როგორ არ ვაქციოთ საზაფხულო საკითხავი სასჯელად - 5 ოქროს წესი მშობლებისთვის - მშობლები

როგორ არ ვაქციოთ საზაფხულო საკითხავი სასჯელად - 5 ოქროს წესი მშობლებისთვის

2026-06-15 16:39:49+04:00

ზაფხულის არდადეგების დადგომასთან ერთად, ბევრ ოჯახში ერთი და იგივე სცენარი მეორდება: მასწავლებლის მიერ მოცემული "საზაფხულო საკითხავის" გრძელი სია მაგიდაზე დევს, ბავშვი კი წიგნის დანახვაზე გარბის. მშობლების მცდელობა, შვილს კითხვა შეაყვარონ, ხშირად ყოველდღიურ კონფლიქტში გადაიზრდება ხოლმე.

თუმცა ხშირად, პრობლემა წიგნებში კი არა, დამოკიდებულებაშია. როდესაც კითხვა მოვალეობად და სასჯელად აღიქმება, ბავშვის ტვინი მას ნეგატიურ ემოციას უკავშირებს. ამიტომ წიგნი არ უნდა ვალდებულება. ისე უნდა მოიქცეთ, რომ ბავშვს თავად მოუნდეს და შეუყვარდეს კითხვა.

გთავაზობთ 5 წესს, რომელიც დაგეხმარებათ, კითხვა ბავშვისთვის სასიამოვნო რუტინად აქციოთ.

#! - მიეცით არჩევანის თავისუფლება

კვლევის მიხედვით, ბავშვების თითქმის 90% ამბობს, რომ მათი საყვარელი წიგნი ის არის, რომელიც თავად აირჩიეს. სკოლის მიერ მოცემული სია კარგი გზამკვლევია, მაგრამ არა განსაკუთრებული აუცილებლობა. წაიყვანეთ ბავშვი წიგნის მაღაზიაში ან ბიბლიოთეკაში და მიეცით უფლება, აირჩიოს, რაც უნდა.

#2 - არ შეზღუდოთ მხატვრული ლიტერატურით

მშობლები ხშირად ფიქრობენ, რომ თუ ბავშვი ბევრს არ კითხულობს, მაშინ რამე განსაკუთრებულ წიგნს მაინც უნდა კითხულობდეს. ეს არასწორი მიდგომაა. თუ მას კომიქსი, გრაფიკული ნოველა, დინოზავრების ენციკლოპედია ან ვიდეოთამაშების შესახებ დაწერილი ჟურნალი აინტერესებს, მიეცით ნება სწორედ ის წაიკითხოს. კითხვის ჩვევის ჩამოსაყალიბებლად მთავარია პროცესი და არა თავიდანვე საყოველთაოდ პოპულარული ლიტერატურის კითხვა

#3 - დააწესეთ კითხვის დრო

ბავშვს არ მოსთხოვოთ, რომ იჯდეს და საათები იკითხოთ. შეთანხმდით კონკრეტულ დროზე და მიეცით ბავშვს გარანტია, რომ დროის გასვლის შემდეგ შეუძლია წიგნი დახუროს, თუნდაც წინადადების შუაში იყოს. ხშირად, როცა წნეხი იხსნება, ბავშვები თავად აგრძელებენ კითხვას დროის გასვლის შემდეგაც.

#4 - ნუ აქცევთ კითხვას ტესტირებად

ყველაზე დიდი შეცდომა, რასაც მშობლები უშვებენ, წაკითხულის შემოწმებაა. ეს ბავშვს აგრძნობინებს, რომ გამოცდაზეა, რაც კითხვისგან მიღებულ სიამოვნებას კლავს. ისაუბრეთ წიგნზე ბუნებრივად, ისე, როგორც მეგობარს ესაუბრებით ნანახ ფილმზე.

#5 - მიეცით მაგალითი

ბავშვები არ აკეთებენ იმას, რასაც ვეუბნებით; ისინი აკეთებენ იმას, რასაც ხედავენ. თუ ბავშვი ხედავს, რომ თქვენი თავისუფალი დროის 100%-ს სმარტფონში ან ტელევიზორთან ატარებთ, ხოლო მას წიგნისკენ მიუთითებთ, ის კითხვას უსამართლო ვალდებულებად აღიქვამს. ყველაზე მარტივი გამოსავალია, რომ შემოიღოთ ოჯახური კითხვის დრო.

აქვე შემოგთავაზებთ სხვადასხვა ასაკის ბავშვებისთვის განკუთვნილ რამდენიმე საინტერესო გამოცემას.

„ახალი წელი აგვისტოში“, დიანა ანფიმიადი

აგვისტოს ბუღს გაექეცი და სოფლის სიგრილეს აფარებ თავს? სწორი გადაწყვეტილებაა. რა შეიძლება იყოს ზაფხულზე, თავისუფლებაზე, სოფელზე და ბებიასთან ჩახუტებაზე ტკბილი და სანატრელი?! პატარა ოლღას არდადეგები სავსეა ფერადი და თავგადასავლებიანი დღეებით, ტყაშმაფასა და ოჩოკოჩის, მინდვრის ბატონისა და მინდიას სულმოუთქმელად მოსასმენი ამბებით, რომლებსაც ბებიასავით ვერავინ ჰყვება, და გემრიელობებით, რომელთა მსგავსსაც ამქვეყნად, ბებიას გარდა, ვერავინ აცხობს. თუმცა შენც შეგიძლია დაიკაპიწო ხელები და სამზარეულოს მიაშურო - ამ წიგნში ბებია თავის საიდუმლოებებს გაგიმხელს და ამ ცოდნით შეიარაღებული თავს ნამდვილ ჯადოქრად იგრძნობ. მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. ამ წიგნში წაიკითხავ, რომ თითოეული დღე შეგიძლია ჯადოსნურ დღედ აქციო, მითუმეტეს, თუ ისეთი თანამოაზრე გყავს, როგორიც მოსიყვარულე და ხალისიანი ბებიაა.

„ლუნა და ციცინათელების პლანეტა“, დათო გორგილაძე

„ლუნა და ციცინათელების პლანეტა“ ის წიგნია, რომელიც მშობელმა და პატარამ ერთად უნდა წაიკითხონ, დაათვალიერონ ულამაზესი ილუსტრაციები, აღმოაჩინონ საოცარი ამბავი მამაშვილობაზე, ოჯახზე, ზრუნვასა და სიყვარულზე.

„იავნანა ლილისთვის“, ალექსანდრე ლორთქიფანიძე

ამბავი იწყება ასე: თავიდან მხოლოდ ოთხნი ვიყავით: მე, ლუკა, დედა და მამა.მერე ლილი დაიბადა და გავხუთდით. 4+1=5. მე ლუნა მქვია და მაშინ მეც ხუთი წლის ვიყავი. ლუკა ჩემზე დიდია, სამი წლით. 5+3=8. დედა და მამა ბევრის იყვნენ, მაგდენი მიმატება, აბა, რა ვიცოდი...

გახსოვდეთ, ზაფხული დასვენების, თამაშისა და თავისუფლების დროა. დაეხმარეთ ბავშვს, დაინახოს წიგნი არა როგორც საშინაო დავალება, არამედ როგორც ახალი სამყაროს აღმოჩენის კიდევ ერთი სახალისო გზა.

R