29 წლის თეონა შარიასა და 32 წლის ელენე ლომსაძეს უამრავი გულშემატკივარი ჰყავს. ისინი კონტენტკრეატორები არიან და სხვადასხვა სახალისო ვიდეოს სოციალურ ქსელებში ხშირად აქვეყნებენ. განსაკუთრებულ გამოხმაურებას იწვევს ის ვიდეოები, სადაც თეონა და ელენე მამაკაცების როლებში არიან და მათ ზოგიერთ ფრაზასა თუ ქცევას იუმორით აღწერენ. მაყურებელს ის ხუმრობები, რომლებსაც თეო და ელენე ხშირად სპონტანურად, ზედმეტი დაგეგმვისა და წინასწარ გაწერილი ტექსტის გარეშე, სთავაზობენ, ძალიან უყვარს და არაერთ თბილ კომენტარსაც გამოხატავს.
დღეს თეონასა და ელენეს უფრო ახლოს გაგაცნობთ, მოგიყვებით, რას საქმიანობენ ისინი ეკრანს მიღმა, როგორი რეაქცია აქვთ უარყოფით კომენტარებზე და რა ხდება ძირითადად მათი ვიდეოების ინსპირაცია:
ელენე: - ძირითადად, სულ საქმით ვარ დაკავებული. თავისუფალ დროს სერიალების ყურება მიყვარს. სხვადასხვა ბრენდისთვის ვიდეოკონტენტს ვამზადებ, რაც საკმაოდ შრომატევადია.
თეონა: - ორივე პროდიუსერები ვართ. ტელევიზიაში, დაახლოებით, 8 წელი ვმუშაობდით. შემდეგ კი ეს TikTok-პროექტი და ფრილანსერული საქმიანობა დავიწყეთ. მე ფრილანსერი ვარ, კონკრეტულ ოფისში არ ვმუშაობ. შესაბამისად, თავს ძალიან ბედნიერად ვგრძნობ.
ელენე: - რეალურად ყველაფერი შემთხვევით მოხდა. უბრალოდ, ერთი TikTok-ვიდეო გადავიღეთ. მანამდე ერთმანეთს იდეებს: "ეს გადავიღოთ", მუდმივად ვუგზავნიდით ხოლმე, თუმცა არაფერს ვიღებდით. საბოლოოდ ერთი ვიდეო ჩავწერეთ, რომელიც ძალიან პოპულარული გახდა და ფართო აუდიტორია მოიცვა. მას შემდეგ ამ მიმართულებას მივყევით და მუშაობა პირდაპირ იმავე სტილში გავაგრძელეთ.
თეონა: - ამ ვიდეოს გამოქვეყნებამ მართლაც ძალიან დიდი გამოხმაურება გამოიწვია. მოგვიანებით მივხვდით, რომ ეს ყოველივე, გარკვეულწილად, სასარგებლო საქმესაც ემსახურებოდა. ჩვენი იუმორით გოგონებს ვუჩვენებთ, თუ როგორ მამაკაცებთან არ ღირს ურთიერთობის დაჭერა. თავიდან მამაკაცების მხრიდან გარკვეული აგრესია კი იგრძნობოდა, თუმცა ამჟამად, უმეტესწილად, ჩვენს ვიდეოებზე უფრო ერთობიან და მოსწონთ. რა თქმა უნდა, ნეგატიური კომენტარების ავტორებიც არსებობენ, თუმცა მათი რაოდენობა მცირეა.
თეონა: - თავიდან ძალიან აგრესიულები იყვნენ. გვეკითხებოდნენ: "ეს რა არის?", "თქვენ რა გამოცდილება დააგროვეთ?", "რა კატეგორიის მამაკაცებს ხვდებით?" და ა.შ. თუმცა მიმაჩნია, რომ ნეგატიური რეაქცია ზუსტად იმ ადამიანებს აქვთ, ვინც ამ ვიდეოებში საკუთარ თავს ამოიცნობს. ვინც არ ამოიცნობს, ან თუნდაც ამოიცნობს, მაგრამ იუმორის გრძნობა გააჩნია, ვფიქრობ, ძალიან გაერთობა. ეს "ჰეითი" ჩვენ დიდად არ გვაინტერესებს და ყურადღება მისთვის არც არასდროს მიგვიქცევია.
ელენე: - რეალურად, ასეთი ადამიანი ძალიან ცოტაა. აუდიტორიის 99% ხუმრობას ხვდება და ჩვენთან ერთად ერთობა. მხოლოდ 1%-ია ისეთი, ვინც ნებისმიერ საკითხზე აგრესიული და ყველას, მათ შორის ჩვენც, აკრიტიკებს.
თეონა: - პირველ რიგში, აღვნიშნავდი იმას, როდესაც ურთიერთობა იწყება, გოგოც და ბიჭიც ყოველთვის ცდილობს, სხვისი როლი მოირგოს და საკუთარი თავი იდეალურად წარმოაჩინოს. მიმაჩნია, რომ მთავარი პრობლემაც და, ჩემი აზრით, სასაცილოც სწორედ ეგ არის. თავიდან როდესაც ცდილობ, თავი რეალურზე უკეთეს პერსონაჟად წარმოაჩინო, დროთა განმავლობაში, ურთიერთობის გაღრმავებისას, ნამდვილ სახეს მაინც ორივე პარტნიორი აღმოაჩენს. ამიტომ ყველას ვურჩევდი, თავიდანვე თავისუფლები და ისეთები იყვნენ, როგორებიც სინამდვილეში არიან.
ელენე: მამაკაცებზე ხუმრობის გარდა, სხვა რუბრიკებიც გვაქვს. მაგალითად, ვამზადებთ "რეიტინგ ბრეიქინგ ნიუსს", რომელიც მაყურებელს ასევე ძალიან უყვარს. ახალ ამბებს იუმორისტული ფორმით გადმოვცემთ - გარკვეულ დეტალებს ვცვლით, ვაზვიადებთ და, მოკლედ, სახალისო საინფორმაციო ფორმატი გვაქვს შემუშავებული.
თეონა: - ყოველთვის ერთმანეთი. ერთად ყოფნისას, უბრალოდ, ბევრს ვიცინით, უამრავი იდეა მოგვდის და შემდეგ მათ ვახორციელებთ.
თეონა: - ტელევიზიაში მუშაობისას დავმეგობრდით, სადაც საერთო პროექტებზე გვიწევდა მუშაობა. სადღაც ექვსი წელია, რაც ერთმანეთს ვიცნობთ და ვმეგობრობთ.
თეონა: - არა, არანაირად. პირიქით, მე და ელენეს ძალიან გვიხარია, რომ ადამიანებს ვაცინებთ და ვამხიარულებთ. რეალურად, ჩვენი მიზანიც ეს არის და არა ვინმეს დაკნინება ან ბულინგი. უბრალოდ, ჩვენი ხუმრობით ქალებს გარკვეული კატეგორიის მამაკაცების რეალურ სახეს ვუჩვენებთ და ამით საზოგადოებას ვაცინებთ.
თეონა: - ხშირ შემთხვევაში, იდეები უშუალოდ პროცესში ჩნდება. როდესაც რეკლამას გვიკვეთავენ და სცენარის წინასწარ გაგზავნას გვთხოვენ, ხშირად ეს უხერხულობასაც იწვევს, რადგან წინასწარ ზუსტად გაწერილი ყველა დეტალი, როგორც წესი, არ გვაქვს. წინასწარ დაწერილ ხუმრობებზე თავად აღარ გვეცინება, ამიტომ ყველაფრის სპონტანურად კეთება გვირჩევნია. შედეგად, ვიდეოში სიცილიც ბუნებრივი გამოდის, რაც ხალხს განსაკუთრებით მოსწონს.
ელენე: - ხალხისგან უდიდეს სიყვარულს ვგრძნობთ. ქუჩაში ბევრი ადამიანი გვცნობს და თბილ ემოციებს გამოხატავს. ეს ყველაფერი გარკვეულ მოტივაციას გვაძლევს, რომ უფრო მეტი და ხარისხიანი კონტენტი შევქმნათ. ამასთანავე, ამ საქმიანობამ საქმის მხრივ მეტი თავისუფლება მოგვანიჭა. ბევრი ამას სერიოზულ სამსახურად არ მიიჩნევს, თუმცა რეალურად ეს სფერო დიდ შრომას მოითხოვს. აქ საკუთარი თავის უფროსი თავად ხარ, რაც ძალიან კარგია.
ელენე: - ჩვენ მსგავსი ბარიერი არ გვქონია.
თეონა: - კამერასთან კომპლექსი არასდროს მქონია, პირიქით, საკმაოდ გახსნილი ვარ, თუმცა პროცესს ვინმე თუ ესწრება, მაშინვე ვიბნევი. ასეთ დროს ხუმრობა ხშირად უხერხული გამოდის, რის გამოც კადრის ხელახლა გადაღებას ვითხოვთ. უცხო ადამიანების თანდასწრებით თავისუფლად ვერ ვხუმრობ. თუმცა, უშუალოდ კამერის კომპლექსი ნამდვილად არ მაქვს.
ელენე: - განსაკუთრებულს არაფერს ვეტყოდი. მათ უბრალოდ არ იციან, რომ იდეის მოფიქრება, გადაღება და მონტაჟი დიდ ენერგიას, ფიქრსა და დროს მოითხოვს. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, კამერა ჩართოს, თუმცა მაყურებლის დაინტერესებას სპეციფიკური მიდგომა სჭირდება. ტელეფონში დღეში ათასობით ვიდეოს ყურებისას ადამიანები ვერ აცნობიერებენ, თუ რამხელა შრომა დგას თითოეული კადრის უკან.

ელენე: - ძალიან უხარიათ. დედაჩემს ჩვენი არცერთი ვიდეო არ გამოუტოვებია, ყველა პოსტზე კომენტარს გვიწერს და თავის სიყვარულს საჯაროდ გამოხატავს.
თეონა: -თავიდან მამაჩემი სოციალურ ქსელში დაბლოკილი მყავდა, რადგან მეგონა, უარყოფითი კომენტარები მასზე ცუდად იმოქმედებდა. თუმცა, ბლოკის მოხსნის შემდეგ, ჩვენს ვიდეოებზე ისე ერთობა, ახლა ვნანობ, საერთოდ რატომ დავბლოკე-მეთქი (იცინის). ოჯახის წევრები ძალიან გვიჭერენ მხარს.
თეონა: - პირველ რიგში, ხალხს ჰგონია, რომ რაკი მამაკაცებს ვაკრიტიკებთ, ამ სფეროში ბევრი უარყოფითი გამოცდილება გვაქვს, რაც მცდარია. ჩვენი იდეები მეგობრების მონათხრობი ისტორიებიდან და საკუთარი ფანტაზიიდან მოდის. ასევე, რეალურად, ხალხმრავალ ადგილებში სიარული საერთოდ არ გვიყვარს და საკმაოდ ინტროვერტები ვართ. სხვადასხვა ღონისძიებაზე მოხვედრისას მე და ელენე ყოველთვის ცალკე ვდგავართ, თითქოს გარშემო არავინ იყოს, ისე ვერთობით. სანამ სხვები სვამენ და საუბრობენ, ჩვენ სახლში წასვლის დროს ველოდებით (იცინის). ამას, ალბათ, მაყურებელი, ჩვენი ვიდეოებიდან გამომდინარე, ნამდვილად ვერ იფიქრებდა.
ელენე: - დანარჩენი, ვფიქრობ, ეკრანზეც ისეთები ვართ, როგორებიც ცხოვრებაში. გადაღებების მიღმაც სულ ვხუმრობთ, ვერთობით და ვიცინით.
თეონა: - განსაკუთრებული არაფერი, თუმცა ისევ გავმეორდები: ვისაც იუმორი აქვს, ჩვენს ვიდეოებზე კარგად გაერთობა, ხოლო ვისაც ეს ყველაფერი აღიზიანებს, შეუძლია, უბრალოდ გვერდი აუაროს. ჩვენ ცუდს არაფერს ვაკეთებთ და არავის ვაკნინებთ. პირიქით, ყველა ძალიან გვიყვარს და მაყურებლის მადლიერები ვართ. ბოროტი განზრახვა არასდროს გვაქვს, რადგან ადამიანების გაცინება უდიდეს სიამოვნებას გვანიჭებს და ჩვენი მთავარი მოტივაციაც სწორედ ეს არის.

თამარ იაკობაშვილი