გადაცემის შეხვედრები ეკა ხოფერიასთან მორიგი ეპიზოდი ნინო ანანიაშვილს ეძღვნებოდა. ცნობილმა ბალერინამ და ქორეოგრაფმა ისაუბრა კარიერაზე, ახალ დადგმებზე, ასევე - შვილზე და ძმიშვილზე.
მისი ქალიშვილი ელენე ბალეტს არ გაჰყვა. ბავშვობიდან ცხენოსნობით იყო გატაცებული. ამჟამად თსუ-ს სტუდენტია. დედას ხშირად აძლევს რჩევებს და ეხმარება ტექსტების მომზადებაში.




ნინო ანანიაშვილი:
- ელენეს ძალიან უყვარს თბილისი, ამიტომ არსად წავიდა სასწავლებლად, აქ დარჩა. ძალიან კომფორტულად გრძნობს თავს - ჩვენი ურთიერთობა, მეგობრები..
სხვათა შორის, მინდა ვთქვა, რომ ეს ჩემი მეუღლის გადაწყვეტილება და დამსახურებაა. იმიტომ, რომ ჩვენ ელენე შეგვეძლო გაგვეჩინა სადაც გვინდოდა – ამერიკაში, იქ, აქ...მაგრამ ჩემმა მეუღლემ თქვა: „მე მინდა, რომ ელენე გაიზარდოს ქართველად, ჰყავდეს ქართველი მეგობრები.“ ქართულ სკოლაში შევიყვანეთ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობს...
მამაჩემმა რომ გაიგო, ელენემ უნივერსიტეტში ჩააბარა და არა სადღაც სხვაგან, ალბათ სიცოცხლის ბოლო წუთებამდე უხაროდა.თან დამატებით საგნად გეოლოგია აირჩია (ნინო ანანიაშვილის მამა ვახტანგ ანანიაშვილი გეოლოგი იყო - რედ.) და საერთოდ უბედნიერესი იყო.
ელენე ვაშაძე:
- ბავშვობიდან ჩართული ვარ ნინოს ამბებში. სულ მაინტერესებს ეს შიდა სამზარეულო, დასის წევრების, ყველას სახელი ვიცი, რას ცეკვავენ, როგორ არიან. ფოტოები რომელი სპექტაკლიდან არის, ისიც კი. ნინო რომ თავის და თავისი პარტნიორის ფოტოს მაჩვენებდა, ვიცოდი კოსტიუმით, რა იყო, რომელი სპექტაკლიდან. რაღაც ტექსტებსაც ვუწერ ხოლმე. მაგალითად, ან თვითონ თუ წერს რაღაცას, ჩემებურად ვუსწორებ და ვუზიარებთ ერთმანეთს – „მოგწონს ეს?“ ინტერვიუებამდეც ვზივართ. თუ ძალიან მნიშვნელოვანი ინტერვიუა, ვალაგებთ რაღაც აზრებს. ეს ჩართულობა პატარაობიდან დაიწყო და ეს არ იყო ძალდატანება, თავისთავად მოხდა.
...ზოგადად, ბავშვობაში მინდოდა, რომ ვყოფილიყავი ბალერინა და ამას ოჯახში ვამბობდი – მინდა, რომ ბალერინა ვიყო-მეთქი. მაგრამ მამაჩემმა გამომიცხადა: „ერთი ბალერინა საკმარისია ოჯახშიო.“ რაღაცნაირად ეს ოცნება დამრჩა ჩემში. შეიძლება, მაქედანაც არის გამოწვეული, რომ რაღაცნაირად ჩემი ბავშვური ოცნება არ ამიხდა. არც ფიგურა და არც სხვა მონაცემები მიწყობდა დიდად ხელს.დიდი ვიყავი და სხვა ინტერესებიც მქონდა. ცხენოსნობაზე დავდიოდი ექვსი წლიდან და ასე შემდეგ. ამიტომ არც მიფიქრია სერიოზულად.
ცხრა წელი ვისწავლე მუსიკალურ სკოლაში, მანანა დოიჯაშვილის მუსიკალურ სემინარიაში.
ნინო:
- ელენეს შეუძლია დაკვრა, სიმღერა, აწყობა. ეს ძალიან დიდი ბედნიერებაა. სულ ამას ვამბობ – მე მინდა, მაგრამ არ შემიძლია.
რაც შეეხება ნინოს ძმიშვილს - ნინო ანანიაშვილი უმცროსი, მსახიობია. რამდენიმე როლი არის უკვე მის ანგარიშზე, მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე და ასევე სერიალში. გარდა ამისა, მამიდის სახელობის სტუდიას ხელმძღვანელობს, რომელიც ბალეტის პატარება და დიდი მოყვარულებისთვის არის.




