მიზეზი, რაც ბავშვებში ზრდის შეფერხებას ან სწავლაში სირთულეებს იწვევს: "მშობლები ამ პრობლემას სერიოზულად არ აღიქვამენ და ბავშვი დიაგნოზის გარეშე რჩება" - მშობლები

მიზეზი, რაც ბავშვებში ზრდის შეფერხებას ან სწავლაში სირთულეებს იწვევს: "მშობლები ამ პრობლემას სერიოზულად არ აღიქვამენ და ბავშვი დიაგნოზის გარეშე რჩება"

2026-06-09 20:31:26+04:00

როდესაც ჩვილი სძინავს, დედა მის ყოველ ხმას ყურადღებით უსმენს. ხშირად სუნთქვის რიტმსაც კი აკვირდება და ნებისმიერი უჩვეულო ამოსუნთქვა აფრთხობს. თუმცა, როცა ბავშვი იზრდება, მშობლები უფრო მშვიდდებიან და მის სუნთქვასაც ნაკლებ ყურადღებას აქცევენ. სპეციალისტები ამბობენ, რომ ეს შეცდომაა, რადგან ბავშვებში ხვრინვა ზოგჯერ საკმაოდ სერიოზულ პრობლემაზე მიუთითებს.

რომ ბევრს ჰგონია, თითქოს ხვრინვა მხოლოდ ხანდაზმული ადამიანების პრობლემაა, თუმცა რეალობა სხვაგვარია. საშუალოდ ბავშვების დაახლოებით 2%-ს ძილის ობსტრუქციული აპნოეს სინდრომი აქვს. ეს მდგომარეობა ხასიათდება ძილის დროს სუნთქვის ხშირი შეჩერებებით, რომლებიც შეიძლება 10-დან 30-40 წამამდე გაგრძელდეს. ამ დროს ორგანიზმი ჟანგბადის ნაკლებობას განიცდის.

სპეციალისტი აღნიშნავს, რომ ასეთი ბავშვების დიდი ნაწილი დიაგნოზის გარეშე რჩება. ექიმები ხშირად შესაბამის კითხვებს არ სვამენ, მშობლები კი პრობლემას სერიოზულად არ აღიქვამენ.

როდის არის ხვრინვის მიზეზი ადენოიდები

ბავშვებში ხვრინვის ყველაზე ხშირი მიზეზი გადიდებული ადენოიდები და სასის ნუშურებია.

პრობლემები ხშირად იწყება ალერგიული რინიტით,ხშირი გაციებებით,ცხვირით სუნთქვის გაძნელებით.ბოლო წლებში ალერგიული დაავადებების ზრდასთან ერთად, მსგავსი პრობლემებიც გახშირდა.

თუ ადრე ექიმები ადენოიდებისა და ნუშურების ამოკვეთას სწრაფად მიმართავდნენ, დღეს უფრო ხშირად ცდილობენ კონსერვატიულ მკურნალობას. თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში ოპერაცია აუცილებელია.

სპეციალისტების თქმით, არსებობენ ბავშვები, რომლებსაც ძილის დროს საათში 50-60-მდე სუნთქვის გაჩერება აღენიშნებათ, რაც უკვე ჯანმრთელობისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს.

როგორ ვითარდება ძილის აპნოე

გადიდებული ადენოიდებისა და ნუშურების მქონე ბავშვს დღის განმავლობაში სუნთქვა შედარებით უადვილდება, რადგან კუნთების ტონუსი შენარჩუნებულია.

ღამით მდგომარეობა იცვლება.

ძილის დროს ყელის კუნთები მოდუნებულია, სასუნთქი გზები ვიწროვდება და ჩნდება ხვრინვა. გარკვეულ მომენტში სუნთქვა შეიძლება 10, 20, 30 წამით ან უფრო დიდხანსაც შეჩერდეს.

ამ დროს სისხლში ჟანგბადის დონე ეცემა. ტვინი ჟანგბადის ნაკლებობას აფიქსირებს და ბავშვს ნაწილობრივ აღვიძებს, რათა სასუნთქი გზები კვლავ გაიხსნას. სუნთქვის აღდგენის შემდეგ ბავშვი ისევ იძინებს და პროცესი თავიდან იწყება.

ასეთი განმეორებადი მიკროგაღვიძებები მთელი ღამის განმავლობაში ხელს უშლის ტვინისა და ორგანიზმის სრულფასოვან აღდგენას.

ბავშვის ხვრინვისა და აპნოეს 3 სერიოზული შედეგი

1. ზრდის შეფერხება

ძილის ღრმა ფაზებში გამომუშავდება სომატოტროპული ჰორმონი, რომელსაც ზრდის ჰორმონსაც უწოდებენ.

თუ ბავშვს ძილის სტრუქტურა დარღვეული აქვს და ღრმა ფაზები არასაკმარისია, ზრდის ჰორმონის გამომუშავებაც მცირდება. შედეგად, ბავშვი თანატოლებთან შედარებით უფრო ნელა შეიძლება იზრდებოდეს.

2. სახის ფორმის ცვლილება

როდესაც ცხვირით სუნთქვა გაძნელებულია, ბავშვი მუდმივად ღია პირით სუნთქავს.

ეს დროთა განმავლობაში გავლენას ახდენს ყბისა და სახის განვითარებაზე:

ქვედა ყბა უკან და ქვემოთ ინაცვლებს;

კბილები ერთმანეთზე მჭიდროდ ლაგდება;

შეიძლება შეიცვალოს სახის პროფილიც.

3. გონებრივი და ინტელექტუალური განვითარების შეფერხება

ძილის დროს ტვინი დღის განმავლობაში მიღებულ ინფორმაციას ამუშავებს, აყალიბებს ხანგრძლივ მეხსიერებას და გარემოსთან ადაპტირდება.

თუ ტვინი მუდმივად იღვიძებს ჟანგბადის ნაკლებობის გამო, ეს პროცესები სრულფასოვნად ვერ მიმდინარეობს.

კვლევები აჩვენებს, რომ ხვრინვისა და აპნოეს მქონე ბავშვებს უფრო ხშირად აღენიშნებათ:

  • ყურადღების დეფიციტი;
  • ჰიპერაქტიურობა;
  • მეხსიერების გაუარესება;
  • სასწავლო მასალის ათვისების სირთულეები.

რომელ ნიშნებს უნდა დააკვირდეს მშობელი

სპეციალისტთან კონსულტაცია აუცილებელია, თუ ბავშვს აღენიშნება:

  • ხმამაღალი ხვრინვა;
  • სუნთქვის პერიოდული გაჩერება ძილის დროს;
  • მოუსვენარი ძილი;
  • ღამის ოფლიანობა;
  • ენურეზი;
  • ძილის დროს ხშირი გამოღვიძება;
  • ბოყინი ან ღებინება ღამით.

დღის განმავლობაში ასეთი ბავშვები ხშირად ან ზედმეტად დაღლილები და მოდუნებულები არიან, ან პირიქით — ჰიპერაქტიურები და გაღიზიანებულები.

რატომ არ უნდა გადავდოთ მკურნალობა

საერთაშორისო კლინიკური რეკომენდაციების მიხედვით, მძიმე ხარისხის ძილის აპნოე ქირურგიული მკურნალობის პირდაპირი ჩვენებაა ასაკის მიუხედავად.

მსუბუქ შემთხვევებში შესაძლებელია მედიკამენტური და თერაპიული მკურნალობა, თუმცა სპეციალისტები ხაზს უსვამენ, რომ პრობლემა უყურადღებოდ არ უნდა დარჩეს.

თუ ბავშვი რეგულარულად ხვრინავს, სუნთქვა უჩერდება ან ძილი არაკომფორტულია, აუცილებელია პედიატრის, ოტორინოლარინგოლოგისა და საჭიროების შემთხვევაში, სომნოლოგის კონსულტაცია. დროული დიაგნოსტიკა არა მხოლოდ ძილის ხარისხს აუმჯობესებს, არამედ ბავშვის ჯანმრთელ ზრდასა და განვითარებასაც უწყობს ხელს.

რა ასაკიდან უნდა იძინებდეს ბავშვი ცალკე ოთახში და რომელ ასაკში რამდენი საათი უნდა ეძინოს - თამარ ედიბერიძის რეკომენდაციები
რომელი ასაკიდან სჭირდება ბავშვს ბალიში და რომელ ასაკში რა სისქის ბალიშზე უნდა ეძინოს პატარას
რამდენ საათს უნდა ეძინოს ბავშვს სხვადასხვა ასაკში და რომელ საათზე უნდა იძინებდეს - გახმაურებული ცხრილი