საქართველოში პირველად Model UK Parliament ჩატარდება - პროექტი 14 წლის ასაკიდან მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის რეგისტრაციას აცხადებს - მშობლები

საქართველოში პირველად Model UK Parliament ჩატარდება - პროექტი 14 წლის ასაკიდან მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის რეგისტრაციას აცხადებს

2026-06-18 12:36:36+04:00

27-29 ივნისს, ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში, საქართველოში პირველად გაიმართება Model UK Parliament - ბრიტანეთის პარლამენტის მოდელირების სამდღიანი კონფერენცია, რომელიც სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებსა და სტუდენტებს გააერთიანებს. პროექტში მონაწილეობის შესაძლებლობა 100-მდე ახალგაზრდას მიეცემა.

Model UK Parliament საერთაშორისო საგანმანათლებლო ფორმატია, რომელიც მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევს, ბრიტანეთის პარლამენტის წევრების როლი მოირგონ და რეალურ საპარლამენტო პროცესებთან მიახლოებულ გარემოში მიიღონ გამოცდილება. სამი დღის განმავლობაში დელეგატები საპარლამენტო დებატებში ჩაერთვებიან, წარადგენენ კანონპროექტებს და იმსჯელებენ თანამედროვე პოლიტიკური და სოციალური მნიშვნელობის საკითხებზე.

პროექტის ფარგლებში მონაწილეები განივითარებენ საჯარო გამოსვლის, ლიდერობის, კრიტიკული აზროვნებისა და გუნდური მუშაობის უნარებს, ასევე უკეთ გაეცნობიან საერთაშორისო ურთიერთობებისა და დემოკრატიული პროცესების საფუძვლებს.

აღსანიშნავია, რომ კონფერენციას ორგანიზებას უწევენ ბრიტანულ-ქართული აკადემიის საერთაშორისო ბაკალავრიატის (IB DP) პროგრამის მე-11 კლასის მოსწავლეები.

კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლია 14 წლის ასაკიდან ნებისმიერი სკოლის მოსწავლესა თუ სტუდენტს. სამუშაო ენა ინგლისურია. ღონისძიების დაწყებამდე დელეგატებისთვის ონლაინ მოსამზადებელი შეხვედრები გაიმართება, სადაც ისინი დეტალურად გაეცნობიან კონფერენციის ფორმატსა და წესებს.

რეგისტრაცია უკვე დაწყებულია და გაგრძელდება 24 ივნისამდე. მონაწილეობის საფასური შეადგენს 60 ლარს.

ორგანიზატორების თქმით, Model UK Parliament საინტერესო შესაძლებლობაა იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებიც პოლიტიკით, საერთაშორისო ურთიერთობებით, დებატებითა და ლიდერობით არიან დაინტერესებულნი და სურთ, პრაქტიკული გამოცდილება საერთაშორისო ფორმატის პროექტში მიიღონ.

დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია პროექტის ოფიციალურ Instagram გვერდზე — @model_uk_parliament, ხოლო რეგისტრაციის გავლა მსურველებს შეუძლიათ შემდეგ ბმულზე: სარეგისტრაციო ფორმა

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 24 ივნისი.

R