ფსიქოლოგი ანა კოკაია გადაცემაში "ახალი დღე" საუბრობს, როგორ გავაკონტროლოთ ბავშვების გაჯეტებთან ყოფნის დრო არდადეგებზე და რომელ ასაკში რა დრო ითვლება ეკრანზე ოპტიმალურად:
- ორ წლამდე ასაკის ბავშვისთვის ეკრანთან დროის გატარება საერთოდ არ არის რეკომენდებული - ლიმიტი ნული წუთია. ამ შეზღუდვაში ის ვიდეოზარები არ იგულისხმება, რომლებითაც ბავშვი საზღვარგარეთ მყოფ მშობელს ან სხვა ახლობელს ეკონტაქტება. ამ ასაკში ბავშვის განვითარება ძალიან სწრაფად მიმდინარეობს. ის სამგანზომილებიან სამყაროს შეხებით, გემოთი, სუნით, მოძრაობითა და ადამიანებზე დაკვირვებით სწავლობს. როდესაც ჩვენ მას მზა, ჰიპერსტიმულირებულ სურათებს ვაწვდით, შესაძლოა მეტყველება და სოციალური ჩართულობა შეფერხდეს. სწორედ ამიტომ, ამ ასაკში ეკრანის აკრძალვა სრულად არის განსაზღვრული. რაც შეეხება ადრეულ ასაკს, ორწლინახევრიდან ხუთ წლამდე, ეკრანთან გატარებული დრო მაქსიმუმ ერთ საათს უნდა შეადგენდეს. ეს დროც აუცილებლად 20-20 წუთიან მონაკვეთებად უნდა დანაწილდეს. მნიშვნელოვანია, რომ კონტენტი ბავშვისთვის შემეცნებითი და განმავითარებელი იყოს. მშობლებს ყოველთვის ვურჩევ, რომ ნებისმიერ შემეცნებით ვიდეოსა თუ მულტფილმს შვილებთან ერთად უყურონ, რათა შემდგომში ნანახი ერთად განიხილონ.
ლოგიკური აზროვნების განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმის გარკვევა, თუ რატომ მოიქცა პერსონაჟი ასე. ხუთი-ექვსი წლიდან 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ეკრანთან ყოფნის დრო დღეში ორი საათით არის განსაზღვრული. მესმის, რომ არდადეგებზე ამ ლიმიტის დაწესება და კონტროლი ძალიან რთულია, თუმცა ეს მაინც მნიშვნელოვანია. ამ ასაკში ბავშვის ნებისყოფა, კოგნიტური და შემეცნებითი უნარები ყალიბდება, რომლებიც მას შემდგომში სკოლაში დასჭირდება.
აქაც აუცილებელია, რომ კონტენტი ძირითადად შემეცნებითი იყოს, თუმცა გასართობი თამაშებისთვის ნახევარი საათის გამოყოფაც შეიძლება. ყველა თამაში გარკვეულწილად განმავითარებელია, თუმცა ამ შემთხვევაშიც ოქროს შუალედისა და დროის ლიმიტის დაცვაა საჭირო.