2026-2027 სასწავლო წლისთვის სასკოლო ფორმები ჩინეთში შეიკერება - რას ამბობს განათლების მინისტრი - მშობლები

2026-2027 სასწავლო წლისთვის სასკოლო ფორმები ჩინეთში შეიკერება - რას ამბობს განათლების მინისტრი

2026-06-20 12:11:18+04:00

2026–2027 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლების დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმებს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს შპს „საგანმანათლებლო რესურსები“ კომპანია შპს „გლორი ტექსტილი ინდასთრისგან“ შეიძენს, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო წერს.

კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულება 1 801 000 ერთეული სასკოლო ფორმის შეკერვას ითვალისწინებს.
კომპანია „გლორი ტექსტილი ინდასთრის“ სამკერვალო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაშია განთავსებული. სკოლებისთვის ფორმების მიწოდების პროცესი სამ ეტაპად განხორციელდება და ყველა ეტაპი კანონმდებლობის მოთხოვნების სრული დაცვითა და გამჭვირვალობის პრინციპების შესაბამისად წარიმართება.
2026-2027 სასწავლო წლიდან დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმის ტარება სავალდებულო ხდება, რაც ხელს შეუწყობს სკოლებში უფრო თანასწორი, ჯანსაღი და ორგანიზებული სასწავლო გარემოს შექმნას, ასევე, მოსწავლეებს შორის სოციალური განსხვავებების შემცირებას.
ახალი სასწავლო წლისთვის სასკოლო ფორმების დროულად უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს მთავრობის განკარგულებით, შპს „საგანმანათლებლო რესურსებს“ სასკოლო ფორმების გამარტივებული წესით შესყიდვის უფლებამოსილება მიენიჭა.
"გაფორმდა ხელშეკრულება ბაზრის კვლევაში გამარჯვებულ კომპანიასთან, რომელიც უზრუნველყოფს სასკოლო ფორმების შეკერვას დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის,” - აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ განაცხადა.
მინისტრის თქმით, ფორმების მიწოდება სკოლებისთვის ეტაპობრივად განხორციელდება და დეტალური ინფორმაცია განრიგის შესახებ ზაფხულის პერიოდში გამოქვეყნდება.
"მოგეხსენებათ, რომ ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში დავაანონსეთ და მთავრობის დადგენილებით დავამტკიცეთ ზოგადი განათლების რეფორმის ეროვნული კონცეფცია, რომლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა სკოლებში, დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის, ფორმების შემოღება.
ხელშეკრულების თანახმად, სასკოლო ფორმების მიწოდება სკოლებისთვის სამ ეტაპად განხორციელდება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ყველა მოსწავლე, რომლის ოჯახის სარეიტინგო ქულა, ჯანდაცვის სამინისტროს შეფასებით, 60 000 ქულაზე ნაკლებია, ფორმას უფასოდ მიიღებს.
ზაფხულის პერიოდში გამოქვეყნდება დეტალური ინფორმაცია ფორმის ერთი კომპლექტის ღირებულებასთან დაკავშირებით, ასევე, იმის შესახებ თუ რა ფორმით მოხდება სხვადასხვა ქალაქსა თუ მუნიციპალიტეტში სასკოლო ფორმების საზოგადოებისთვის მიწოდება,” - აღნიშნა გივი მიქანაძემ.
ჯერ დავიწყოთ სკოლის ფორმის კულტურის დამკვიდრება ქვედა კლასებში და ყოველწლიურად თითო კლასი დავამატოთ... ბავშვები შეეჩვევიან და არანაირი კონფრონტაცია არ იქნება - განათლების მინისტრი
სახელმწიფო სასკოლო ფორმების პროგრამისთვის 45 მლნ ლარს გამოყოფს: ტანსაცმლის შესაკერი ერთეულების რაოდენობა ჯამში შეადგენს მილიონ რვაას ერთი ათას ცალს