ქართველი მსახიობი, რომელმაც ევროპაში მიიღო განათლება, სულ ცოტა ხნის წინ ცნობილი ფრანგი რეჟისორის ფილმში (ლეა მისიუსის „დაბადების დღის წვეულებაში“, რომელიც წლევანდელი კინოფესტივალის მთავარი პრიზისთვის — ოქროს პალმის რტოსთვის — იბრძოდა იმ 22 საკონკურსო ფილმს შორის) ითამაშა მონიკა ბელუჩისთან და ფრანგული კინოს ვარსკვლავებთან ერთად, და ფილმის პრემიერაზე მათთან ერთად პოზირებდა კანის კინოფესტივალის წითელ ხალიჩაზე - ეს გოგონა თათია წულაძეა, რომელმაც თავისი წარმატების შესახებ რუსთავი-2-ზე, "შუადღე"-ში ისაუბრა ჟურნალისტ და კინომცოდნე ზაკ მირიანაშვილთან ინტერვიუში.


თათია წულაძე:
- ჩემთვის იყო რაღაცნაირად სიგიჟე, რომ ისეთ ფილმში მოვხვდი, სადაც მონიკა ბელუჩი იყო. ნაფიქრიც არ მქონდა ამაზე, ოცნებაშიც არ იყო. როცა მსახიობობაზე ოცნებობ, იმდენი ცნობილი მსახიობია, რომ გინდა, მათ დონემდე მიხვიდე, და როცა ვხვდები ასეთ ადამიანებთან ერთად... რაღაცნაირად ძალიან გახარებული ვიყავი. ოცნება იყო კანის წითელ ხალიჩაზე ასვლაც — დგახარ და სურათებს გიღებენ, ალბათ ასი ფოტოგრაფი მაინც არის. მიხაროდა იქ ყოფნა. თავს ძალიან კარგად ვგრძნობდი, იმიტომ რომ დანარჩენ მსახიობებთან ერთად ვიყავი. ერთმანეთი ძალიან გვიყვარს. ბავშვიც იყო ჩვენთან ერთად, პატარა, 10 წლის, და მასზეც ვზრუნავდით — ხომ კარგად იყო, ხომ არ ნერვიულობდა. რაღაცნაირად ძალიან თბილი გარემო იყო.



კინოს ჩვენება როცა დამთავრდა კანში, მართლა ჩავეხუტე მონიკა ბელუჩის და ვუთხარი, რომ ძალიან მომეწონა, როგორც თამაშობდა. ულამაზესი იყო...

მე როცა გადაღებაზე მივედი, ის უკვე ამთავრებდა — ბოლო სცენას იღებდა. იმ გადაღებაზე ვუყურებდი, როგორ თამაშობდა. ძალიან საინტერესო იყო.
...მე ბელგიაში ჩავაბარე თეატრალურზე. ექვსი წლის წინ დავამთავრე — დრო როგორ გარბის. ბავშვობიდან მინდოდა მსახიობობა და ამის შემდეგ, არ ვიცი, ალბათ ათასამდე კასტინგზე ვიყავი ფილმებისთვის და თეატრისთვის.


ამ ფილმში მოხვედრა მართლა განსაკუთრებული იყო. იმეილი მომივიდა, სადაც წერდნენ, რომ ეძებდნენ ჩემი ასაკის გოგოს. გავაგზავნე განაცხადი. მესამე ტურზე გავიცანი თვითონ ლეა მისიუსი, რეჟისორი. პარიზში ჩავედი და მასთან კასტინგი გავიარე. მერე დაახლოებით ათი დღე დაველოდე და მომწერეს, რომ მოეწონათ, როგორ ვთამაშობდი.
ისეთი ძნელია ფილმების ინდუსტრიაში შესვლა, როცა მსახიობი ხარ და შენი მშობლები მსახიობები არ არიან, ან რაიმე მსგავსი კავშირი არ გაქვს. ის, რაც უკვე მოხდა, ჩემთვის ძალიან დიდია. ვცდილობ, ამ ყველაფრისგან 100%-იანი ბედნიერება მივიღო, მერე კი გზას ვაგრძელებ... იმედი მაქვს, ყველაფერი წინ წავა. ჩემი აგენტი გვერდში მიდგას და იმედია, წინ და წინ წავალ.