რას ფიქრობთ იმაზე, რომ თქვენი შვილის სკოლამ ბავშვები ძლიერ და სუსტ მოსწავლეებად დაყოს და ძლიერების და სუსტების კლასები გახსნას? საგანმანათლებლო სფეროში ყოველთვის მიიჩნევდნენ, რომ მოსწავლეების აკადემიური მოსწრების მიხედვით დაყოფა (ძლიერ და სუსტ კლასებად ან ჯგუფებად) უარყოფითად მოქმედებდა ბავშვების ფსიქიკაზე. ითვლებოდა, რომ ე.წ. „სუსტთა“ ჯგუფში მოხვედრა მოზარდებს თვითშეფასებას უქვეითებდა, სირცხვილის გრძნობას უჩენდა და სწავლის მოტივაციას უკარგავდა და დაბალი აკადემიური მოსწრების მანკიერ წრეში აქცევდა. თუმცა, ბრიტანელი მეცნიერების ახალმა კვლევამ ეს შეხედულება ეჭვქვეშ დააყენა.
სპეციალისტებმა მეშვიდე და მერვე კლასის მოსწავლეების მიღწევები მათემატიკაში შეაფასეს. ექსპერიმენტში მონაწილეობა მიიღო 69 სკოლამ, სადაც ბავშვები ცოდნის დონის მიხედვით იყვნენ განაწილებულები; ასევე 28 სკოლამ, სადაც შერეული სწავლების სისტემა მოქმედებდა.
ორწლიანი დაკვირვების შედეგად აღმოჩნდა, რომ შერეული კლასების მოსწავლეებმა სწავლაში, დონეების მიხედვით დაყოფილ თანატოლებთან შედარებით, საშუალოდ ერთი თვით ნაკლები პროგრესი აჩვენეს.
კვლევამ დაადასტურა, რომ დონეების მიხედვით ჯგუფებში სწავლებამ მკაფიო სარგებელი მოუტანა ნიჭიერ და ძლიერ მოზარდებს. რაც ყველაზე მთავარია, ამ მეთოდს საერთოდ არ გაუუარესებია სოციალურად დაუცველი ან შედარებით სუსტი მოსწავლეების შედეგები და თვითშეფასება. აკადემიურად სუსტმა ბავშვებმა სწავლების ორივე სისტემის დროს აბსოლუტურად იდენტური პროგრესი აჩვენეს.
ამ დასკვნებმა სამეცნიერო წრეები საკმაოდ გააკვირვა, რადგან მათ სრულად უარყვეს ჰიპოთეზა დონეების მიხედვით სწავლების მავნებლობის შესახებ.
მიუხედავად ასეთი შედეგებისა, კვლევის ავტორები მშობლებსა და პედაგოგებს სიფრთხილისკენ მოუწოდებენ და თავიანთი ექსპერიმენტის შეზღუდვებზეც მიუთითებენ. სხვა პირობებში და განსხვავებულ გარემოში, შედეგები შესაძლოა შეიცვალოს.
კვლევა "Setting or streaming" (მოსწავლეთა განაწილება დონეების/ნაკადების მიხედვით) ეკუთვნის ბრიტანულ ორგანიზაციას Education Endowment Foundation (EEF). პროექტი University College London (UCL) Institute of Education-ის მკვლევრებმა განახორციელეს.