რომელ ასაკში სჯობს გოგონასთვის ყურების გახვრეტა, რომელი მეთოდია ყველაზე უსაფრთხო და შეიძლება თუ არა ბიბილოს გახვრეტამ მხედველობაზე იმოქმედოს - მშობლები

რომელ ასაკში სჯობს გოგონასთვის ყურების გახვრეტა, რომელი მეთოდია ყველაზე უსაფრთხო და შეიძლება თუ არა, ბიბილოს გახვრეტამ მხედველობაზე იმოქმედოს

2026-06-19 16:22:28+04:00

მტკიცებულებებზე დაფუძნებული მედიცინის მიხედვით, ყურის ბიბილოს გახვრეტა შედარებით უსაფრთხო პროცედურაა, თუ სტერილობის ყველა წესი დაცულია და შემდგომი მოვლა სწორად ხორციელდება.

პედიატრების უმრავლესობა ურჩევს მშობლებს, პროცედურა იმ ასაკამდე გადადონ, სანამ ბავშვი უკვე გახვრეტილი ადგილის მოვლაში მონაწილეობას არ შეძლებს. ეს, როგორც წესი, ხუთი-შვიდი წლის ასაკიდან ხდება.

მშობლები, რომლებიც ბავშვს ყურებს ერთ წლამდე უხვრეტენ, ძირითადად ორ არგუმენტს ასახელებენ: ჩვილებს ტკივილისადმი შედარებით მაღალი გამძლეობა აქვთ და მომხდარი მალე ავიწყდებათ. მართლაც, პატარა ბავშვი ნაკლებად დაიმახსოვრებს პროცედურას, თუმცა ეს უფრო ფსიქოლოგიური ასპექტია და არა სამედიცინო უპირატესობა.

რატომ არ არის სასურველი ძალიან ადრეული გახვრეტა?

ექიმები რამდენიმე მნიშვნელოვან რისკზე მიუთითებენ.

პატარა ასაკში იმუნური სისტემა ჯერ ბოლომდე ჩამოყალიბებული არ არის, ამიტომ ინფექციის განვითარების ალბათობა უფრო მაღალია.

ბავშვები ძალიან მოძრავები არიან და შეიძლება საყურე ტანსაცმელს, სათამაშოს ან სხვა ნივთს გამოედოს, რაც ყურის ბიბილოს დაზიანებას გამოიწვევს.

ზოგიერთ ბავშვს შეიძლება განუვითარდეს ალერგიული რეაქცია ნიკელზე, რომელიც სხვადასხვა შენადნობში გვხვდება.

არსებობს შემთხვევები, როცა საყურე ქსოვილში „იზრდება“. კვლევების მიხედვით, მსგავსი პრობლემა ბავშვების საკმაოდ დიდ ნაწილში ფიქსირდება. განსაკუთრებით ხშირად ეს ხდება 10 წლამდე ასაკში, მსხვილი ბიბილოების მქონე ბავშვებში და იმ შემთხვევაში, თუ გახვრეტა სპეციალური პისტოლეტით ხდება.

გარდა ამისა, მშობლებისთვის დამატებითი სტრესია საყურეების კონტროლი, რადგან ბავშვები მათ ხშირად კარგავენ.

სპეციალისტები ამბობენ, რომ გადაწყვეტილების მიღებისას უფრო მნიშვნელოვანია არა ბავშვის ზუსტი ასაკი, არამედ ის, შეუძლია თუ არა ყურებთან ფრთხილად მოქცევა, ბინძური ხელებით არ შეხება და ჰიგიენის წესების დაცვა.

სამედიცინო თვალსაზრისით, საუკეთესო ვარიანტია პროცედურის ჩატარება ძირითადი ვაქცინაციის დასრულების შემდეგ, მათ შორის ტეტანუსის საწინააღმდეგო აცრის მიღების შემდეგ, და მხოლოდ მაშინ, როცა ბავშვი სრულიად ჯანმრთელია.

რომელი მეთოდია ყველაზე უსაფრთხო?

დღეს ყურების გახვრეტის სამი ძირითადი მეთოდი გამოიყენება.

პირველი არის პისტოლეტით გახვრეტა. პროფესიული სამედიცინო ორგანიზაციების ნაწილი ამ მეთოდს რეკომენდაციას აღარ უწევს, რადგან ქსოვილს შედარებით ძლიერ აზიანებს. პისტოლეტი ერთგვარი „გასროლის“ პრინციპით მუშაობს და საყურეს ძალით ატარებს ქსოვილში.

მეორე მეთოდი ერთჯერადი სტერილური ნემსის გამოყენებაა. სპეციალისტები მას ყველაზე უსაფრთხოდ მიიჩნევენ, რადგან ქსოვილში სუფთა და ზუსტ ჭრილს ქმნის, ნაკლებად აზიანებს ბიბილოს და საშუალებას იძლევა გამოყენებული იყოს მაღალი ხარისხის ბიოშეთავსებადი მასალები, მაგალითად ტიტანი.

მესამე ვარიანტია ეს ერთჯერადი კარტრიჯის სისტემა გახლავთ, სადაც სპეციალურად დამუშავებული საყურე ქსოვილს ჭრის და არა ხევს. პროცედურა უფრო სწრაფია, ვიდრე კლასიკური პისტოლეტის შემთხვევაში.

რომელ სეზონზე არ არის რეკომენდებული ყურების გახვრეტა?

ექიმები არ ურჩევენ პროცედურის ჩატარებას ზაფხულის ყველაზე ცხელ თვეებში – ივნისიდან აგვისტომდე. სიცხისა და ოფლიანობის გამო ინფექციის განვითარების რისკი იზრდება.

არც ზამთარი ითვლება საუკეთესო პერიოდად, რადგან ქუდები და თბილი ტანსაცმელი საყურეებს ხშირად ედება და გაღიზიანებას იწვევს.

ყველაზე ხელსაყრელ სეზონებად გაზაფხული და შემოდგომა მიიჩნევა, თუ ბავშვი ამ პერიოდში ჯანმრთელია.

როდის არ შეიძლება ყურების გახვრეტა?

პროცედურა არ არის რეკომენდებული, თუ ბავშვს აქვს:

  • მწვავე ვირუსული ინფექცია;
  • სისხლის შედედების დარღვევა;
  • შაქრიანი დიაბეტი;
  • ნიკელზე ალერგია;
  • კელოიდური ნაწიბურების წარმოქმნისადმი მიდრეკილება;
  • მნიშვნელოვნად დაქვეითებული იმუნიტეტი.

მოქმედებს თუ არა ყურის გახვრეტა მხედველობაზე?

არსებობს გავრცელებული მოსაზრება, თითქოს ყურის ბიბილოზე მდებარე გარკვეული „აქტიური წერტილების“ დაზიანებამ შეიძლება მხედველობის გაუარესება ან სიბრმავეც კი გამოიწვიოს.

პედიატრები განმარტავენ, რომ ეს მითი მტკიცებულებებზე დაფუძნებული მედიცინით არ დასტურდება. დღემდე არ არსებობს არც ერთი დადასტურებული კლინიკური შემთხვევა, სადაც ყურის ბიბილოს გახვრეტას მხედველობის გაუარესება გამოეწვიოს.

ეს შეხედულება ძირითადად რეფლექსოთერაპიისა და აკუპუნქტურის თეორიებს ეყრდნობა, თუმცა ოფიციალური მედიცინა მსგავს კავშირს არ აღიარებს.

ამრიგად, თუ მშობლები ბავშვისთვის ყურების გახვრეტას გეგმავენ, უმჯობესია გადაწყვეტილება არა ასაკის, არამედ ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის, ჰიგიენის დაცვის უნარისა და უსაფრთხოების ფაქტორების გათვალისწინებით მიიღონ. ყველაზე მნიშვნელოვანი კი პროცედურის ჩატარება სანდო სპეციალისტთან და სტერილურ პირობებშია.