გარემოს ეროვნული სააგენტოს ამინდის მოკლევადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსი, დოდო გვაზავა, გადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო" საუბრობს, როგორი ამინდი გველოდება მიმდინარე კვირაში:
- გასულ კვირას ტემპერატურამ მოიმატა, ზოგან ხანმოკლე წვიმები აღინიშნა, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში, განსაკუთრებით დღის მეორე ნახევარში, ცივი და თბილი ჰაერის მასების ურთიერთქმედების გამო დაისეტყვა.
მიმდინარე კვირაში ჰაერის ტემპერატურის მომატება მთელ საქართველოშია მოსალოდნელი.
დასავლეთ საქართველოში 16 ივნისიდან 18 ივნისის ჩათვლით დღის მაქსიმალურმა ტემპერატურამ შესაძლოა, +30, +31 გრადუსს გადააჭარბოს. 18 ივნისსა და 19 ივნისის ღამის საათებში უმეტეს რაიონში გაწვიმდება. 19-20 ივნისს დაბლობსა და სანაპირო რაიონებში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. აჭარის, რაჭისა და სვანეთის მთიან და მაღალმთიან რაიონებში დღის მეორე ნახევარში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს, ელჭექის დროს კი ქარი გაძლიერდეს. ეს ჰაერის მაქსიმალურ ტემპერატურაზე არ იმოქმედებს. მხოლოდ კვირასაა მოსალოდნელი შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან კვლავ შედარებით გრილი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება. უმეტეს რაიონში გაწვიმდება, ზოგან შესაძლოა ინტენსიური წვიმაც იყოს, რასაც თან ელჭექი, ქარის გაძლიერება და ჰაერის ტემპერატურის დაკლება ახლდება.
16-17 ივნისს კახეთის რეგიონში, მცხეთა-მთიანეთსა და ქვემო ქართლში ზოგან შესაძლოა, ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს. კვირის ბოლომდე აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა +31, +32 გრადუსს მკვეთრად გადააჭარბებს. 21 ივნისს უმეტეს რაიონში ხანმოკლე, დროგამოშვებით კი შედარებით ინტენსიური წვიმაა მოსალოდნელი. ასევე შესაძლებელია სეტყვა აღინიშნოს და დასავლეთის მიმართულების ქარი გაძლიერდეს. 21 ივნისს ჰაერის ტემპერატურამ შესაძლოა რამდენიმე გრადუსით დაიკლოს.
დედაქალაქში 16 ივნისის დღის მეორე ნახევრიდან, კერძოდ დღის ბოლოს, და 17 ივნისს დღის განმავლობაში დედაქალაქში მცირე ხანმოკლე წვიმის დიდი ალბათობაა, რაც ტემპერატურაზე ვერ იმოქმედებს. ტემპერატურის მომატება დედაქალაქშიც მოსალოდნელია და იგი +31 გრადუსს მკვეთრად გადააჭარბებს.
მთელ საქართველოში, მათ შორის დედაქალაქშიც, ყველაზე არამდგრადი ამინდი 21 ივნისსაა მოსალოდნელი. 21 ივნისს დედაქალაქშიც გაწვიმდება და დასავლეთის მიმართულების ქარი გაძლიერდება. წვიმა ხანმოკლე იქნება, ტემპერატურა კი 1-2 გრადუსით დაიკლებს.