მომავალი წლიდან ეკრანებზე გენიალური მათემატიკოსის გრიგორი პერელმანის შესახებ ახალი ფილმი გამოვა.2003 წელს პერელმანმა დაამტკიცა პუანკარეს ჰიპოთეზა, რომელზეც მეცნიერები 100 წლის განმავლობაში იმტვრევდნენ თავს. დღეისათვის ის არის „ათასწლეულის შვიდი ამოცანიდან“ ერთადერთი ამოხსნილი მათემატიკური პრობლემა. ფილმის შესახებ გავრცელებულმა სიახლემ საზოგადოებაში იდუმალი და შეუცნობელი გრიგორი პერელმანის მიმართ ინტერესის ახალი ტალღა გააჩინა.
ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე იყო, როდესაც ბუდაპეშტში საერთაშორისო მათემატიკურ ოლიმპიადაზე ოქროს მედალი მოიპოვა, მოგვიანებით კი ამერიკულ ბერკლის უნივერსიტეტში ასწავლიდა. გრიგორი პერელმანი ყოველთვის გენიოსი იყო, თუმცა მთელ მსოფლიოში სახელი ერთი კონკრეტული შემთხვევის შემდეგ გაითქვა.
2010 წელს კლეის მათემატიკის ინსტიტუტმა მას მილიონი დოლარის ოდენობის პრემია მიანიჭა. პერელმანის ადგილას ნებისმიერი სხვა ადამიანი, ფულის მიღებამდეც კი, იმაზე დაიწყებდა ფიქრს, როგორ დაეხარჯა ის. მათემატიკოსმა კი, ყველასთვის მოულოდნელად, ჯილდოზე უარი თქვა და კუპჩინოში (სანქტ-პეტერბურგი) მდებარე იმ პატარა ბინას დაუბრუნდა, სადაც ბავშვობა გაატარა.

ათი წლის წინ გრიგორი პერელმანის სახელს ისინიც კი განიხილავდნენ, ვინც მეცნიერების სამყაროსგან ძალიან შორს იდგნენ, მეცნიერის სადარბაზოსთან კი მუდმივად ირეოდნენ თაყვანისმცემლები და ჟურნალისტები. მათ მხოლოდ ერთი კითხვა ჰქონდათ: რატომ თქვა უარი უზარმაზარ თანხაზე? „თავისთვის თუ არ უნდოდა, ჩვენთვის მაინც დაერიგებინა“, — ჩურჩულებდნენ ბრბოში. თუმცა დროთა განმავლობაში სახლთან ხალხის ნაკადი თანდათან შემცირდა.
დღეს მისი მისამართი უკვე აღარავის ახსოვს, თუმცა გენიოსს თაყვანისმცემლები მაინც ჰყავს. კორესპონდენტების ცნობით, მათემატიკოსის საფოსტო ყუთი წერილებისგან სკდება, თუმცა პერელმანი მათ ძალიან იშვიათად იღებს. კითხულობს მათ თუ გაუხსნელად ყრის, ესეც საკითხავია.
მას წერილებსაც უტოვებენ, თუმცა არა თბილი სიტყვებით, არამედ საიდუმლო შიფრებით. გამორიცხული არ არის, რომ მეცნიერი მათ ამოსახსნელად იბრძვის, რადგან იმაზე, თუ რით არის დაკავებული ახლა, პერელმანი დუმს. შესაძლოა, სამყაროს მორიგი აღმოჩენით გასაკვირვებლად ემზადება, ან მიიჩნევს, რომ მეცნიერებაში უკვე მიაღწია ყველაფერს, რაზეც კი ოცნება ღირდა.
13 ივნისს გრიგორი პერელმანს 60 წელი შეუსრულდა. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე წლის წინ ინტერნეტში გავრცელდა ხმები, თითქოს პერელმანი ბინიდან საერთოდ არ გამოდის, მისი მეზობლები ამბობენ: ის კვირაში რამდენჯერმე დადის სასურსათო მაღაზიაში და დროდადრო სახლთან ახლოს სკუტერითაც კი სეირნობს.
პერელმანის მამა, რომელიც ინჟინერი იყო და შვილს ზუსტი მეცნიერებებისადმი სიყვარული ჩაუნერგა, მრავალი წლის წინ ისრაელში გარდაიცვალა. ის იქ 1990-იანი წლების დასაწყისში გადასახლდა და სიცოცხლის ბოლო წლებში მძიმე დაავადებას ებრძოდა.

ჯანმრთელობის პრობლემები აქვს გენიოსის დედასაც. მეზობლების თქმით, ქალი უკვე რამდენიმე წელია ბინიდან არ გამოსულა. მისი პენსია ოჯახის ძირითად შემოსავლად რჩება. პანდემიის დროს პერელმანმა ონლაინ ლექციების კითხვა დაიწყო და საკმაოდ კარგი ჰონორარიც ჰქონდა, თუმცა ახლა მისი გამოსვლების შესახებ არაფერი ისმის.
სადარბაზოს მცხოვრებლები დარწმუნებულნი არიან, რომ მეცნიერის დედამ სმენა დაკარგა, ამიტომ იმ იშვიათ მომენტებში, როდესაც გრიგორი მას ელაპარაკება, ხმას მკვეთრად უწევს. მიუხედავად ამისა, პერელმანის ბინასთან ექიმები არავის უნახავს. „მკურნალობს თუ არა, უცნობია. მგონია, დედამისი ახლა უკვე ვეღარც ლაპარაკობს. ვფიქრობ, პარკინსონის დაავადება აქვს. ის და მისი შვილი იქ, თავიანთ სამყაროში ცხოვრობენ“, — ამბობენ ადგილობრივები.
რამდენიმე წლის წინ პერელმანის დედამ საშინელი შემთხვევა გადაიტანა. ის ლიფტში უცნობ მამაკაცთან ერთად შევიდა, რომელმაც მასზე თავდასხმა და ჩანთის წართმევა სცადა. ქალს დასახმარებლად მიუსწრეს, მაგრამ ამ ისტორიამ მას სერიოზული ფსიქოლოგიური ტრავმა მიაყენა. ამან მეცნიერზეც მოახდინა გავლენა — ის უკვე მრავალი წელია ლიფტით არ სარგებლობს და მხოლოდ კიბით დადის.
გრიგორი პერელმანი ძალიან მოკრძალებულ პირობებში ცხოვრობს. მეზობლები, რომლებიც ხანდახან ახერხებენ მათემატიკოსის ბინაში შეჭვრეტას, აღნიშნავენ, რომ ავეჯი იქ 40 წელია არ გამოცვლილა და არც რემონტი გაკეთებულა.
მეზობლებთან პერელმანი მშვიდობიანად თანაცხოვრობს, თუმცა კონტაქტზე პირველი არასდროს გამოდის: შეხვედრისას მხოლოდ მოკლედ ამბობს, რომ დედა ცოცხალია და თავადაც არ უჩივის ჯანმრთელობას. აი, დაუპატიჟებელ სტუმრებს კი კარს საერთოდ არ უღებს. „იყო შემთხვევა, მე-9 სართულიდან წყალი ჩამოვიდა. ის მე-6 სართულზე ცხოვრობს. მე-5 სართულიდან მეზობელი ქალი ავიდა მასთან, მაგრამ ბინაში არ შეუშვა. იქ ისე არიან, როგორც წყალქვეშა ნავში, პარტიზანებივით დუმან. უბრალოდ ჩაკეტილი ადამიანები არიან“, — ჰყვება სადარბაზოს ერთ-ერთი მცხოვრები.

წარსულში ზოგიერთი მედიასაშუალება იუწყებოდა, რომ პერელმანი საზღვარგარეთ, თავის დასთან გადავიდა საცხოვრებლად, რომელიც მრავალი წლის წინ წავიდა ემიგრაციაში და მას შემდეგ რუსეთში არ გამოჩენილა. ეს ცნობები სიცრუე აღმოჩნდა: მათემატიკოსი კვლავინდებურად არათუ ქვეყანას, სანქტ-პეტერბურგსაც კი არ ტოვებს.
თუმცა, ბოლო დროს მის ცხოვრებაში შედარებით ნათელი პერიოდი დადგა: მათემატიკოსმა უფრო მოწესრიგებული იერი მიიღო და თავს უფლებას აძლევს, ცოტა მეტი ფული დახარჯოს. თუმცა, ტანსაცმელს დღემდე ძველს ატარებს, რომელიც მამისგან დარჩა. „ჩვენთან ჩვეულებრივ მოკრძალებულად ვაჭრობს ხოლმე, ფასდაკლებულ პროდუქტებს ყიდულობს. ადრე ძალიან მოუვლელი იყო. ამ უქმეებზე კი ისეთი მოწესრიგებული მოვიდა! ფრჩხილებიც კი დაჭრილი ჰქონდა! ადრე სულ საშინლად ჰქონდა. კარგი პროდუქტების ყიდვაც დაიწყო: ყურძენსაც იღებს, ვაშლებსაც და ხაჭოსაც. ადრე მხოლოდ პურს აიღებდა და მორჩა“, — ამბობს ადგილობრივი მაღაზიის გამყიდველი.
არადა, ადრე გრიგორი პერელმანს ჰობიც კი ჰქონდა, რომელიც მეცნიერების სამყაროსგან ძალიან შორს იყო. ის კლასიკურ მუსიკას აღმერთებდა, რეგულარულად ყიდულობდა ფილარმონიის აბონემენტს და არცერთ კონცერტს არ აცდენდა. ახალგაზრდობაში მეცნიერი თავადაც უკრავდა ვიოლინოზე. ყველა, ვინც მის შესრულებას მოუსმინა, ერთხმად აღნიშნავს — ეს გენიალური იყო! სხვანაირად პერელმანს უბრალოდ არ შეუძლია.
თუმცა, მოზარდობის ასაკში ამ გატაცებასთან დამშვიდობება მოუწია: მუსიკალურ სკოლასა და მათემატიკურ წრეს შორის პერელმანმა არჩევანი ამ უკანასკნელზე შეაჩერა. შედეგად, მან შეძლო ნამდვილი გადატრიალების მოხდენა მეცნიერებაში, თუმცა ხელოვნების სამყაროს (და საერთოდ, გარე სამყაროს) კარი გენიოსმა საკუთარი თავისთვის სამუდამოდ ჩაკეტა.