დღეს სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს, რომელშიც ჩანს, ტელევიზიის ეთერში სიმღერის დროს როგორ ეცემა მოულოდნელად ერთ-ერთი გოგონა, გუნდი კი აგრძელებს სიმღერას და ჩაწერაც არ წყდება, დიდი გამოხმაურება და საზოგადოების სამართლიანი აღშფოთება მოჰყვა. ვიდეო გოგონას ბებიამ გამოაქვეყნა და ასე გახდა საზოგადოებისთვის ცნობილი ფაქტის შესახებ. ინციდენტს გამოეხმაურა საზოგადოებრივი მაუწყებელი, სადაც იყვნენ სტუმრად ბავშვები, და განცხადება გამოაქვეყნა.
"საქართველოს პირველი არხი ეხმიანება 9 ივნისს პირდაპირ ეთერში „სიმღერის აკადემიის“ საკონცერტო ნომერთან დაკავშირებით მედიასა და სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის დროსაც პროექტის ერთ-ერთი არასრულწლოვანი მონაწილე შეუძლოდ გახდა.
საქართველოს პირველი არხისთვის უმთავრესი ღირებულება ადამიანია, განსაკუთრებით კი – ბავშვი. მაუწყებელს საბავშვო პროექტების განხორციელების მრავალწლიანი გამოცდილება აქვს და მსგავსი პროექტების ფარგლებში მოქმედებს უსაფრთხოების მკაფიო სტანდარტებითა და შესაბამისი რეაგირების პრაქტიკით.
ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ სოციალურ მედიაში გავრცელებული და შემდგომ სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ ტირაჟირებული ვიდეომასალა არ წარმოადგენს საქართველოს პირველი არხის პირდაპირ ეთერში გასულ კადრებს. აღნიშნული ვიდეო გადაღებულია სტუდიაში მყოფი ერთ-ერთი მშობლის მიერ, რომელიც, სხვა მშობლებთან ერთად, ესწრებოდა გადაცემის პირდაპირ ეთერს.
პირველი არხის ეთერში გასული ვიდეომასალის, ასევე სტუდიაში დამონტაჟებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერების გადამოწმებით დგინდება, რომ მომხდარი ფაქტი პავილიონში მყოფმა პირველი არხის თანამშრომლებმა ვერ დააფიქსირეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველა შესაბამისი რეაგირება დაუყოვნებლივ განხორციელდებოდა, მათ შორის საჭიროების შემთხვევაში შეწყდებოდა პირდაპირი ეთერიც.
პირველ არხს ჰქონდა კომუნიკაცია როგორც არასრულწლოვნის მშობლებთან, ასევე „სიმღერის აკადემიის“ ხელმძღვანელობასთან. ჩვენთვის არცერთი სატელევიზიო/რადიო ეთერი არ არის იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე ბავშვის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება. შესაბამისად, ნებისმიერი მსგავსი შემთხვევის დაფიქსირებისთანავე მაუწყებელი მოქმედებს შესაბამისი პროტოკოლისა და ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით." - ნათქვამია არხის განცხადებაში.
განცხადება გამოაქვეყნა სიმღერის აკადემიამაც, სადაც აღნიშნულია, რომ "პირდაპირი ეთერის დროს, სცენის განათების, ხმამაღალი მუსიკისა და დინამიკის გამო, ხელმძღვანელების მხრიდან უშუალოდ წაქცევის მომენტის დანახვა ვერ მოხდა".
რაც შეეხება ბავშვის მდგომარეობას, ბებიის თქმით, ის ამ ეტაპზე თავს ნორმალურად გრძნობს. "დაცემისას თითები იტკინა, უკვე დაუფიქსირეს და ყველა აუცილებელი კვლევა ხვალისთვის აქვს ჩანიშნული, რათა სრულად გამოირიცხოს ნებისმიერი გართულება".