მიაჩვიეთ გოგონები "არას" თქმას და ნუ შეაქებთ მხოლოდ სისუფთავისა და დამჯერი ხასიათის გამო - როგორ გავზარდოთ თავდაჯერებული ქალიშვილი - მშობლები

მიაჩვიეთ გოგონები "არას" თქმას და ნუ შეაქებთ მხოლოდ სისუფთავისა და დამჯერი ხასიათისთვის - როგორ გავზარდოთ თავდაჯერებული ქალიშვილი

2026-06-09 18:24:30+04:00

თანამედროვე სამყაროში ბევრი გოგონა ზრდასთან ერთად სულ უფრო დიდ ზეწოლას განიცდის საზოგადოების, სოციალური ქსელებისა და გარშემომყოფების მხრიდან. თუ ბავშვობაში ისინი ხშირად თამამად და თავისუფლად მოქმედებენ, მოზარდობის ასაკიდან უკვე იწყებენ საკუთარი თავის სხვებთან შედარებას, ეჭვი ეპარებათ საკუთარ გარეგნობაში, შესაძლებლობებსა და ღირებულებაში.

ამის შედეგად, თავდაჯერებულობა იკლებს და ხშირად სხვების შეფასებაზეა დამოკიდებული. სწორედ ამიტომ, მშობლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა, დაეხმარონ შვილს საკუთარი შესაძლებლობების რწმენის შენარჩუნებაში ან თანდათან განუვითარონ ეს უნარი, თუ ის ჯერ კიდევ არ არის საკმარისად ჩამოყალიბებული.

ბევრი მშობელი შეცდომით ფიქრობს, თითქოს თავდაჯერებულობა წრეებზე სიარულით, წარმატებებითა და დიპლომებით ყალიბდება. სინამდვილეში, ნამდვილი თავდაჯერებულობა მშობლების ყოველდღიური დამოკიდებულებისა და რეაქციების შედეგია.

ყურადღება გაამახვილეთ არა იმაზე, ვინ არის ბავშვი, არამედ იმაზე, რა გააკეთა

ბევრი მშობელი შვილს ეუბნება: „რა ნიჭიერი ხარ“, „შენ საუკეთესო ხარ“, „რა ყოჩაღი ხარ“. ერთი შეხედვით, ეს პოზიტიური სიტყვებია, თუმცა ბავშვს უყალიბდება დამოკიდებულება, რომ მისი ღირებულება მხოლოდ შედეგზეა დამოკიდებული. თუ კარგად გამოუვიდა — კარგია, თუ ვერ გამოუვიდა — ცუდი.

მაგალითად, თუ გოგონამ ფუნთუშები გამოაცხო, უმჯობესია უთხრათ:

„ვხედავ, რამდენი დრო და შრომა დახარჯე ამაზე.“

„საინტერესო ფორმა მოუფიქრე. როგორ დაგებადა ეს იდეა?“

ძნელი არ იყო?“

ასე ბავშვი სწავლობს საკუთარი ძალისხმევის დაფასებას და არა მხოლოდ სხვების მოწონებაზე დამოკიდებულებას.

1. შეაფასეთ ძალისხმევა და არა შედეგი

როდესაც ბავშვი ხედავს, რომ მშობლები მის მცდელობასა და შრომას აფასებენ, მას უჩნდება განცდა, რომ წარმატება მხოლოდ ნიჭზე არ არის დამოკიდებული. ეს მიდგომა ეხმარება, შეცდომებს ბუნებრივ პროცესად შეხედოს და სირთულეების არ შეეშინდეს.

2. ნუ შეადარებთ სხვებს

შედარება თითქმის ყოველთვის საზიანოა. ფრაზა: „ნახე, როგორ აკეთებს ამას სოფო“ შესაძლოა უწყინრად ჟღერდეს, მაგრამ ბავშვში კონკურენციისა და არასრულფასოვნების განცდას აჩენს.

ერთადერთი სასარგებლო შედარება საკუთარი თავის წარსულ ვერსიასთან შედარებაა.

მაგალითად:

„გახსოვს, რამდენად ნერვიულობდი ახალ კლასში გადასვლისას? ახლა უკვე მეგობრები გყავს და სკოლაში მშვიდად მიდიხარ.“

ასეთი მიდგომა ბავშვს საკუთარი განვითარების დანახვაში ეხმარება.

3. წაახალისეთ დამოუკიდებლობა

დამოუკიდებლობა თავდაჯერებულობის ერთ-ერთი მთავარი საფუძველია. როდესაც ბავშვი საკუთარ ძალებზე დაყრდნობით იღებს გადაწყვეტილებებს, უჩნდება განცდა, რომ შეუძლია სირთულეებთან გამკლავება.

ნელ-ნელა მიეცით არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა:

რა ჩაიცვას;

რა მიირთვას;

როგორ მოაწყოს საკუთარი სივრცე;

როგორ გამოიყენოს დაბადების დღეზე ნაჩუქარი ფული.

ყოველი ასეთი გადაწყვეტილება შინაგან თავდაჯერებულობას აძლიერებს.

4. ასწავლეთ „არა“-ს თქმა

თავდაჯერებული ბავშვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უნარია საკუთარი პოზიციის დაცვა.

როდესაც გოგონა ამბობს:

„არ მინდა ამის ჭამა“;

„ახლა საუბარი არ მინდა“;

„ეს არ მომწონს“,

და მშობლები მის აზრს პატივს სცემენ, ის სწავლობს, რომ საკუთარი სურვილები და გრძნობები მნიშვნელოვანია.

ასეთი ბავშვები მომავალშიც უფრო მარტივად იცავენ საკუთარ საზღვრებს.

5. უპირობოდ გიყვარდეთ

ყველაზე მნიშვნელოვანი საფუძველი, რომელზეც თავდაჯერებულობა დგას, უპირობო სიყვარულია.

გოგონამ უნდა იცოდეს, რომ მისი ღირებულება არ არის დამოკიდებული ნიშნებზე, გამარჯვებებზე, მედლებზე ან წარმატებებზე.

თუ შეცდება, წააგებს, დაისვრება, ცუდ შეფასებას მიიღებს ან რაიმე არ გამოუვა, მაინც უნდა გრძნობდეს, რომ უყვართ და იღებენ ისეთად, როგორიც არის.

რა ანგრევს გოგონას თავდაჯერებულობას

ფსიქოლოგის თქმით, ხშირად თავდაჯერებულობას გენდერული სტერეოტიპები აზიანებს.

გოგონებს ხშირად უფრო აქებენ სისუფთავისთვის, მორჩილებისთვის და სილამაზისთვის, ვიდრე სიმამაცის, დამოუკიდებლობისა და ლიდერული თვისებებისთვის.

მათ უფრო ხშირად სთავაზობენ ცეკვას, ვიდრე ფეხბურთს, და უქმნიან წარმოდგენას, რომ რისკზე წასვლა, საკუთარი აზრის დაცვა და ლიდერობა ბიჭების საქმეა.

ასე ბავშვი თანდათან იწყებს საკუთარი ინტერესების დათმობას. შეიძლება არ ჩაიწეროს რობოტიკის წრეზე, რადგან „ეს გოგონებისთვის არ არის“, ვერ გაბედოს კრივზე სიარული, ამის მერეკი უარი თქვას დებატებში მონაწილეობაზე ან საკუთარი იდეის გაჟღერებაზეც.

მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ნამდვილი თავდაჯერებულობა საკუთარი განსაკუთრებულობის რწმენას არ ნიშნავს. ეს არის უფლება, სცადო, იპოვო შენი გზა, შეცდე, ისწავლო და იყო თამამი მაშინაც კი, როდესაც შენი ინტერესები საზოგადოებაში დამკვიდრებულ სტერეოტიპებს არ ემთხვევა.

გოგონები, რომლებსაც ძალიან მკაცრი მამა ჰყავდათ, ხშირად ისეთივე მამაკაცს ირჩევენ მეუღლედ, ბიჭები კი ისეთ გოგონებზე ქორწინდებიან, რომლებიც დედას ჰგვანან - ფსიქოლოგების განმარტება
ასეთი გოგონები შეიძლება მთელი ცხოვრება შფოთვითი აშლილობით, ფსიქოსომატური დაავადებებით დაიტანჯონ - ფსიქოთერაპევტი გოგონებში გავრცელებულ სინდრომზე