როგორ უნდა აარჩიოთ სკოლა და რა კითხვები უნდა დასვათ თავიდანვე, რომ იმედგაცრუებული არ დარჩეთ - მშობლები

როგორ უნდა აარჩიოთ სკოლა და რა კითხვები უნდა დასვათ თავიდანვე, რომ იმედგაცრუებული არ დარჩეთ

2026-06-09 07:37:17+04:00

რომელ სკოლაში შევიყვანო შვილი? ეს კითხვა თითქმის ყველა მომავალი პირველკლასელის ოჯახში ისმის და საკითხს მშობლებიც სხვადასხვანაირ გადაწყვეტილებას იღებენ. სოციალურ ქსელში მშობლების დიდი ნაწილი აღნიშნავს, რომ სკოლა შვილს პირველ რიგში საცხოვრებელი ადგილის მიხედვით შეურჩია, ბევრი მშობელი უშუალოდ კარგ მასწავლებელს ეძებს, რომელიც დაწყებით კლასებში ეყოლება ბავშვს, მშობლების კიდევ ერთი კატეგორია კი ცდილობს, ერთდროულად რამდენიმე კრიტერიუმით შეარჩიოს სკოლა. როგორ უნდა შევარჩიოთ სკოლა, რა შეკითხვები უნდა დავსვათ და რისთვის უნდა ვიყოთ მზად -ამ თემებზე ჟურნალისტი, ორგანიზაცია "მშობლები განათლებისთვის" ხელმძღვანელი, მეგი კავთუაშვილი საუბრობს პოდკასტში სანამ ზარი დაირეკება.

მეგი კავთუაშვილი:

"ერთი მშობლისთვის "კარგი სკოლა" მეორესთვის შეიძლება კარგი სულაც არ აღმოჩნდეს, იმიტომ რომ თქვენ და იმ ადამიანს, ვინც ამ სკოლას რეკომენდაცია გაუწია, განსხვავებული შეხედულებები გქონდეთ. როდესაც ნაცნობ-მეგობრებს გამოვკითხავთ, უმჯობესი იქნება, რომ უბრალოდ კი არ ვკითხოთ: „მოგწონს სკოლა? კმაყოფილი ხარ? ...კარგად გამოკითხეთ ნაცნობ-მეგობრები, ვისი აზრიც თქვენთვის არის მნიშვნელოვანი და კონკრეტულად ჰკითხეთ:

  • რა მოლოდინი ჰქონდა და რამდენად გაუმართლა სკოლამ ეს მოლოდინი?

  • რა მოსწონთ და რას შეცვლიდნენ სკოლაში?

  • რა არის ამ სკოლის ძლიერი და სუსტი მხარეები?

  • როგორ თანამშრომლობს მშობლებთან და როგორ რეაგირებს მშობლებისგან მიღებულ ბოლო რეკომენდაციაზე თუ შენიშვნაზე?

როცა ამ შეკითხვებს დასვამთ, თქვენც მიხვდებით, რამდენად თანხვედრაშია თქვენი და ამ ადამიანის მოლოდინები და მისი არჩევანი რამდენად შეესაბამება თქვენს სურვილებს, თქვენს შეხედულებებს, თქვენს საჭიროებებს.

ნაცნობ-მეგობრების გამოკითხვის გარდა, კიდევ რა შეგიძლიათ გააკეთოთ?

აუცილებელია, დაგეგმოთ პოტენციურად სასურველ სკოლაში ან სკოლებში ვიზიტები, გაეცნოთ სკოლის ადმინისტრაციას, გაესაუბროთ, დაუსვათ შეკითხვები და გაიცნოთ მასწავლებელი, რომელიც თქვენი შვილის პედაგოგი იქნება იმ სკოლაში. რაც მთავარია, დაათვალიეროთ სკოლის ინფრასტრუქტურა — არა მხოლოდ საკლასო ოთახები, არამედ სხვა სივრცეებიც, სადაც ბავშვს დღის განმავლობაში მოუწევს ყოფნა. თუ ბავშვი პირველ კლასში შედის, ალბათ მეთანხმებით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, თქვენი შვილიც მიიყვანოთ და ასე მიიღოთ საბოლოო გადაწყვეტილება.

რა შეკითხვები უნდა დასვათ სკოლაში გაცნობითი ვიზიტის დროს?

  • როგორ ხედავს სკოლა თავის დანიშნულებას? როგორია მათი მსოფლმხედველობა?

  • რა მიღწევები აქვს სკოლას?

  • როგორი მიდგომები აქვს სწავლა-აღზრდასთან დაკავშირებით? როგორ ხედავენ თავის როლს საზოგადოებაში — მხოლოდ განათლება თუ აღზრდის საკითხებიც შედის მათ სასწავლო პროგრამაში? არის სკოლები, სადაც აღზრდას ძალიან დიდი მნიშვნელობა ექცევა და ეს ასეც უნდა იყოს, რადგან ბავშვი არ სწავლობს მარტო სკოლაში და არ იზრდება მარტო სახლში. ბავშვი სწავლობს ყველაფრისგან, რასაც ხედავს და იზრდება ყველგან — მათ შორის სკოლაში, ქუჩაში, იმ წრეებზე, სადაც დაგვყავს ჩვენი შვილები.

  • მიჰყვებიან თუ არა ეროვნულ სასწავლო გეგმას, რომელიც განათლების სამინისტრომ დაადგინა, თუ აქვთ რაიმე განსაკუთრებული სტანდარტები? ამას „სტანდარტზევით სწავლებას“ ეძახიან ხოლმე, განსაკუთრებით კერძო სკოლებში. რამდენიმე სპეციალიზებული საჯარო სკოლაც გვაქვს, ვეკუა, კომაროვი. გვაქვს სახელოვნებო, სამუსიკო სკოლები, სპორტული სკოლები...

  • როგორი ტრადიციები აქვს სკოლას და თუ აქვს რაიმე ტრადიცია? მე არც ვიცოდი, რომ ეს შეკითხვა უნდა დამესვა, როცა ბავშვებისთვის სკოლას ვარჩევდი და არც დამისვამს. არადა ძალიან მნიშვნელოვანი ყოფილა და მერე ძალიან ვინანე, რომ არ ვიცოდი.

  • მასწავლებლების კონტინგენტი: რამდენად კვალიფიცირებულები არიან მასწავლებლები? აქვთ თუ არა ჩაბარებული საგნის გამოცდები, მონაწილეობენ თუ არა კონფერენციებში, გადიან თუ არა გადამზადებას? ესეთი საკითხები მასწავლებლების პროფესიონალიზმთან დაკავშირებით უნდა გაარკვიოთ. განვითარებულ ქვეყნებში მშობლებს ყველაზე მეტად ეს საკითხები აინტერესებთ და არა ის, რამდენად ახლოს არის სკოლა სახლთან ან რამდენი ბავშვია კლასში, არამედ ის, როგორი პროგრამები აქვთ და როგორი მასწავლებლები ასწავლიან.

  • გაკიცხვის და დასჯის მეთოდები — რა მეთოდებს იყენებენ? აუცილებლად უნდა იკითხოთ, ქცევის მართვის რა სტრატეგიებს იყენებენ სკოლაში პედაგოგები, რა არის მისაღები ფორმა და არსებობს თუ არა, ვთქვათ, გასაჩივრების მექანიზმები. უნდა იკითხოთ, მასწავლებლების გარდა კიდევ რა პროფესიის ადამიანებს ექნებათ ბავშვებთან შეხება? მაგალითად: ყავს თუ არა სკოლას მანდატური? ყავს თუ არა ექიმი? ყავს თუ არა ფსიქოლოგი? ვთქვათ, ინკლუზიური განათლების სპეციალისტები თუ მუშაობენ და ასისტენტები არიან თუ არა სკოლაში? ანუ, ეს შეკითხვაც მშობელმა უნდა დასვას.

  • კვება: არის თუ არა ბუფეტი სკოლაში? არის თუ არა ხემსი? რა არის, ვთქვათ, ფასიანი სკოლების შემთხვევაში — რამდენი კვება შედის ამაში და რომელ კლასამდე? იმიტომ რომ ბევრი სკოლაა, სადაც მეექვსე კლასის ჩათვლით შედის კვება ფასში და შემდეგ დამატებით იხდიან მშობლები, ან სტანდარტულად კაფეტერიაში შედიან ბავშვები. არის თუ არა კულტურა სახლიდან, ლანჩბოქსის (ლანჩის ყუთის) გატანების?

  • ზრუნვის კომპონენტი — აი, როგორ ზრუნავს სკოლა ბავშვებზე? სწავლა საკმაოდ სტრესული პროცესია და ზრუნვა აუცილებელია სკოლაში, ანუ ზრუნვის გარეშე სკოლა შეიძლება საძულველ ადგილად იქცეს ბავშვისთვის.

  • თანაფარდობა მოსწავლეების და მასწავლებლების, ანუ ერთ მასწავლებელზე რამდენი მოსწავლე მოდის დაახლოებით. ეს ძალიან მნიშვნელოვანი კრიტერიუმია იმისთვის, რომ განათლების ხარისხი შეფასდეს. და აუცილებლად უნდა იკითხოთ, რა თანხას ხარჯავს სახელმწიფო ერთი ბავშვის განათლებაზე მთელი წლის განმავლობაში იმ კონკრეტულ სკოლაში.

ეს ინფორმაცია, ერთის მხრივ, თქვენ დაგეხმარებათ, რომ უკეთ გაიცნოთ სკოლა და, მეორეს მხრივ, სკოლასაც დაეხმარება, რომ თქვენ, როგორც მომავალი პარტნიორი, დაგინახოთ და გაგიცნოთ. ასეთი გააზრებული არჩევანი ბევრად უფრო სასარგებლო შედეგზე გაგიყვანთ, ვიდრე უბრალოდ მიიყვანოთ ბავშვი იმ სკოლაში, სადაც თქვენს მეგობარს დაჰყავს და კმაყოფილია. როგორც ვთქვით, შეიძლება ის ძალიან კმაყოფილია, მაგრამ თქვენ ძალიან უკმაყოფილო იყოთ იმით, რაც იმ კონკრეტულ სკოლაში ხდება. ასე რომ, შინაარსში ჩასვლა ფენებად, შრეებში მშობლებს არც უნდა დაგვეზაროს ეს და არც უნდა მოგვერიდოს, რომ ყველა ეს საკითხი გავარკვიოთ და ისე შევარჩიოთ ჩვენი შვილისთვის სკოლა.

მშობელი უნდა დააკვირდეს არა იმას, რამდენი სიტყვა იცის ინგლისურად ან რამდენი ლექსი იცის ზეპირად, არამედ, შეუძლია თუ არა ურთიერთობებში ჩაბმა, ყურადღების კონცენტრირება... - როგორ უნდა შეაფასოს მშობელმა შვილის სასკოლო მზაობა