ქეთათო ჩარკვიანი (პოპიაშვილი) ვიკა ბუკიასთან გადაცემაში მისმინე საუბრობს ირაკლი ჩარკვიანთან ცხოვრებაზე, მის მუსიკალურ მემკვიდრეობაზე, ნანაზე და საკუთარ შემოქმედებით გზაზე...
- პატარა ვიყავი, ტელევიზიით პირველად რომ ვნახე და მომნუსხა. პირველად სერგის გადაცემაში, „ცოცხალში“, მოვისმინე ირაკლის ლაივი. ბენდთან ერთად უკრავდა. ძალიან ლამაზად იწყებოდა და მერე უცებ შემოვარდა აბსოლუტურად განსხვავებული პერსონაჟი, რომელსაც ვიზუალურადაც გამოარჩევდი ყველასგან. მაშინვე მივხვდი, რომ ეს ის იყო. ქართველი, ასეთი „ქუულ“ და ასეთი მაგარი არ მყავდა ნანახი.
მერე, როდესაც გავიცანი და „სვანსონგის“ კასეტა მაჩუქა, ისე ვუსმენდი, სახლიდან არ გავდიოდი, თუ ორივე მხარე ბოლომდე არ მქონდა მოსმენილი.
...სიმღერა „მე მინდა შენთან ვიყო“ რომ მესმოდა, ვხვდებოდი, ჩემზე არ იყო დაწერილი, რადგან მაშინ არც კი მიცნობდა, მაგრამ მაინც მქონდა განცდა, რომ ზუსტად მე მიმღეროდა... მერე ისე მოხდა, რომ ერთ-ერთი პირველი სიმღერა, რომელიც მხოლოდ მიმღერა, სწორედ ეს იყო. ასეთი დამთხვევები ხშირად ხდებოდა ჩვენს შორის.
ყოველთვის ვიცოდი, რომ ჩვენს შორის რაღაც იქნებოდა. ერთმანეთის გარეშე ვერ ვძლებდით. 24 საათი ერთად ვიყავით...

...ძალიან დიდი შოკი იყო. ვერ ვიჯერებდი. ასეთი ახლობელი სულის დაკარგვა აბსურდია. თუმცა სიტყვა „დაკარგვაც“ არ მომწონს, რადგან რაც მართლა მნიშვნელოვანია, ის არასდროს იკარგება...

ძალიან გაბრაზებული ვიყავი ყველაფერზე. ირაკლიზე არა — უფრო გარემოზე, ალბათ ღმერთზეც. ვერ ვიგებდი, რატომ უნდა მომხდარიყო ეს ყველაფერი.
მაშინ უცნაური ზარებიც იყო. მეუბნებოდნენ, ჭკუით მოიქეცი, თორემ შენს საყვარელ ქმარს მიუწვები გვერდშიო... ეს დამატებითი ზეწოლაც იყო, მაგრამ ამ ბრაზში გადასვლა რაღაცნაირად მეხმარებოდა კიდეც, რომ ბოლომდე არ მოვშლილიყავი... ბავშვი მყავდა გასაზრდელი.
ირაკლი რომ ცოცხალი ყოფილიყო, ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა — ამ ქვეყანაშიც და ჩვენს ცხოვრებაშიც.


ახლა იქნებოდა 65 წლის, მაგრამ იცი რა არის? ადამიანი, როდესაც ასეთი მოაზროვნეა, ასეთი არტისტულია, მნიშვნელობა აღარ აქვს არც ასაკს და არც იმას, რამდენი წელი იცოცხლებს. ირაკლიმ თავისი კვალი დატოვა იმ მოკლე პერიოდში, რაც მიეცა, და ძალიან მნიშვნელოვანი კვალი დატოვა. ზოგი შეიძლება ძალიან დიდხანს ცხოვრობდეს და რაღაცნაირად ეჭიდებოდეს, ეპოტინებოდეს ამ სიცოცხლეს, მაგრამ ირაკლი ისეთი ფიგურაა, რომ სიკვდილმაც კი ლეგენდად აქცია. ახალგაზრდა თაობისთვისაც რაღაცნაირად ლეგენდად არის ქცეული.
ჩემთვის ირაკლი იყო ყველაფერი ერთად — ძალიან ახლო მეგობარი, გულშემატკივარი, მასწავლებელი, გურუ... აღარ ჩამოვთვლი. ასეთი ადამიანი არ მყოლია და, ალბათ, ვერც მეყოლება...
ყოველთვის, მთელი იმ ათი წლის განმავლობაში, რაც მე და ირაკლი ერთად ვიყავით, ერთი და იგივე ძალიან მძიმე სიზმარი მქონდა. თითქოს სადღაც ვარ, სახლში არ ვარ — რაც ძალიან იშვიათად ხდებოდა — და რაღაც ზარს ვერ ვუსწრებ. მეჩქარება სახლში, ირაკლისთან მეჩქარება... ყოველთვის მქონდა განცდა, რომ ასეთი ბედნიერება ძალიან დროებითია. არ შეიძლება ასეთი ხარისხის სიამტკბილობა დიდხანს გაგრძელდეს. ამას გრძნობ. გრძნობ მის დროებითობას და ამიტომ კიდევ უფრო მძაფრად შეიგრძნობ ყოველივეს. თითქოს უკვე თეატრია და შენც ამ სპექტაკლის ნაწილი ხარ. იმდენად მაგარია ყველაფერი, რომ გიჩნდება კითხვა — ნუთუ ეს მართლა ხდება?
...მისი ხმა ჩემზე ყოველთვის მოქმედებს. ზოგჯერ იმის უნარიც კი არ მაქვს, რომ მოვუსმინო, რადგან შეიძლება ძალიან სხვაგან გადამისროლოს. მასზე ლაპარაკმაც და ამ ფიქრებმაც შეიძლება ისეთ მდგომარეობაში ჩამაგდოს, საიდანაც გამოსვლა მიჭირს. თუმცა ამავე დროს მსიამოვნებს მასზე ფიქრიც და მოგონებებიც... ყოველ დილით რომ იღვიძებ და ადამიანი გიმღერის — კონკრეტულ სიმღერას, მთელი გულით — და შენ იმ ხმაზე იღვიძებ, როგორ შეიძლება ბედნიერი არ იყო? ასეთი რაღაცები როგორ უნდა დაგავიწყდეს?

...ირაკლი სასწაული მამა იყო, გადარეული მამა. თავის პატარა ნანაზე იყო გადაყოლილი. მე ძუძუს ვაჭმევდი და ის ჩუმად ცდილობდა, დამატებით რძეც მიეცა. ამაზე ვუბრაზდებოდი კიდეც — თუ იმასაც აჭმევ, მაშინ ძუძუს აღარ ვაჭმევ-მეთქი, რადგან ბავშვი ვეღარ გაერკვეოდა. ძალიან მზრუნველი მამა იყო. ასაკსაც აქვს მნიშვნელობა — უფრო დიდ ასაკში მეტი პასუხისმგებლობის განცდა გაქვს. დაფეთებული მამა იყო. მეც პატარა აღარ ვიყავი, 25 წლის. შეგვეძლო უფრო ადრეც გვყოლოდა შვილი, ირაკლის ყოველთვის უნდოდა ბავშვი, მე კი არ მინდოდა. ქვეცნობიერად ვგრძნობდი, რომ იმ იდეალურ გარემოს, რაც ჩვენს შორის იყო, ახალი პასუხისმგებლობაც დაემატებოდა. რა თქმა უნდა, ახალი სიცოცხლე დიდი ბედნიერებაა, მაგრამ პასუხისმგებლობაც მოაქვს. მე არ მინდოდა, ირაკლი რამით დამძიმებულიყო. მინდოდა, სულ ის ეკეთებინა, რასაც აკეთებდა, და ეს იყო ჩვენი ბედნიერება.

ნანა მამას უფრო იქიდან იცნობს, საიდანაც მისი თაობის ადამიანები იცნობენ. რა თქმა უნდა, ძალიან ბევრ რამეზე გვისაუბრია და ახლაც სულ ვლაპარაკობთ. ირაკლის დღიურებიც წაიკითხა და ამან მამამისი კიდევ უფრო სხვანაირად გააცნო. იცნობს მას ტელევიზიიდან, ვიდეოჩანაწერებიდან, პირადი ჩანაწერებიდანაც. ჩვენთან არასდროს არაფერი ყოფილა დამალული. ყველაფერზე ყოველთვის ვლაპარაკობდით. ნანა ძალიან პატარა იყო, ორწლი- ნახევრის, როცა ირაკლი გარდაიცვალა... მახსოვს, მაშინ თარხნიშვილზე იყო ერთი კაფე, სადაც ხშირად ჟღერდა ჩვენი მუსიკა. ზოგჯერ ეს ნანას აღიზიანებდა კიდეც, რადგან ეს იყო ძალიან ნაცნობი და საყვარელი ხმა, რომელიც რეალურად მის გვერდით აღარ იყო... ამიტომ ჩემთვისაც და ნანასთვისაც ირაკლიზე ლაპარაკი, მასზე ფიქრი და მისი ხმის მოსმენა დღემდე ძალიან ემოციურია. სხვანაირად შემოდის ეს ყველაფერი და გულს სხვანაირად ეხება...
ნანასთან ზოგჯერ მკაცრიც ვყოფილვარ, ძალიან მკაცრიც, მაგრამ მის პირად საქმეებში არასდროს ჩავრეულვარ. ჩემი მთავარი პრინციპი ის არის, რომ შვილთან არაფრის უნდა გრცხვენოდეს. უნდა აჩვენო შენი სუსტი წერტილებიც. ის, რაც გვემართება, ჩვენი მდგომარეობები, დამოკიდებულებები — ყველაფერი ადამიანურია. არაფერი არ უნდა დამალო, არაფერი არ უნდა მიჩქმალო და არ უნდა ითამაშო როლები. უნდა იყო ისეთი, როგორიც ხარ. მერე შვილი სწორედ ამისთვის დაგაფასებს.

ნანაში ბევრი რამ მომწონს, მაგრამ განსაკუთრებით მისი მუსიკალურობა მხიბლავს. მინდა, რომ მუსიკა წეროს. ძალიან ცოტაა ადამიანი, ვისი ტექსტებიც მომწონს, და ნანას ნამდვილად აქვს მელოდიის წერის უნარი. ძალიან ნიჭიერია...
ახლა მარტო ვარ და მარტოობაში მშვენივრად ვგრძნობ თავს.