​როგორ მოქმედებს სიცხე გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე და რა უნდა გავითვალისწინოთ მაშინ, როდესაც ჰაერის განსაკუთრებით მაღალი ტემპერატურაა - ზაზა თელიას რჩევები - მშობლები

​როგორ მოქმედებს სიცხე გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე და რა უნდა გავითვალისწინოთ მაშინ, როდესაც ჰაერის მაღალი ტემპერატურაა - ზაზა თელიას რჩევები

2026-06-11 10:21:21+04:00

როგორ მოქმედებს სიცხე იმ ადამიანებზე, რომლებსაც წნევისა და გულის პრობლემები აქვთ, რა რეკომენდაციები უნდა გავითვალისწინოთ ზაფხულში და ვინ უნდა იყოს განსაკუთრებით ყურადღებით - თემაზე გადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო" დერმატო-ვენეროლოგი, მედიცინის დოქტორი, ზაზა თელია საუბრობს:

- თუ სტატისტიკას გადავხედავთ, ზუსტად ამ სეზონზე, განსაკუთრებით კი საქართველოში, ივლისის, აგვისტოსა და სექტემბრის პერიოდში, ქრონიკული დაავადებების - კერძოდ, გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიების გამწვავება უფრო ხშირდება. ამაზე ნეგატიურ გავლენას სიცხე ახდენს. პირველ რიგში, ბუნებრივია, ისმის კითხვა: რატომ, როგორ და რა მექანიზმით ხდება ეს?

​ეს პროცესი სამი ძირითადი მექანიზმით აიხსნება: ​პირველი მექანიზმი პერიფერიული დილატაციაა. ეს იმას ნიშნავს, რომ მაღალ ტემპერატურასთან გასამკლავებლად ორგანიზმი კანის ზედაპირზე არსებულ სისხლძარღვებს აფართოებს, რათა თერმორეგულაცია მოახდინოს, გაზარდოს აორთქლება და გადახურებისგან დაიცვას თავი. თუმცა, სისხლძარღვების ამგვარი გაფართოების გამო, არტერიული წნევის დავარდნის რისკი იზრდება. ამ დროს ორგანიზმი დამცავ მექანიზმს რთავს და კომპენსაციისთვის გულისცემის სიხშირეს ზრდის - ანუ ტაქიკარდია ვითარდება და გული ბევრად უფრო დიდი დატვირთვით მუშაობს. ​

მეორე მექანიზმი დეჰიდრატაცია და სიბლანტის მომატებაა. ჭარბოფლიანობის გამო ორგანიზმი დიდი რაოდენობით სითხეს კარგავს, რაც პლაზმის მოცულობას ამცირებს. სისხლი და პლაზმა შეიცავს იმ უჯრედებს, რომლებიც ორგანიზმში ცირკულაციისა და ნივთიერებათა გადატანისთვისაა საჭირო. პლაზმის რაოდენობის შემცირების ხარჯზე კი სისხლის კონცენტრაცია (სისქე) იმატებს, რაც თრომბოგენულ რისკებს ზრდის და თრომბოზის ჩამოყალიბების ალბათობას აძლიერებს. ​

მესამე მექანიზმი ელექტროლიტური დისბალანსია. ოფლის ინტენსიურ გამოყოფასთან და სითხის კარგვასთან ერთად, ორგანიზმი კალიუმისა და ნატრიუმის იონებსაც კარგავს. ეს მიკროელემენტები გულის გამართული მუშაობისა და რითმისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მათი დეფიციტის გამო სიცხეში სახიფათო არითმიების, ანუ გულის რითმის დარღვევის რისკები საგრძნობლად იზრდება. სწორედ ამიტომ არის აუცილებელი, რომ ზაფხულში ამ მიკროელემენტების დონის შენარჩუნებას განსაკუთრებული ყურადღება მივაქციოთ. ​

სიცხით გამოწვეული ძირითადი სიმპტომებია ორ მდგომარეობად - სიცხით გამოფიტვად და თერმულ დარტყმად იყოფა, რომელთაგან მეორე კრიტიკულია და გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას მოითხოვს.

​სითხით გამოფიტვას ახასიათებს ცივი, ფერმკრთალი და წებოვანი, ინტენსიური ოფლიანობა, სწრაფი, თუმცა სუსტი პულსი, არტერიული ჰიპოტენზია (წნევის დავარდნა), ძლიერი თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, გულისრევის შეგრძნება და საერთო სისუსტე. ამ დროს პაციენტი დაუყოვნებლივ ჩრდილში უნდა გადავიყვანოთ, მზის სხივებს მოვარიდოთ, სხეულის გასაგრილებლად ცივი კომპრესები გამოვიყენოთ და დაკარგული სითხისა და ელექტროლიტების ბალანსი წყლის მიღებით აღვადგინოთ. ​

თერმული დარტყმა ბევრად უფრო საშიში და მძიმე მდგომარეობაა. ამ დროს შესაძლოა განვითარდეს ჰიპერთერმია, როდესაც სხეულის შინაგანი ტემპერატურა 39 გრადუსს აჭარბებს. კანი ხდება ცხელი, წითელი, აბსოლუტურად მშრალი ან ნესტიანი. ფიქსირდება სწრაფი და ძლიერი პულსი (ტაქიკარდია) და ცნობიერების დაბინდვა, რაც ხშირად გონების დაკარგვით სრულდება. პირველადი რეაგირება 112-ში დარეკვას, სასწრაფო დახმარების გამოძახებასა და სხეულის ინტენსიურ ფიზიკურ გაგრილებას გულისხმობს. ნებისმიერმა გარშემომყოფმა პირველ რიგში სწორედ პაციენტის გაგრილებაზე უნდა იზრუნოს.

პრევენციული ზომები

ვინაიდან ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატი ახლოვდება, სპორტულ გარემოშიც აქტიურად მსჯელობენ იმაზე, რომ მაღალი ტემპერატურის გამო რამდენიმე ნაკრებს ვარჯიშის დროს სერიოზული პრობლემები შეექმნა. ასეთ პირობებში გადამწყვეტია თამაშის დროს შესვენებების გამოცხადება და სპეციალური, ელექტროლიტებით გაჯერებული სპორტული სასმელების (ე.წ. sport drinks) მიღება, რაც საკვებ დანამატებში არ უნდა აგვერიოს. ეს სასმელები ოფლით დაკარგულ სითხესა და მარილებს ეფექტურად აღადგენს. ​

მწვრთნელებმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ, რომ პიკურ პერიოდში - 12-დან 15 საათამდე ბავშვთა გუნდებისთვის თამაშებისა და ინტენსიური ვარჯიშების დანიშვნა დაშვებული არ არის, რადგან მზის პირდაპირი დასხივება ფიზიკურად აქტიურ ადამიანებში თერმული დარტყმის რისკს მკვეთრად ზრდის. ​

ცალკე აღსანიშნავია მედიკამენტების კონტროლი: ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებმა, რომლებიც ჰიპერტენზიის საწინააღმდეგო პრეპარატებს იღებენ, დოზები თვითნებურად არ უნდა შეცვალონ და არც მკურნალობა შეწყვიტონ. წნევის დამწევი მედიკამენტები, კარდიოლოგის ან ოჯახის ექიმის დანიშვნით, მუდმივად უნდა მიიღონ. ასევე, როდესაც ჰაერის დაბინძურების ინდექსი (ე.წ. Air Quality Index) მაღალია, უმჯობესია შინ დავრჩეთ ან ქალაქგარეთ, ბუნებაში გავისეირნოთ, რადგან დაბინძურებული ჰაერი ქრონიკულ პათოლოგიებს დამატებით ამწვავებს. ​

კონკრეტული რეკომენდაციები მათთვის, ვისაც გულ-სისხლძარღვთა პრობლემები აწუხებს, შემდეგია:

  • ​როდესაც ტემპერატურა 30 გრადუსს გადააჭარბებს, დღის ყველაზე ცხელ მონაკვეთში (12-დან 18 საათამდე) გარეთ გასვლისგან თავი უნდა შეიკავონ და შიდა სივრცეში დარჩნენ. ​საჭიროა ადეკვატური რაოდენობით წყლის მიღება, არტერიული წნევისა და პულსის რეგულარული კონტროლი და დანიშნული ქრონიკული მედიკამენტების დროული მიღება. ​
  • რეკომენდებულია ღია ფერის, თავისუფალი და ნატურალური ქსოვილისგან დამზადებული ტანსაცმლის ტარება. ​აუცილებელია მზისგან დამცავი კრემების გამოყენება, რადგან კანის დამწვრობა დამცავ ბარიერს არღვევს და თერმორეგულაციის პროცესს კიდევ უფრო მეტად აუარესებს.
  • შედარებისთვის: ძლიერი ქიმიური დამწვრობის დროს პაციენტები რეანიმაციულ განყოფილებაში სწორედ იმიტომ გადაჰყავთ, რომ დარღვეული თერმორეგულაციის პირობებში ორგანიზმს ბალანსის შენარჩუნება უჭირს და სიცოცხლისთვის სახიფათო მდგომარეობა ვითარდება. ​
  • მზისგან თავი ბავშვებმაც უნდა დაიცვან, რომლებსაც ღია ცის ქვეშ, აუზზე ან ზღვაზე დიდხანს ყოფნა უყვართ.

მოკლედ რომ ვთქვათ, მთავარი იარაღი პრევენცია და სიფრთხილეა, რადგან წინასწარ გადადგმული ნაბიჯებით ბევრ გართულებას ავიცილებთ თავიდან, ხოლო პრობლემის უკვე ჩამოყალიბების შემთხვევაში, საქმეში სერიოზული სამედიცინო მიდგომა უნდა ჩაერთოს.

ძლიერი სიცხის დროს სახლში კარ-ფანჯრებს აღებენ ორპირი ქარის გასაკეთებლად, რაც არაფრით არ შეიძლება - როგორ შევინარჩუნოთ სიგრილე ძლიერ სიცხეში
რა ვუშველოთ ძლიერ სიცხეში ბავშვის დაკარგულ მადას - რომელი პროდუქტების შემცირება ჯობია
ცივი წვნიანის 3 რეცეპტი, რომლებიც სიცხეში განსაკუთრებით სასარგებლოა