თბილისის მერიამ ახალგაზრდებისთვის საზაფხულო პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, პროგრამა ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშეწყობას ემსახურება.
რეგისტრაცია მიმდინარეობს ვებგვერდზე -https://youthtbilisi.ge/.
"წელსაც, ტრადიციულად, განხორციელდება ახალგაზრდული საზაფხულო პროგრამები, რაც ითვალისწინებს თბილისში რეგისტრირებული ახალგაზრდებისთვის სხვადასხვა კულტურულ, სპორტულ, შემეცნებით და გასართობ აქტივობებს. მნიშვნელოვანია, რომ წელს დაგვემატება ხელოვნური ინტელექტის შემსწავლელი ბანაკი, ინგლისური ენის შემსწავლელი რამდენიმე ბანაკი, ინტელექტუალური საკუთრების შემსწავლელი ბანაკი, ხის მხატვრული დამუშავების ტექნიკის შემსწავლელი ბანაკი, კინოსა და თეატრალური მიმართულების შემსწავლელი ბანაკი, რობოტიკის ბანაკი, მომავალი მეწარმეების ბანაკი, დებატების ხელოვნების შემსწავლელი ბანაკი, ეთნოსპორტული ბანაკი, ასევე, ლიდერობისა და ზოგადი უნარების განვითარების ბანაკი", - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ პროგრამის ფარგლებში, ახალგაზრდები, ტრადიციულად უფასოდ ისარგებლებენ პადელით, ბოულინგით, საცურაო აუზით; ასევე, მონაწილეობას მიიღებენ საჯომარდო და სალაშქრო ტურებში.
"აღნიშნული საზაფხულო პროგრამებით სარგებლობა მოქალაქეებისთვის იქნება სრულიად უფასო. პროგრამის ფარგლებში, მონაწილეთათვის უზრუნველყოფილი იქნება ტრანსპორტირება, კვება, ეკიპირება და კვალიფიციური ინსტრუქტორების მომსახურება. საზაფხულო ახალგაზრდული პროგრამები დაიწყება ივნისში და სექტემბრამდე გაგრძელდება", - აღნიშნა თბილისის მერმა.
აქტივობაში ჩართვა შესაძლებელია 18-29 წლის თბილისში მცხოვრები ახალგაზრდებისათვის. ხოლო, ბანაკები, ძირითადად, 17 წლის მოსწავლეებისთვისაა.
პროექტზე მონაწილეობის მოთხოვნის გაგზავნის შემდეგ, ინფორმაციას მოთხოვნის დადასტურების/უარყოფის შესახებ მიიღებთ ელ-ფოსტის მეშვეობით.
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ, თვალი ადევნოთ თბილისის სპორტისა და ახალგაზრდობის ცენტრის გვერდს.