ვინ არის კარგი მშობელი - ნატა მეფარიშვილი საინტერესო კროტერიუმებს ასახელებს - მშობლები

ვინ არის კარგი მშობელი - ნატა მეფარიშვილი საინტერესო კროტერიუმებს ასახელებს

2026-06-11 08:44:36+04:00

სამსახური, საოჯახო საქმეები, ბავშვის განვითარებაზე ზრუნვა და მუდმივი განცდა იმისა, რომ დრო არ გვყოფნის... ნაცნობი სურათია, ხომ? დღეს ბევრი დედა ცხოვრობს იმ ფარული შიშითა და შფოთვით, რომ თავის მოვალეობას თავს სრულფასოვნად ვერ ართმევს და შვილებს აკლებს იმ ყურადღებას, რაც მათ სჭირდებათ. თუმცა, ფსიქოლოგები სულ სხვა რამეზე მიგვითითებენ: შფოთვა იმის შესახებ, ხარ თუ არა კარგი მშობელი, სწორედ იმაზე მეტყველებს, რომ შენთვის ეს პასუხისმგებლობა უმნიშვნელოვანესია. მოდით, შევხედოთ ამ საკითხს მეორე მხრიდან — იქნებ ჩვენი მცირე შეცდომები და შვილებისთვის მიცემული თავისუფლება მათი დამოუკიდებლობის საწინდარიც კია?

პოდკასტში „ჯანსაღი დიალოგი“ ფსიქოლოგი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ნატა მეფარიშვილი აღზრდის პარადოქსებზე, ქცევის მართვასა და იმ უხილავ ზღვარზე საუბრობს, რომელიც მზრუნველობასა და ჰიპერ-კონტროლს შორის გადის.

"ადამიანი გაცილებით ჯანმრთელია ფსიქიკურად, როდესაც ბავშვობიდან უფროსები დაეხმარნენ იმის გაცნობიერებაში, რომ შეცდომები შესაძლებელია, რომ უშეცდომო არავინ არი და, როცა დავუშვებთ, შეგვიძლია მერე მოვბრუნდეთ, კრიტიკულად შევხედოთ და, თუ მოგვინდება, აღარ დავუშვათ. თუ ასეთი უფროსები შემხვდნენ, რომლებიც შეცდომების დაშვების ნებას მაძლევდნენ და უკიდეგანოდ არ მაკრიტიკებდნენ, მხარდამჭერი იყვნენ და, თუ მომინდებოდა გამოსწორება, მეხმარებოდნენ ამაში, მაშინ ალბათობა იმისა, რომ მე მშობლობასთან დაკავშირებული განცდები, რომ არ ვარ საკმარისად კარგი, ნაკლები მექნება.

მშობლობა არის გონივრული გადაწყვეტილება, რომელიც ზრდასრულ ასაკში უნდა მიიღოს ადამიანმა... როდესაც რაღაც პროფესია გვაქვს და ვასრულებთ ჩვენს საქმიანობას, ეს ხო, პასუხისმგებლობაა პროფესიის მიმართ, საკუთარი თავის მიმართ, სხვა ადამიანის მიმართ, ასევეა მშობლობაც. როდესაც პასუხისმგებლობა მაქვს, ამ პასუხისმგებლობის კარგად შესრულებაზე უნდა ვფიქრობდე. თუ მინდა, რომ წარმატებული მშობელი ვიყო, უნდა მოვიქცე ისე, რომ მეტი ინფორმაცია მივიღო, ვიკითხო, დავიხვეწო და მახსოვდეს, რომ მშობლობა არის განგრძობითი პროცესი, რომლის დროსაც ვსწავლობ საკუთარი თავისგან, ვსწავლობ სხვებისგან, ვინც უფრო გამოცდილია, ვსწავლობ პროფესიონალებისგან და, პირველ რიგში, საკუთარი შვილისგან. იმიტომ რომ ბავშვები არიან ის ადამიანები, რომლებიც ბევრ რამეს გვასწავლიან — უფროსებისგან განსხვავებით ისინი არიან ლაღები, ბუნებრივები, სიმართლის მთქმელები და გვიყვებიან თავიანთი ქცევით და მოქმედებით საკუთარ თავზე.

ყველა ადამიანი ხო ძალიან ინდივიდუალური და განსხვავებულია? იმიტომ მე რომ უნდა ვიცოდე, რომ ხუთი შვილი, 10 შვილიც რომ მყავდეს, ყველა ინდივიდია, ყველა განსხვავებულია და თითოეულზე მომიწევს დაკვირვება.

შესაბამისად, საკმარისად კარგი მშობელი არის ის მშობელი, რომელსაც აქვს მეტ-ნაკლებად კარგი ცოდნა აქვს განვითარების შესახებ, აქვს უნარი, მოუსმინოს და დააკვირდეს საკუთარ შვილს, მისცეს უპირობო სიყვარული ნებისმიერ შემთხვევაში. როგორც არ უნდა მოიქცეს ის, რა შეცდომაც არ უნდა დაუშვას, ბავშვი უნდა გრძნობდეს, რომ ის უყვართ შეცდომითაც და შეცდომის გარეშეც. ფსიქიკური ჯანმრთელობის ფუნდამენტია, როდესაც ვიცი, რომ უსაფრთხოდ ვარ. და ეს უსაფრთხოება მშობლების ამ ქცევით განისაზღვრება ჯერ სახლში, შემდეგ ბაღშიც ესე უნდა იყოს, სკოლაშიც ესე უნდა იყოს, სანამ გავიზრდები. და რომ გავიზრდები და ზრდასრული ვიქნები, ასე თუ გამზარდეს, როცა ნაკლებ უსაფრთხო გარემო შემხვდება იქ, სავარაუდოდ, თავის დაცვას შევძლებ, ან გაცლას შევძლებ ამ გარემოსგან, ან სიტუაციის ისე დალაგებას, რომ მე საფრთხე არ შემექმნას.

საკმარისად კარგი მშობელია ის, რომელმაც პასუხისმგებლობა აიღო მშობლობაზე, გააცნობიერა, რომ მშობელი უნდა იყოს, ზუსტად იცის, თუ რისი რესურსი აქვს, რომ შვილები ჯანსაღ მოქალაქეებად აქციოს და მუდმივად ცდილობს საკუთარი თავის დახვეწას იმ საშუალებებით, რაც არსებობს ან მის ქვეყანაში, ან, თუ წვდომა აქვს, სხვა ქვეყნებში სპეციალისტებთან და სხვა მშობლებთან", - აღნიშნავს ნატა მეფარიშვილი და მშობელთა ფსიქილოგიურ ტრავმებსაც ეხება და ურჩევს მათ, კარგად იზრუნონ საკუთარ თავებზეც, რათა მშობლობისთვის საკმარისი ძალა და უნარი შესწევდეთ.

"ტრავმირებული უფროსი, სანამ თავის თავს არ უშველის, მანამდე ეს კარგი მშველელი და დამხმარე ვერ იქნება უმცროსისთვის.ხშირად, მშობლების კონსულტაციის დროს, ამაზე აქცენტებს ვაკეთებთ ხოლმე - როგორ უნდა იზრუნო საკუთარ თავზე და ჯანმრთელობაზე. ცუდად არ გამიგებს მსმენელი, ალბათ, და ცოტა ეგოისტური ნაწილი უნდა წამოწიო წინ, რომ: ჯერ მე ვარ კარგად და მერე ყველა დანარჩენი სხვა. ეს არის სწორედ საკმარისად კარგი მშობლობა, რომ ვარ გაწონასწორებული, ვარ კარგად იმისთვის, რომ ყველაფერი გამომივიდეს. არა მხოლოდ მშობლობა, ასევე პროფესიონალიზმი, პროფესია არ გამოდის, თუ არა ვარ კარგად. თუ ფსიქიკური ჯანმრთელობა მოშლილი მაქვს, რაც არ უნდა გონიერი და მაღალი IQ-ს მქონე ვიყო, არ გამომივა. ამიტომაა ასეთი მნიშვნელოვანი ჯანმრთელობის სფეროს ეს ნაწილი, რომელიც ძალიან მისახედია ჩვენს ქვეყანაში და იმედია, რომ რაღაცნაირად ამაზე სერიოზულად დავფიქრდებით," - ამბობს ნატა მეფარიშვილი.

საუბარი შეეხო ზომიერებასაც.

"მშობლებს, რომლებსაც არ ჰქონდათ, ვთქვათ, საკმარისი ტანსაცმელი, არ ჰქონდათ საკმარისი საშუალება განათლებისთვის, წიგნი... დაუმუშავებელი ტრავმიდან გამომდინარე, შეიძლება ჰქონდეთ ეს ჰიპერკომპენსატორული ქცევები, რომლის დროსაც ზედმეტს შვრებიან. და, მგონია კონკრეტული თაობები ამიტომ აღმოჩნდნენ ზედმეტ ფუფუნებაში, ზედმეტ რაღაცებში... ზღვარი ვერ დაიცვეს მშობლებმა და ამასთან გამკლავება, გზის გაკვალვა და ასე შემდეგ შეიძლება არ გამოსდიოდეთ.

ამ ზომიერების დაცვა გამოვა თუ არ გამოვა, ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი საკითხია, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ტრავმამ შეიძლება ეს გამოიწვიოს - რაც მე არ მქონდა, ჩემს შვილს ჰქონდეს, რომელიც ზოგჯერ ასეთი წამლეკავია და საწინააღმდეგო შედეგს იძლევა," - ამბონს ნატა მეფარიშვილი.

თუ ბავშვს ასეთ შეკითხვებს ხშირად დაუსვამთ, ეს ბედნიერების პირდაპირი საწინდარი იქნება - ნატა მეფარიშვილი ბავშვებსა და მოზარდებზე
რა ძალა აქვს ბავშვის მეგობარს და უნდა ჩაერიოს თუ არა მშობელი შვილისთვის მეგობრების არჩევაში - ფსიქოლოგ ნატა მეფარიშვილის რჩევები