სკოლებისთვის 129 სასულიერო პირი გადამზადდა, რომლებიც სექტემბრიდან ახალ კლუბებს გახსნიან - "ღირებულებითი განათლების" პროგრამა ფართოვდება - მშობლები

სკოლებისთვის 129 სასულიერო პირი გადამზადდა, რომლებიც სექტემბრიდან ახალ კლუბებს გახსნიან - "ღირებულებითი განათლების" პროგრამა ფართოვდება

2026-06-16 12:36:45+04:00

წელიწადზე მეტია, საჯარო სკოლებში, არჩევით კომპონენტად ღირებულებითი განათლების კლუბი არსებობს, რომლებსაც სასულიერო პირები უძღვებიან.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ამჟამად საქართველოს მასშტაბით 141 სკოლაში 175 კლუბი ფუნქციონირებს, რომლებშიც 4 375 მოსწავლეა ჩართული.ცოტახნის წინ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ, ამ პროგრამაში ჩართული სასულიერო პირებისა და მოსწავლეები დააჯილდოვა. მინისტრის განცხადებით, პროგრამის გაფართოება მომავალშიც გაგრძელდება და ამ მიზნით 129 სასულიერო პირი უკვე გადამზადდა. ისინი მიმდინარე წლის სექტემბრიდან ახალ კლუბებს გახსნიან.

"თანამედროვე სამყაროში, როდესაც ჩვენს თვალწინ სწრაფად იცვლება საზოგადოებრივი გარემო და ხშირად კითხვის ნიშნის ქვეშ დგება ის ზნეობრივი ღირებულებები, რომლებზეც საუკუნეების განმავლობაში იდგა ადამიანის პიროვნული და საზოგადოებრივი ცხოვრება, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ახალგაზრდებისათვის მყარი სულიერი და ზნეობრივი საფუძვლების მიცემა. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი ეკლესიის, ოჯახის, სკოლისა და საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევით შრომა და ზრუნვა მომავალ თაობაზე.

ამიტომ განსაკუთრებულად ვაფასებთ, რომ თავის დროზე სახელმწიფომ ნდობა გამოუცხადა ჩვენს წამოწყებას და დღეს უკვე მჭიდროდ და ნაყოფიერად ვთანამშრომლობთ ამ მიმართულებით.

სწორედ ამ თანამშრომლობის შედეგია ის, რომ ათასობის მოზარდს ეძლევა საშუალება, სასკოლო გარემოში ჩაუღრმავდეს ზნეობრივ და ქრისტიანულ ღირებულებებს და შეძლოს, ცოდნასთან ერთად, ისეთი ღირებულებებით ცხოვრება, როგორიცაა სიყვარული, პასუხისმგებლობა, ურთიერთპატივისცემა, პატრიოტიზმი, თანაგრძნობა და მოყვასზე ზრუნვა.

სწორედ ეს იყო პროექტის თავდაპირველი მიზანიც. ამ საქმეში კი თითოეული თქვენგანის მონაწილეობა და თავდადება განსაკუთრებულად ფასეულია, რადგან სწორედ ერთობლივი შრომით იქმნება ქრისტიანულ ღირებულებებზე დაფუძნებული გარემო, სადაც ახალგაზრდებს მართებული ორიენტირების პოვნა და ღირსეულ ადამიანებად ჩამოყალიბება შეუძლიათ.

პროექტი ყოველწლიურად ვითარდება და ძლიერდება. განსაკუთრებით გვახარებს ის ფაქტი, რომ მისი შედეგები თვალნათლივ აისახება სასკოლო გარემოზე. ვხედავთ, როგორ იქმნება უფრო ჯანსაღი, თბილი და ღირებულებებზე დაფუძნებული ურთიერთობები, რაც თითოეული ჩვენგანისთვის ძალიან ძვირფასია.

იმედს გვაძლევს ის დადებითი გამოხმაურება და მხარდაჭერა, რომელსაც პროექტის მონაწილეებისგან: მოსწავლეებისგან, პედაგოგებისა და სასულიერო პირებისგან ვიღებთ.

წელს კიდევ ერთი სიახლე გვაქვს: პროექტი ეპარქიებშიც წარმატებით მიმდინარეობს და მომავალი წლიდან მასში ჩართული ეპარქიების სამღვდელოების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება", - წერია საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

როგორც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ, რამდენიმე თვის წინ განგვიცხადა, კლუბები გაკვეთილების შემდეგ ფუნქციონირებს, ნებისმიერ მოსწავლეს ნებაყოფლობით შეუძლია ჩართვა და ეს აქტივობა შეფასების კომპონენტს არ მოიაზრებს:

"გაკვეთილების გარკვეული რაოდენობა შევქმენით. გაკვეთილები მიზნად ისახავს, რომ ბავშვს ქრისტიანული ღირებულებები დავანახოთ, რომელიც შეიძლება, მან ხელოვნებაში, ლიტერატურაში ამოიკითხოს. ეს გაკვეთილები საშუალებას იძლევა, შემდეგ წმინდა წერილსა და ქრისტიანულ სწავლებაზე გავიდეთ. თავისუფალი ფორმატია და საუბრებში ამა თუ იმ ცხოვრებისეულ მოვლენასა თუ ამბავს განიხილავენ. შეხვედრა ნებაყოფლობითია, შექმნილია კლუბი, სადაც სკოლის მოსწავლეები სურვილის მიხედვით ეწერებიან. მოძღვარი კვირაში ერთხელ მათთან სასაუბროდ შედის. გარდა ამისა, სხვადასხვა აქტივობა ტარდება. არის კონკურსები, ბავშვები გაკვეთილის ფარგლებში ქალაქში გადიან, ღირსშესანიშნაობებს ათვალიერებენ, მოძღვარი ისტორიას უყვება. ასევე, მიდიან შშმ პირებთან და მოხუცთა სახლებში. სემესტრში ერთხელ ან ორჯერ თეატრალური წარმოდგენაცაა, სადაც ქრისტიანულ მოტივზე შექმნილი სცენარია.

სწავლების პროცესი ეპარქიებშიც გრძელდება. მოსწავლეების მხრიდან მოთხოვნა და დაინტერესება ძალიან დიდია. აღსანიშნავია, რომ კლუბში აქტიურობას შეფასებითი ნაწილი არ აქვს და მოსწავლეებს ქულა არ ეწერებათ." - გვითხრა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ.

პროგრამა ასევე ხორციელდება აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები და უცხოეთში მყოფი ქართველი ახალგაზრდებისთვის.