"პაციენტების უმრავლესობა, რომლებიც "მუნჯაროსა" და "ოზემპიკს" ხანგრძლივად იყენებენ, გარკვეულ შემანარჩუნებელ დოზებზე მუდმივად რჩება" - ელენე გიორგაძე გასახდომ პრეპარატებზე - მშობლები

"პაციენტების უმრავლესობა, რომლებიც "მუნჯაროსა" და "ოზემპიკს" ხანგრძლივად იყენებენ, გარკვეულ შემანარჩუნებელ დოზებზე მუდმივად რჩება" - ელენე გიორგაძე გასახდომ პრეპარატებზე

2026-06-18 13:25:57+04:00

მადის დამაქვეითებელ პრეპარატებში სიახლეა. ამერიკაში წონის კლების ახალი მედიკამენტის რეგისტრაციას ელიან. ახალი მედიკამენტი სამკომპონენტიანია და უფრო ეფექტიანია ორკომპონენტიან "მუნჯაროსა" და ერთკომპონენტიან "ოზემპიკთან" შედარებით. სანამ აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაცია (FDA) სიმსუქნის სამკურნალო ახალი წამლის რეგისტრაციის გადაწყვეტილებას მიიღებს, სპეციალისტები ამ პრეპარატზე სულ უფრო მეტ ინფორმაციას ეცნობიან. მედიკამენტი რეგისტრაციას ელოდება, რათა მისი ფართო წარმოება დაიწყოს და იგი წონის კლების მსურველი ყველა ადამიანისთვის ხელმისაწვდომი გახდეს. რა შედეგები აჩვენა კვლევებმა და ზოგადად, რა სიახლეებია წონის კლების საშუალებებში - თემაზე გადაცემაში "პირველამდე" პროფესორი, ენდოკრინოლოგი ელენე გიორგაძე საუბრობს:

- ჩვენთან, სოციალურ ქსელებში, ყველა თავის მოსაზრებას წერს. რეალურად, მედიცინასა და ენდოკრინოლოგიაში ახლა "ინკრეტინების ერა" დგას. "ოზემპიკიც", "მუნჯაროც" და რეტატრუტიდიც ამ ჯგუფს მიეკუთვნება. ახლა კიდევ ერთი პრეპარატი, "კაგრისემა" რეგისტრირდება. ეს მედიკამენტები მოქმედების მექანიზმით ერთმანეთისგან ცოტათი განსხვავდებიან. "მუნჯაროს" გამოჩენა "ოზემპიკის" დავიწყებას არ ნიშნავს. მთელ მსოფლიოში ეს პრეპარატები რეცეპტურია და ექიმმა ზუსტად უნდა შეარჩიოს, თუ რომელი მათგანი სჭირდება კონკრეტულ პაციენტს.

რაც შეეხება მესამე კომპონენტს, იგი გლუკაგონის რეცეპტორებზე მოქმედებს (გარდა GLP-1 და GIP რეცეპტორებისა). მაგალითად, "ოზემპიკი" ერთკომპონენტიანია, "მუნჯარო" - ორკომპონენტიანი, ხოლო მომავალი პრეპარატი "კაგრისემა" სხვა ორ კომპონენტს - ამილინისა და GLP-1-ის ანალოგებს გააერთიანებს. მიუხედავად იმისა, რომ ეს მედიკამენტები ერთ ჯგუფს მიეკუთვნება, მათი მოქმედება მაინც განსხვავდება. მსოფლიოში უკვე საკმაოდ დიდი გამოცდილება დაგროვდა და საშიში არც ერთი მათგანი არ არის. კვლევებში, როგორც წესი, ყოველთვის უკეთესი შედეგები გვაქვს, ვიდრე შემდგომში ფართო პოპულაციაში, რადგან კვლევისას პაციენტები ინსტრუქციებს მკაცრად მისდევენ და ექიმის მუდმივი კონტროლის ქვეშ იმყოფებიან. როდესაც ადამიანები პრეპარატს თვითნებურად იღებენ, დროულად არ მიდიან ექიმთან და დოზებს თავისით ცვლიან, პრობლემები სწორედ მაშინ იქმნება. ამ პრეპარატებს აქვთ გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ორგანიზმისთვის საშიში არ არის. მათი სარგებელი დადგენილ რისკებზე ბევრად მეტია. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ყველას შეუძლია პრეპარატის სხვა ქვეყნიდან ჩამოტანა და თვითნებურად გამოყენება.

თითოეული მედიკამენტი გარკვეულ ანალიზებს მოითხოვს. არსებობს მდგომარეობები, როდესაც ამ პრეპარატების გამოყენება არ შეიძლება. თავდაპირველად ორგანიზმი უნდა მომზადდეს, არსებული დარღვევები მოწესრიგდეს და მკურნალობა მხოლოდ ამის შემდეგ დაინიშნოს. ექიმმა წინასწარ იცის, რა დამატებითი დანიშნულებაა საჭირო გვერდითი მოვლენების პრევენციისთვის.

საწყის წონას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. კვლევის სპეციფიკურ ჯგუფებში გამოჩნდა, რომ პრეპარატს საწყისი წონის 28%-მდე კლება შეუძლია, თუმცა ეს მაჩვენებელი ვლინდება მაშინ, როდესაც სხეულის მასის ინდექსი 40-ზე მეტია. თუ სხეულის მასის ინდექსი 30-ია, ამხელა კლება ვერ მოხდება, რადგან ორგანიზმს შესაბამისი რაოდენობის ჭარბი ცხიმი არ გააჩნია.

ახალი პრეპარატების შემუშავების მიზანი გვერდითი მოვლენების შემცირებაცაა. რეტატრუტიდს "ოზემპიკთან" შედარებით, კუნთოვან მასაზე ნაკლებად უარყოფითი გავლენა აქვთ. იგი თითქმის დარეგისტრირებულია. თუმცა, ჩვენ მის ბაზარზე მალე გამოჩენას არ ველოდებით, რადგან პირველი ქვეყნები, სადაც მისი გაყიდვა დაიწყება, ამერიკა და დანიაა, შემდეგ კი რიგში ევროკავშირი დგას.

იმ ქვეყნებში, სადაც ჭარბწონიანი პაციენტების მასიური რაოდენობაა, მოთხოვნა იმდენად დიდია, რომ ქარხნები პრეპარატის საკმარის რაოდენობას ვერ აწარმოებენ. როდესაც მწარმოებლები ისეთ დიდ ბაზარზე შედიან, როგორიც 352-მილიონიანი ამერიკაა, მათ ჯერ წარმოების გაზრდა სჭირდებათ, რათა ჯერ ევროკავშირის და მხოლოდ ამის შემდეგ სხვა ქვეყნების ბაზრები დააკმაყოფილონ.

- ისევ ამ სამკომპონენტიან სიახლეს დავუბრუნდეთ. მარტივად რომ ავხსნათ, კონკრეტულად რაზეა პასუხისმგებელი მესამე კომპონენტი, რაც ამ პრეპარატს ორკომპონენტიან "მუნჯაროსა" და ერთკომპონენტიან "ოზემპიკთან" შედარებით უფრო ეფექტიანს ხდის?

- მესამე კომპონენტი ლიპიდური (ცხიმოვანი) ცვლის მოწესრიგებას აძლიერებს. თუ პირველი კომპონენტი გლუკოზის დონესა და მადაზე მოქმედებს, მესამე კომპონენტი გლუკაგონის რეცეპტორების მეშვეობით აჩქარებს ცხიმების წვას და მათ ფიზიოლოგიურ განაწილებას უზრუნველყოფს. ეს პროცესი გულ-სისხლძარღვთა სისტემის პრევენციისთვისაც სასარგებლოა. მადას ძირითადად ის ორი კომპონენტი აქვეითებს, რომლებიც "მუნჯაროშიც" შედის, ხოლო მესამე კომპონენტი უფრო მეტად ლიპიდურ ცვლაზე მუშაობს.

თუმცა, ვინაიდან პრეპარატის გამოყენების დიდი გამოცდილება ჯერ არ არსებობს, კვლევებში გვერდითი მოვლენებიც გამოიკვეთა. მაგალითად, დიდ დოზებზე, სადაც წონის 28%-იანი კლება დაფიქსირდა და რაზეც ამერიკის დიაბეტის ასოციაციის (ADA) კონგრესზე საუბრობდნენ, პაციენტების 20%-ში პერიფერიული ნეიროანგიოპათია გაძლიერდა. კლების ეს მაჩვენებელი ბარიატრიული ქირურგიის შედეგებს (23-28%) უტოლდება, რის გამოც მიიჩნევენ,რომ გარკვეულ შემთხვევებში ამ პრეპარატს ოპერაციის ჩანაცვლება შეუძლია.

- ანუ, ეს ახალი მედიკამენტი ფართო წარმოებაში ჩაშვების შემდეგ, შესაძლოა, ბარიატრიული ქირურგიის ალტერნატივად განვიხილოთ?

- ასე კატეგორიულად ვერ ვიტყოდით, რადგან ერთი მეთოდი მეორეს სრულად ვერ ცვლის. ბარიატრიული ქირურგია აქტუალური დარჩება, ვინაიდან გადაწყვეტილება ყოველთვის ინდივიდუალურად მიიღება. არსებობენ პაციენტები, რომლებიც აღნიშნავენ, რომ ინკრეტინების ჯგუფის პრეპარატების მიღების მიუხედავად, წონაში ვერ დაიკლეს და მადა შეუნარჩუნდათ. არც ერთი პრეპარატი არ არის პანაცეა. პაციენტების ნაწილს ამ მედიკამენტების ფონზე ოპერაცია აღარ დასჭირდება, თუმცა ეს ეხება მათ, ვისთანაც გვერდითი მოვლენები არ ვლინდება.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ მკურნალობის დამწყებთა დაახლოებით 70%-ისთვის ეს, ინსულინის მსგავსად, მუდმივი თერაპიაა. პრეპარატის შეწყვეტისა და ნორმალური წონის მიღწევის შემდეგ, ორგანიზმში არსებული დარღვევები კვლავ ბრუნდება და წონის მატება ხელახლა იწყება.

- ანუ, ამ პრეპარატის მუდმივი მომხმარებელი ხდები?

- დიახ, პაციენტების უმრავლესობა, რომლებიც "მუნჯაროსა" და "ოზემპიკს" ხანგრძლივად იყენებენ, გარკვეულ შემანარჩუნებელ დოზებზე მუდმივად რჩება.

- თუკი პრეპარატის გამოყენება უსაფრთხოა და ექიმთანაა შეთანხმებული, მისი შეწყვეტის შემთხვევაში წონის ხელახალი მატება სწრაფად ხდება?

- ეს ინდივიდუალურია. ზოგიერთი პაციენტი შედეგს ნახევარი წლის ან ერთი წლის განმავლობაში ინარჩუნებს, ზოგი კი წონას ორ-სამ თვეში უბრუნდება. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ტიპის კვებითი აშლილობა აქვს ადამიანს. ზოგიერთი პროფილაქტიკის მიზნით პრეპარატს წელიწადში მხოლოდ ერთი თვე იყენებს და წონას ასე ინარჩუნებს. პაციენტების 70%-ში მუდმივი მიღების საჭიროება ამერიკის სტატისტიკაზე დაყრდნობით ვლინდება. საქართველოში სიმსუქნის პრობლემა არსებობს, თუმცა ისეთი მასშტაბური კატასტროფა, როგორიც ამერიკაშია, ჩვენთან არ ფიქსირდება.

ეს სტატისტიკითაც დასტურდება და ვიზუალურადაც შესამჩნევია. ამერიკაში მოგზაურობა მიყვარს, რადგან თუ იტალიასა და საფრანგეთში ჭარბწონიანად ვითვლები, ამერიკაში თავს გამხდრად ვგრძნობ, საკვების მიღებაში თავს არ ვიზღუდავ და საქართველოში ყოველთვის მომატებული წონით ვბრუნდები.

საკვებში ზოგიერთი დანამატი წონის პირდაპირ მატებას კი არ იწვევს, არამედ მადის სტიმულირებას ახდენს. დიდი პორციის მიღების შემდეგაც კი ადამიანს შიმშილის შეგრძნება რჩება. ამ მეთოდს სწრაფი კვების ობიექტები ხშირად მიმართავენ. მომხმარებელი დიდ ბურგერს ჭამს, თუმცა ვერ ნაყრდება და დამატებით პორციას ყიდულობს.

ამერიკაში ადამიანები კალორიებს ხშირად ითვლიან, თუმცა კალორიების ათვისებაც ინდივიდუალურია. ჩვენ სამივემ რომ 500-კილოკალორიანი შოკოლადი შევჭამოთ, თქვენი ორგანიზმი მხოლოდ 90-110 კალორიას აითვისებს, ჩემი - 300-ს, ხოლო მეოთხე ხარისხის სიმსუქნის მქონე ადამიანი ყველა კალორიას აითვისებს და ცხიმის მარაგში გადაიტანს. სიმსუქნე დაავადებაა. საბჭოთა კავშირში ენდოკრინოლოგიის ფუძემდებელი, ჩემი მასწავლებელი აკადემიკოსი ბარანოვი, ჯერ კიდევ მაშინ საუბრობდა მეტაბოლურ სინდრომსა და სიმსუქნის, როგორც დაავადების, სპეციფიკაზე. როდესაც სადოქტორო ხარისხის დაცვის შემდეგ საქართველოში დავბრუნდი და ამ თემაზე მუშაობა დავიწყე, ბევრს უკვირდა, რადგან მაშინ მიიჩნევდნენ, რომ წონის დასაკლებად მხოლოდ კვების შეზღუდვა იყო საჭირო. თუმცა ეს ასე არ არის.

- მხოლოდ ნებისყოფით ამის გაკეთება შეუძლებელია, ხომ?

- პრობლემა მხოლოდ კვებაში არ არის. ჭარბწონიან ადამიანებს ენერგიის ნაკლები ხარჯვა აქვთ. ხუთი მეტრის გავლისას თითოეული ჩვენგანი ენერგიას განსხვავებულად დახარჯავს. გარდა ამისა, არსებობს საკვების შეწოვის პრობლემა და დანაყრების შეგრძნების დაკარგვა. თანამედროვე ცხოვრების ტემპის გამო ადამიანები ხშირად ნაჩქარევად ჭამენ და საკვების გემოსა და რაოდენობას ყურადღებას არ აქცევენ. ლანჩის შემდეგ კოლეგას რომ ჰკითხოთ, თუ რა მიირთვა, პასუხზე დაფიქრდება, რადგან პროცესი გაცნობიერებული არ ყოფილა.

- ახალი პრეპარატები, რომლებიც მალე დარეგისტრირდება, მადას პირდაპირ აქვეითებს და ადამიანს საკვების მიღების მოთხოვნილებას უკარგავს? საინტერესოა ამ მეთოდის შედარება კალორიების ტრადიციულ თვლასთან. აქვს მათ რაიმე საერთო? როდესაც მადა შემცირდება და ცოტას ვჭამთ, ეს კალორიების კლებასთან კავშირშია?

- ინკრეტინების ეპოქა მთლიანად შეცვლის სამედიცინო და სხვა მომიჯნავე სფეროებს. ამ კონცეფციაზე 58 ექსპერტი და სხვადასხვა დარგის სპეციალისტები მუშაობდნენ. პრეპარატების ("მუნჯაროსა" და "ოზემპიკის") ფონზე ადამიანებს ცხიმიანი საკვებისა და სწრაფი კვების პროდუქტების მიმართ მოთხოვნილება უმცირდებათ, რადგან მედიკამენტი გემოვნურ პრეფერენციებს ცვლის. პაციენტს შეიძლება შიოდეს, მაგრამ მაცივრის გაღებისას ძველი კვებითი ჩვევების მიმართ ინტერესს აღარ ავლენს.

წარმოებაც გადახედვაშია, თუ რა უნდა შექმნან, რა პროდუქტებითა და კალორიებით. იქნება პრე-სიმსუქნის დეფინიცია. შედიან სკოლებში. ევროკავშირსა და ამერიკაში უკვე მუშაობენ იმაზე, სტუდენტურ სასადილოსა და სკოლებში რა პროდუქტები, რა სალათები გაიყიდება. ეს ერა მთლიანად ძალიან ბევრ სფეროს შეცვლის ისე, როგორც ხელოვნური ინტელექტი.

ევროკავშირში სპეციალური ფონდებია შექმნილი, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში ნაწილდება და პიარ-კამპანია იქმნება. გამოთვალეს, რომ თუ პრე-სიმსუქნის ფაზაში დახარჯავენ ფულს, მერე ძალიან დიდი თანხები თავისუფლდება იმიტომ, რომ პაციენტი სიმსუქნესთან დაკავშირებული გართულებების გამო კლინიკაში ნაკლებად ხვდება. მერე სადაზღვევოს კიდევ სჭირდება დამატებით, რომ 18 პრეპარატიც კი აანაზღაუროს. სანამ სიმსუქნე კონკრეტულ ორგანოებს დააზიანებს, იქამდე ურჩევნიათ, თანხა ჩადონ.

ღამე ჭამის სინდრომი და მისი დამარცხების გზები - ელენე გიორგაძისა და ნუცა ჩაჩიბაიას რეკომენდაციები ამ სახიფათო ჩვევისგან გასათავისუფლებლად