პრინცმა ჯორჯმა ერთ-ერთ ყველაზე მიუწვდომელ კოლეჯში "ჩააბარა" - პრინცმა უილიამმა და ქეით მიდლტონმა გაამხილეს, თუ სად ისწავლის მათი უფროსი ვაჟი - მშობლები

პრინცმა ჯორჯმა ერთ-ერთ ყველაზე მიუწვდომელ კოლეჯში "ჩააბარა" - პრინცმა უილიამმა და ქეით მიდლტონმა გაამხილეს, თუ სად ისწავლის მათი უფროსი ვაჟი

2026-06-18 07:33:08+04:00

ქეით მიდლტონმა და პრინცმა უილიამმა გაამხილეს, სად გააგრძელებს სწავლას მათი უფროსი ვაჟი, 12 წლის პრინცი ჯორჯი. სამეფო მემკვიდრე იტონის კოლეჯში ჩაირიცხა — იმავე სკოლაში, სადაც თავის დროზე მისი მამა, პრინცი უილიამი და ბიძა, პრინცი ჰარი სწავლობდნენ.

ამჟამად ჯორჯი ბერკშირში, ლემბრუკის სკოლაში ბოლო სემესტრს ასრულებს. ამავე სკოლაში სწავლობენ მისი და-ძმაც — პრინცესა შარლოტა და პრინცი ლუი.

იტონის კოლეჯი დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და პრესტიჟული კერძო პანსიონია ბიჭებისთვის. სკოლა განსაკუთრებით ცნობილია იმით, რომ აქ განათლებას ხშირად იღებენ ბრიტანეთის პოლიტიკური და საზოგადოებრივი ელიტის წარმომადგენლები.

იტონში სწავლობდნენ არა მხოლოდ პრინცი უილიამი და პრინცი ჰარი, არამედ პრინცესა დიანას ძმა, გრაფი სპენსერი, პრინცი ენდრიუ და არაერთი ბრიტანელი პრემიერ-მინისტრი.

609x845-0xeudkmpuf-8270027861850534772-1781753723.png

რა ვიცით ამ ცნობილი სკოლის შესახებ?

გაკვეთილები ლათინურად და გაღვიძება დილის 5 საათზე

იტონის პირველი მოსწავლეები საკმაოდ მკაცრ პირობებში ცხოვრობდნენ. ბიჭები დილის 5 საათზე იღვიძებდნენ, ერთი საათის შემდეგ კი უკვე გაკვეთილებზე ისხდნენ. სწავლება მთლიანად ლათინურ ენაზე მიმდინარეობდა.

საღამოს 8 საათზე მოსწავლეები ოთახებში ბრუნდებოდნენ, კითხულობდნენ საღამოს ლოცვას და დასაძინებლად წვებოდნენ. შუა საუკუნეებში ისინი დღეში მხოლოდ ორჯერ ჭამდნენ, პარასკევს კი საერთოდ მარხულობდნენ.

დღეს პირობები, რა თქმა უნდა, კომფორტულია. თანამედროვე იტონელებს ცალკე ოთახები აქვთ, სწავლა დღე კი დილის 7:30-ზე ადრე არ იწყება. აკადემიური გაკვეთილები დაახლოებით 13:00 საათზე სრულდება, რის შემდეგაც მოსწავლეებს სპორტისთვის, წრეებისთვის ან დამოუკიდებელი მეცადინეობისთვის რჩებათ დრო. ძილის დრო 22:00 საათია.

თუმცა რამდენიმე ტრადიცია დღემდე შენარჩუნებულია. ერთ-ერთი მათგანია მკაცრი ფორმა — შავი ფრაკი, ჟილეტი, შარვალი და კლასიკური საყელო.

itonis-koleji-1781752961.webp

ფიზიკური დასჯა მხოლოდ 40 წლის წინ გაუქმდა

იტონი წარსულში ცნობილი იყო მკაცრი დისციპლინითა და ფიზიკური დასჯის სისტემით. XVI საუკუნეში ამისთვის სპეციალურად პარასკევი იყო გამოყოფილი, რომელსაც „გაწკეპვლის დღესაც“ უწოდებდნენ.

მოსწავლეებს სჯიდნენ სხვადასხვა მიზეზით — დავალების შეუსრულებლობისთვის, დაბალი აკადემიური მოსწრებისთვის, დაგვიანებისთვის, სკოლის ტერიტორიის თვითნებურად დატოვებისთვის, უხეშობისთვის და სხვა.

თავდაპირველად დასჯა საჯაროდ ხდებოდა, 1964 წლიდან კი დირექტორის კაბინეტში გადაიტანეს. 1970-იანი წლების შუა პერიოდში ფიზიკური დასჯის უფლება მხოლოდ რექტორსა და მის მოადგილეს ჰქონდათ. ეს პრაქტიკა საბოლოოდ 1980-იანი წლების ბოლოს გაუქმდა. ბოლო ოფიციალური შემთხვევა, როდესაც მოსწავლე დასჯის მიზნით ჯოხით სცემეს, 1984 წელს დაფიქსირდა.

აქ მხოლოდ ბიჭები სწავლობენ

იტონის კოლეჯში მხოლოდ 13-დან 18 წლამდე ბიჭები სწავლობენ. თუმცა სკოლა უკვე დიდი ხანია აღარ არის იზოლირებული სივრცე, სადაც მოსწავლეები თვეების განმავლობაში გარე სამყაროსგან მოწყვეტილები არიან.

გოგონებთან ურთიერთობა აქ აკრძალული არ არის. მეზობელი სკოლებიდან გოგონები ხშირად ჩადიან იტონში თეატრალურ დადგმებში მონაწილეობის მისაღებად ან მუსიკალურ საღამოებზე დასასწრებად.

ჩარიცხვა ძალიან რთულია

იტონის კოლეჯში მოხვედრა მარტივი ნამდვილად არ არის. ერთ ადგილზე, სხვადასხვა მონაცემით, 4-დან 8 კანდიდატამდე მოდის.

მოსწავლეებს 13 წლიდან იღებენ, თუმცა საბუთები მანამდე უნდა იყოს შეტანილი, ვიდრე ბავშვს 10 წელი და 6 თვე შეუსრულდება.

ჩარიცხვის პროცესი მოიცავს ონლაინტესტირებას, წინა სკოლის აკადემიური შედეგების შეფასებას და გასაუბრებას. თუ კანდიდატი პირველ ეტაპებს წარმატებით გაივლის, შემდეგ მას მისაღები გამოცდების ჩაბარება უწევს, სადაც ინგლისური ენის ძალიან კარგი ცოდნა და საგნობრივი მომზადება მოეთხოვება.

gettyimages-169355827-1781753091.webp

სწავლის საფასური მილიონებს აღწევს

იტონი ერთ-ერთი ყველაზე მიუწვდომელი სკოლაა არა მხოლოდ რთული შერჩევის, არამედ მაღალი საფასურის გამოც.

2026 წლის მონაცემებით, ერთი სასწავლო წელი იტონში დაახლოებით 45 000-დან 63 000 ფუნტამდე ღირს. დამატებითი გაკვეთილები, ექსკურსიები და სხვა აქტივობები ცალკე ფინანსდება.

სკოლას აქვს სტიპენდიებიც ნიჭიერი მოსწავლეებისთვის — მუსიკოსებისთვის, სპორტსმენებისთვის, აკადემიურად გამორჩეული ბავშვებისთვის. ასეთი დახმარება სწავლის საფასურის 5%-დან 100%-მდე შეიძლება ფარავდეს და ყოველ ტრიმესტრში თავიდან ფასდება.

რობოტოტექნიკა, რუსული ენა და თანამედროვე პოლიტიკა

იტონი კლასიკურ განათლებასთან ასოცირდება, თუმცა თანამედროვე საგნებსაც დიდი ყურადღება ექცევა.

სკოლაში ასწავლიან რამდენიმე თანამედროვე ენას, მათ შორის ჩინურს, არაბულს, იაპონურსა და რუსულს. პროგრამაში შედის რობოტოტექნიკა, IT-ტექნოლოგიები, თანამედროვე პოლიტიკა და ეკონომიკა.

არანაკლებ მრავალფეროვანია კლასგარეშე აქტივობებიც. იტონში ფუნქციონირებს თეატრალური წრეები, მათემატიკის, ფიზიკის, ასტრონომიის, ბიოლოგიის, ინჟინერიის, სამართლისა და მეწარმეობის კლუბები.

იტონის კოლეჯს დიდი ისტორია აქვს. აქ სწავლობდა არაერთი ბრიტანელი არისტოკრატი და პოლიტიკოსი. სკოლის კურსდამთავრებულთა შორის 20 ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრია, მათ შორის რობერტ უოლპოლი, ველინგტონის ჰერცოგი, ჰაროლდ მაკმილანი, დევიდ კამერონი და ბორის ჯონსონი.

ახლა ამ ისტორიულ სასწავლებელში სწავლას პრინცი ჯორჯიც გააგრძელებს.

როგორ სკოლაში სწავლობენ Googleის, Apple-სა და Yahoo-ს თანამშრომლების შვილები