ექიმი-რეპროდუქტოლოგი მანანა მგალობლიშვილი სოციალურ ქსელში, საკუთარ გვერდზე, საუბრობს, თუ როგორ უნდა გამოვთვალოთ განაყოფიერების დღეები და რა ინტერვალის დაცვაა სქესობრივ კონტაქტებს შორის სასურველი:
- ბევრს ჰგონია, რომ თუ სქესობრივი კონტაქტი ყოველდღე ექნება, ამით დაორსულების შანსს უფრო გაზრდის, მაგრამ ეს ასე არ არის. გააჩნია, რა ინტერვალია სქესობრივ კონტაქტებს შორის და ასევე, უფრო მნიშვნელოვანია, მენსტრუალური ციკლის რა პერიოდში ხდება სქესობრივი კონტაქტი. იმისათვის, რომ ქალი დაორსულდეს, კვერცხუჯრედი სპერმატოზოიდმა უნდა განაყოფიეროს. თუ მამაკაცს ყოველ სქესობრივ კონტაქტზე კვერცხუჯრედის განაყოფიერება შეუძლია, ქალს ასე არ შეუძლია, რადგან მისი კვერცხუჯრედი, სქესობრივი კონტაქტის არსებობის მიუხედავად, მაინც გამოიყოფა. ის მენსტრუალური ციკლის შუა პერიოდში გამოიყოფა.
ეს იმას ნიშნავს, რომ მაგალითად, თუ მენსტრუალური ციკლი 28-დღიანი ან 30-დღიანი გაქვთ, ის დაახლოებით შუა პერიოდში - 28-დღიანის შემთხვევაში მე-14 დღეს, ხოლო 30-დღიანი ციკლის შემთხვევაში, შესაბამისად, მე-15 დღეს ემთხვევა. მენსტრუალური ციკლი, რასაც ასევე ბევრი არასწორად ითვლის, ასე ითვლება: მენსტრუაციის დაწყებიდან შემდეგი მენსტრუაციის დაწყების პირველ დღემდე. აი, ეს არის მენსტრუალური ციკლი. დავთვალოთ დღეები: თუ ჩვეულებრივ, უმეტესად, ვთქვათ, 28-დღიანი ან 30-დღიანი ციკლი გაქვთ (აუცილებელი არ არის, ყოველთვის ზუსტად 28-დღიანი იყოს, შეიძლება 28-30 დღე იყოს, დაახლოებით), ეს იმას ნიშნავს, რომ განაყოფიერება დაახლოებით მე-14 ან მე-15 დღეს ხდება.
შეიძლება აქ ასეთი კითხვა დაიბადოს: რატომ არ შეიძლება მაშინ ყოველდღე გვქონდეს კონტაქტი, ხომ რომელიმე კონტაქტი დაემთხვევა ოვულაციას? დიახ, შეიძლება და დაემთხვევა კიდეც, მაგრამ აქ არსებობს იმის რისკი, რომ თუ სპერმის დაღვრა ყოველდღე მოხდება, როგორც წესი, სპერმის ხარისხი გაუარესდება. ის აღდგენას ვერ ასწრებს და ამიტომ, ჩვენი რეკომენდაციაა, რომ სქესობრივ კონტაქტებს შორის ინტერვალი დაახლოებით ორი-სამი დღე იყოს. შეიძლება მინიმუმ ორი და მაქსიმუმ ხუთი დღე.