მსახიობი დეივი ჩეისი, რომელიც ყველაზე მეტად ცნობილია სამარა მორგანის როლით საკულტო საშინელებათა ფილმში „ზარი“, 35 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ TMZ იტყობინება მისი შეყვარებულის, როი ერნანდესის განცხადებაზე დაყრდნობით.
გამოცემის ცნობით, გარდაცვალების მიზეზი მენინგიტი და სისხლის ინფექცია იყო. ამ მდგომარეობებმა სეფსისი გამოიწვია. გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე უკიდურესად გამოფიტული, გამხდარი მსახიობი ლოს-ანჯელესის კლინიკაში მოათავსეს, მაგრამ ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
ჩეისმა კარიერა ბავშვობაში დაიწყო და სწრაფად მოიპოვა პოპულარობა ჰოლივუდში. გაახმოვანა ლილო დისნეის ანიმაციურ ფილმში „ლილო და სტიჩი“ და მის გაგრძელებებში, ასევე ჩიჰირო ამერიკულ „სპირიტედ ევეიში“. უდიდესი პოპულარობა მოიპოვა ბოროტი გოგონა-მოჩვენების, სამარა მორგანის როლით ფილმში „ზარი“, რისთვისაც MTV-ის კინოპრიზი მიიღო საუკეთესო ბოროტმოქმედისთვის. ასევე ითამაშა HBO-ს სერიალში „დიდი სიყვარული“, ასევე ისეთ პროექტებში, როგორიცაა „დონი დარკო“, „საბრინა თინეიჯერი ჯადოქარი“ და სხვა.


ფიქრობდა, რომ სულ ასე გაგრძელდებოდა, თუმცა ასაკის მატებასთან ერთად, მასზე მოთხოვნამ იკლო.

მისი ბოლო ფილმი, ძალიან დაბალი რეიტინგიტ, 2016 წელს გამოვიდა. ამბობენ, რომ კარიერაში ასეთმა დაღმასვლამ მასზე ძალიან იმოქმედა. მის ცხოვრებაში ნარკოტიკები გაჩნდა, რამდენჯერმე დააკავეს ნასვამ მდგომარეობაში მანქანის მართვისა და ნარკოტიკების შენახვისთვის. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში კი უსახლკარო იყო...


წყაროების თანახმად, ჩეისი ლოს-ანჯელესის ქუჩებში, სკიდ როუს უბანში ცხოვრობდა, რომელიც საზოგადოების ყველაზე დაბალი ფენის წარმომადგენლების შეკრების ადგილია. მის გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე ინტერნეტში საშინელი ვიდეო გავრცელდა. მასში ნაჩვენები იყო გამხდარი გოგონა, რომელიც ძლივს რეაგირებდა გარემოზე. მისმა მენეჯერმა, ჯონ რაიან უმცროსმა, რომელიც მისი მეგობარი იყო 15 წელი, განაცხადა, რომ მან და მისმა დამ, დეივიმ, კერძო დეტექტივები დაიქირავეს და ვიდეოს აღმოჩენამდე რამდენიმე თვის განმავლობაში ეძებდნენ მსახიობს. როდესაც რაიანმა ჩეისის ვიდეო ნახა, სკიდ როუში გაიქცა მის წამოსაყვანად. ის გეგმავდა დეივის ჯანმრთელობის გაუმჯობესებას და შემდეგ კოსტა-რიკაში რეაბილიტაციის ცენტრში გაგზავნას. მაგრამ როდესაც ჯონი ჩავიდა, მსახიობი წასული იყო.

„ჩვენ ძალიან ახლოს ვიყავით მის პოვნასთან. დეივი ჰოლივუდის ყველაზე საყვარელი და კაშკაშა ვარსკვლავი იყო. ვერ ვიჯერებ, რომ ეს სიმართლეა. მისი მემკვიდრეობა და შემოქმედება სამუდამოდ იცოცხლებს“, - თქვა დეივმა.
მისი თქმით, ჩეისი ძალიან ჩაკეტილი ადამიანი იყო, ლას-ვეგასის სახლში მარტო ყოფნას ამჯობინებდა და დიდ სტუდიურ ფილმებზე უარს ამბობდა დამოუკიდებელი პროექტების სასარგებლოდ.„ის დიდად ჰოლივუდური არ იყო.კატებთან სახლში ჯდომას ამჯობინებდა“, - ამბობს მენეჯერი.