ქვეყანაში ნარკოტიკებისგან გამოწვეული სიკვდილიანობა ახალგაზრდებს შორის საგანგაშოდ მატულობს. ექიმი-ნარკოლოგი, პარტია "ფედერალისტების" ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ სიხარულიძე საქართველოში შექმნილ ნარკოვითარებაზე "კვირის პალიტრას" ესაუბრა. გთავაზობთ რამდენიმე ამონარიდს ამ ინტერვიუდან.
- ზედოზირებით გარდაცვალების ოფიციალური სტატისტიკა არა მაქვს, მაგრამ ვიცი, რომ ეს რიცხვი ძალიან დიდია, ვინაიდან ამაზე ბოლო დროს მშობლებიც ალაპარაკდნენ. ტრაგედიასთან გვაქვს საქმე 18-19-23-25 წლის ახალგაზრდებს ნახულობენ გარდაცვლილებს, ვინც დაიძინა და ვეღარ გაიღვიძა. ბევრი პირადად მწერს, რომ დაეღუპა ძმა, მეუღლე, შვილი, კომენტარებსაც აღარ ერიდებიან. ადრე მიზეზს მალავდნენ და ამბობდნენ, თითქოს გულით გარდაიცვალა, ან სხვა რამე მიზეზს იგონებდნენ, ისეთი სტიგმატიზებულია ყველაფერი.
განგაშის ზარი დიდი ხანია შემოსაკვრელია, ჩვენ ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე. ყველას ჰგონია, ეს პრობლემა მას არ შეხვდება, აირიდებს და როცა მის ოჯახს და ახლობელს შეეხება, მერე აცნობიერებენ პრობლემის სიმძიმეს.
ნარკოტიკის წინაშე ყველა უძლურია, ვინაიდან ის ყველგან შემოდის, თუნდაც დაკეტილ კარში, რადგან დღეს ასეთი სიტუაციაა ქვეყანაში - სტრესი, ტრავმა, დაძაბულობა, დაპირისპირება, ამდენი წელია სტაბილურობას ვერ მივაღწიეთ და ეს ამძიმებს ნარკოვითარებას ქვეყანაში. ნარკოტიკი მიდის იქ, სადაც არის უბედურება, ბულინგი, დაპირისპირება, ერთმანეთის დამცირება...
-ნარკოვითარება რომ გაუმჯობესდეს ქვეყანაში, რა უნდა გაკეთდეს?
- უპირველესად უნდა შემცირდეს მოთხოვნა, სხვაგვარად ნარკოსიტუაცია არ გაუმჯობესდება. ჩვენ დიდი რაოდენობით ნარკომომხმარებელი და დამოკიდებული პირი გვყავს. ჩანაცვლებით თერაპიაში ჩართულია მომხმარებელთა რაოდენობის დაახლოებით 15-20%, 80% კი სისტემის გარეთაა, არ იღებს არანაირ სერვისს - არც ამბულატორიული მკურნალობა არსებობს, არც რეაბილიტაცია, ჩანაცვლებითი თერაპია დახურეს. მთელ იმერეთში ჩანაცვლებითი თერაპიის ერთი საიტია, ერთ ადგილას 1800 კაცი დადის, დარწმუნებული ვარ, ექიმის სახელიც არ იციან. თბილისში უარესი ხდება, პაციენტები მწერენ, ისე გვექცევიან, როგორც ცხოველებსო. იმ ცენტრებში ღირსების მქონე ადამიანი არ მივა –- დანგრეული შენობები, ანტისანიტარია, სრული განუკითხაობაა და ამ ცენტრების გარშემო პოლიციის 10 მანქანა მაინც დგას. შედის პაციენტი, გამოდის და იჭერენ. ფაქტია, უფსკრულისკენ მივდივართ, საქართველო ახალგაზრდების სასაკლაო გახდა.
რამდენიმე დღის წინ 13 წლის პაციენტი მყავდა, რომელიც სტიმულატორებს მოიხმარდა. 13-14 წლის მზრუნველობამოკლებული ბავშვები ან პროსტიტუციით, ან ნარკოტიკის მოხმარებით არიან დაკავებული.
- ზედოზირების მართვა რატომ ჭირს, რა პრობლემა აქვს ჯანდაცვას?
- ყველაზე ცუდი ის არის, რომ "სასწრაფოს" არ იძახებენ, ეშინიათ, რადგან მას მოჰყვება პოლიცია და ჰგონიათ დაიჭერენ (და, ალბათ, იჭერენ კიდეც). "სასწრაფომ" მთავარია პირველადი დახმარება აღმოუჩინოს და სტაციონარამდე მიიყვანოს, ამ შემთხვევაში მას ბევრი არ მოეთხოვება. სტაციონარში უნდა დადგინდეს, რომ ეს არის ნარკოტიკის ზედოზირება და ამას ვინც ადგენს, მას მოეთხოვება ცოდნა. ახალი ფსიქოატიური ნივთიერებების გაჩენასთან ერთად, სასწრაფო დახმარების ექიმებს სჭირდებათ გადამზადება, რათა ზუსტად იცოდნენ, რასთან აქვთ საქმე. ჩვენ უნდა ჩავრთულიყავით პირველადი გაფრთხილების სისტემაში, რომელიც მუშაობს ევროპაში, ამისთვის ვემზადებოდით, მაგრამ ჩაიშალა... სისტემაში ყველა ცნობილი ნივთიერება და სიმპტომებია ჩამოთვლილი, იქ ტვირთავს ყველა (ემერჯენსი, ნარკოლოგი, ფსიქიატრი, სათემო ორგანიზაციები), ვისაც აქვს შეხება და სადაც მომხმარებლები არიან. ეს არის წინასწარი გაფრთხილების სისტემა, სადაც ტვირთავენ ახალ შემთხვევებს, აღწერენ და უკვე იცი, როგორ მოიქცე. ჩვენ ინტოქსიკაციური ფსიქოზების მართვაც არ ვიცით, დღეს კი ემერჯენსში ასეთი პაციენტები ხვდებიან. ვინმეს კი არ ვაკნინებ, ან კვალიფიკაციას კი არ ვუწუნებ, მაგრამ მძიმეა ამ სიმპტომებთან გამკლავება, დიაგნოსტირებაც ფაქტობრივად შეუძლებელია, რადგან არც ერთ კლინიკაში არ არის ტესტირების აპარატები, ამასთან, ბევრი მალავს, რომ ნარკოტიკი მიიღო. არადა, თუ სიმართლეს იტყვიან, მართვა უფრო იოლია.