს, პირადობის მოწმობას და პარალელურად, საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციას ცვლით, ასეთ შემთხვევაში, პირადი ნომერი უცვლელია. იცვლება მხოლოდ ბარათის ნომერი.
პირადობის მოწმობის გაცემის ვადა და ღირებულება
- მე–10 სამუშაო დღეს - 60 ლარი;
- მე-5 სამუშაო დღეს - 80 ლარი;
- მე-3 სამუშაო დღეს - 100 ლარი;
- მე-2 სამუშაო დღეს - 120 ლარი;
- იმავე დღეს - 150 ლარი.
პირადობის მოწმობის საფასურის გადახდისაგან თავისუფლდებიან:
- სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრები , რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 001–ს – სრულად, აგრეთვე ფოტოსურათის საფასურის გადახდისაგან – სრულად;
- მეორე მსოფლიო ომის, აგრეთვე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილე პირები – სრულად, აგრეთვე ფოტოსურათის საფასურის გადახდისაგან – სრულად;
- პირები, რომელთაც საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭათ საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით – სრულად, აგრეთვე ფოტოსურათის საფასურის გადახდისაგან – სრულად;
- სტუდენტები, რომლებიც სწავლობენ ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში და რომელთა სტატუსის გადამოწმება შესაძლებელია სააგენტოს მონაცემთა ბაზის მეშვეობით, პირადობის ელექტრონული მოწმობის აღნიშნული სტატუსით პირველად აღების შემთხვევაში – 10 ლარით, განმეორებით – 10 % (6 ლარით), ხოლო ფოტოსურათის საფასურის გადახდისაგან – სრულად;
- პირები, რომლებზეც შესაძლებელია გაიცეს პირადობის ელექტრონული მოწმობა მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსით, დაწესებული მომსახურების საფასურისგან – 50%-ით;
- შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე არასრულწლოვნები – 50%-ით.
ვრცლად ინფორმაციას შეგიძლიათ, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ვებგვერდზე გაეცნოთ.