5 უცნაური სიმპტომი, რომელიც განიშნებთ, რომ თქვენს ორგანიზმს სითხე აკლია - მშობლები

5 უცნაური სიმპტომი, რომელიც განიშნებთ, რომ თქვენს ორგანიზმს სითხე აკლია

2026-06-10 16:05:46+04:00

წყალი სიცოცხლის საფუძველია. ეს ყველამ სკოლიდან ვიცით, თუმცა ყოველდღიურ ცხოვრებაში იშვიათად ვფიქრობთ, რეალურად რამდენ სითხეს ვიღებთ დღის განმავლობაში. დილა ხშირად ყავით იწყება, დღის განმავლობაში წვენს ან გაზიან სასმელს ვირჩევთ. ამ დროს სუფთა წყალი ხშირად უკანა პლანზე რჩება.

ორგანიზმი გარკვეული დროის განმავლობაში ახერხებს ადაპტირებას და გვიგზავნის სიგნალებს, რომლებსაც დაღლილობას, სტრესს ან უბრალოდ ცუდ განწყობას ვაბრალებთ. სინამდვილეში კი ეს შეიძლება გაუწყლოების ნიშნები იყოს.

წყლის არასაკმარისი მიღება დღეს საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა. გაუწყლოების ზოგიერთი სიმპტომი იმდენად მოულოდნელია, რომ ადამიანებს იშვიათად უკავშირებენ მას სითხის ნაკლებობას. თავის ტკივილი, კანის სიმშრალე, ტკბილეულის სურვილი — ბევრს არც კი გაუჩნდება ეჭვი, რომ ამის მიზეზი წყლის დეფიციტი შეიძლება იყოს. თუმცა სწორედ ასეთი ნიშნები მიანიშნებს, რომ ორგანიზმს მეტი სითხე სჭირდება.

თუ ამ სიგნალებს ყურადღებას არ მივაქცევთ, შესაძლოა დროთა განმავლობაში უფრო სერიოზული პრობლემებიც განვითარდეს — თირკმლის კენჭებიდან და ქრონიკული დაღლილობიდან დაწყებული, კონცენტრაციის დარღვევით დასრულებული.

1. უსიამოვნო სუნი პირიდან ან პირის სიმშრალე

უსიამოვნო სუნი პირიდან ყოველთვის გაუწყლოებას არ ნიშნავს, თუმცა ის ხშირად სწორედ ამ პრობლემის ერთ-ერთი ნიშანია.

როდესაც ორგანიზმს წყალი აკლია, ნერწყვის გამომუშავება მცირდება. ნერწყვი კი საკვების ნარჩენების მოცილებასა და ბაქტერიების რაოდენობის შემცირებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. მისი ნაკლებობის შემთხვევაში პირის ღრუში ბაქტერიები უფრო სწრაფად მრავლდება, რაც უსიამოვნო სუნს იწვევს.

გარდა ამისა, პირის მუდმივი სიმშრალეც შეიძლება ორგანიზმის მიერ გამოგზავნილი მნიშვნელოვანი სიგნალი იყოს.

2. კუნთების სპაზმები და კრუნჩხვები

სპეციალისტების აზრით, ფიზიკური დატვირთვის დროს ან ყოველდღიური მოძრაობისას კუნთების კრუნჩხვების ერთ-ერთი მიზეზი სწორედ გაუწყლოებაა.

წყლის დეფიციტთან ერთად ორგანიზმს ხშირად აკლდება ისეთი მნიშვნელოვანი მინერალები, როგორებიცაა ნატრიუმი და კალიუმი. ეს ნივთიერებები აუცილებელია ნერვული სისტემის ნორმალური მუშაობისა და მჟავა-ტუტოვანი ბალანსის შესანარჩუნებლად.

თუ ხშირად გაწუხებთ კუნთების უნებლიე შეკუმშვა, სპაზმები ან კუნთების მტკივნეული დაჭიმულობა, შესაძლოა მიზეზი სწორედ სითხის ნაკლებობა იყოს.

3. თავის ტკივილი

თავის ტკივილი გაუწყლოების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ნიშანია.

წყლის დეფიციტმა შეიძლება გამოიწვიოს როგორც მსუბუქი, ისე საკმაოდ ძლიერი ტკივილი. ზოგიერთ შემთხვევაში კი ის შაკიკის შეტევების პროვოცირებასაც ახდენს.

თუ თავის ტკივილი ხშირად გაწუხებთ, პირველ რიგში დაფიქრდით, იღებთ თუ არა საკმარის სითხეს დღის განმავლობაში.

4. გაციების ან გრიპის მსგავსი სიმპტომები

თავის ტკივილი, სისუსტე, მსუბუქი გულისრევა, შემცივნება — ეს სიმპტომები ხშირად გვაფიქრებინებს, რომ ვირუსი შეგვეყარა.

თუმცა მედიკოსების თქმით, ზოგჯერ მსგავსი ჩივილები უბრალოდ გაუწყლოების შედეგია. განსაკუთრებით საწყის ეტაპზე, როდესაც ადამიანს შეიძლება მცირე სიცხის შეგრძნება ან შემცივნებაც კი ჰქონდეს.

ამიტომ, სანამ საკუთარ თავს გრიპის დიაგნოზს დაუსვამთ, დაფიქრდით, რამდენ წყალს სვამთ დღის განმავლობაში.

5. მუდმივი შიმშილის შეგრძნება

წყურვილისა და შიმშილის სიგნალები თავის ტვინის ერთსა და იმავე უბანთან — ჰიპოთალამუსთან — არის დაკავშირებული.

სწორედ ამიტომ, ადამიანები ხშირად ერთმანეთში ურევენ წყურვილსა და შიმშილს. თუ ჭამიდან მალევე ისევ შიმშილის შეგრძნება გეუფლებათ, შესაძლოა თქვენს ორგანიზმს სინამდვილეში წყალი სჭირდებოდეს.

ამ მიზეზით დიეტოლოგები ხშირად გვირჩევენ, რომ დღის განმავლობაში საკმარისი რაოდენობის წყალი მივიღოთ. ზოგჯერ ეს არა მხოლოდ საერთო ჯანმრთელობას, არამედ წონის კონტროლსაც უწყობს ხელს.

6. მუდმივი დაღლილობა

წყალი ორგანიზმს ეხმარება საკვები ნივთიერებების უჯრედებამდე მიტანასა და ორგანოების გამართულ მუშაობაში.

როდესაც სითხე არასაკმარისია, ეს პროცესები ფერხდება, რის გამოც ადამიანი ენერგიის ნაკლებობასა და ძლიერ დაღლილობას გრძნობს.

გარდა ამისა, წყლის დეფიციტი ძილის ხარისხზეც მოქმედებს. ადამიანები, რომლებიც დღის განმავლობაში საკმარის წყალს არ სვამენ, უფრო ხშირად იღვიძებენ ღამით და დილით დასვენებულად ვერ გრძნობენ თავს.

გახსოვდეთ: გაუწყლოების თავიდან აცილების საუკეთესო გზა წყლის რეგულარული მიღებაა. თუ ხშირად ამჩნევთ ზემოთ ჩამოთვლილ ნიშნებს, შესაძლოა ორგანიზმი უკვე დიდი ხანია დახმარებას გთხოვთ. ზოგჯერ ერთი შეხედვით უმნიშვნელო ჩივილების უკან სწორედ წყლის დეფიციტი იმალება.

რა რაოდენობის წყალი უნდა მივიღოთ, როცა ძალიან ცხელა და რატომ არის კარგი ამ დროს ცხელი ჩაი - ენდოკრინოლოგის რჩევები ზაფხულისთვის