ექიმი ნუტრიციოლოგი, კვების ეროვნული ცენტრის დირექტორი, მარი მალაზონია, გადაცემაში "პირადი ექიმი მარი მალაზონია" საუბრობს იმ პროდუქტებზე, რომლებიც რაციონში სიფრთხილით უნდა ჩავსვათ, თუ გსურს, რომ ფარისებრი ჯირკვალი არ დავაზიანოთ:
- ფარისებრი ჯირკვლისათვის მისი თავისებურებების გათვალისწინებით შერჩეული კვება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ასეთ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია როგორც ზოგადი ცოდნა, ისე მხოლოდ ამ ჯირკვალსა და მასთან დაკავშირებულ სპეციფიკას მორგებული თავისებურებები გამოვიყენოთ. მაგალითად, როდესაც ადამიანის ჯანმრთელობასა და ზოგად ფაქტორებზე ვსაუბრობთ, ჩვენ ცხოვრების წესის ცალკეულ მდგენელებს განვიხილავთ. აქ აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ფიზიკური აქტივობა, ძილი, წონის მართვა და კვების რეჟიმის, ულუფისა და რაციონის გააზრება.
ასევე მნიშვნელოვანია წყლის ადეკვატური მოხმარება, მავნე ჩვევების ქონა-არქონა, ფუჭი კალორიების თავიდან აცილება და საკვები ნივთიერებების ნაკლებობის გააზრება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დიდი რაოდენობით ადვილად შეთვისებად ნახშირწყლებსა და შაქრებს მოვიხმართ, მარილს არაადეკვატურად ვიყენებთ ან ტრანსცხიმებითა და ჰიდროგენიზებული ცხიმებით დატვირთულ პროდუქტებს ვანიჭებთ უპირატესობას.
ჩამოთვლილი პროდუქტებიდან თითოეული ზოგადი ჯანმრთელობისთვის, სხვადასხვა სისტემისა და ორგანოსთვის გარკვეულ რისკს წარმოადგენს. ყველასთვის ერთნაირად გასათვალისწინებელი შეიძლება აღმოჩნდეს ჩვენი კვებითი შუქნიშანი. ეს არის სივრცე, სადაც პროდუქტების განლაგება არა უბრალოდ ფერების ხაზგასასმელად, არამედ საკვებში დაშიფრული გარკვეული რესურსის მისაღებადაა ჩაფიქრებული. სწორედ ეს რესურსი გვაძლევს ანთების საწინააღმდეგო და ოქსიდაციური სტრესის დასაძლევად აუცილებელ ნივთიერებებს, რომლებიც ამ პროდუქტებშია გაფანტული. რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვეძლო ყურადღება მცენარეულ ბოჭკოსა და იმ ცალკეულ ბიოლოგიურ პროდუქტებზე გაგვემახვილებინა, რომლებსაც ფარისებრი ჯირკვლის მდგომარეობაზე გავლენის მოხდენის პოტენციალი აქვთ, მაგრამ მე იმ კანონზომიერებას გაგახსენებთ, რომლითაც კვებით შუქნიშანს ყოველთვის მივყვებით.
ეს კანონზომიერება წონასწორობით იწყება, რომელიც ჩვენს ყოველდღიურ თეფშზე უნდა არსებობდეს. როდესაც დღიურ რაციონს თეფშის პრინციპით წარმოვიდგენთ, მასზე სულ ცოტა ხუთი ჯგუფის ხუთი ფერის პროდუქტი უნდა განთავსდეს. ამასთანავე, რაციონის არანაკლებ ნახევარს ბოსტნეული და ხილი უნდა შეადგენდეს, ცხადია, ბოსტნეულის უპირატესობით. ეს არის ჩვენი შეთანხმება, რომელსაც ცალკეულ შემთხვევებში ყოველთვის ვიცავთ. ამჯერად მსურს გაგახსენოთ ის ელემენტები, რომლებსაც ფარისებრი ჯირკვლის ჯანმრთელობის შეცვლა შეუძლიათ.
ბევრისთვის მოულოდნელად, პირველ რიგში, თუთიას დავასახელებ. თუთია იმ ბიოქიმიურ პროცესებში მონაწილეობს, რომელთა დამსახურებითაც ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია იცვლება. მისი როგორც ნაკლებობა, ისე სიჭარბე საყურადღებოა. საკვები პროდუქტებიდან მიღებული თუთია კი ორგანიზმის ადეკვატურ მომარაგებას უზრუნველყოფს და იგი როგორც ცხოველურ, ისე მცენარეულ პროდუქტებში გვხვდება.
ამ ჩამონათვალში შედის რკინაც, რომელიც ყველა სისტემისთვის მნიშვნელოვანი და თითოეული უჯრედის კვებისთვის აუცილებელია, სადაც პირველ რიგში ჟანგბადით უზრუნველყოფას ვგულისხმობ.
ფარისებრ ჯირკვალზე საუბრისას განსაკუთრებით უნდა გავითვალისწინოთ შემდეგი ორი ელემენტი, რომელთაგან პირველი სელენია. სელენზე ხშირად ანტიოქსიდანტურ ჭრილში ან სხვადასხვა ჰორმონული სტატუსის მოსაწესრიგებლად ვსაუბრობთ. ფარისებრი ჯირკვლის ჯანმრთელობა და ჰორმონების ადეკვატური გამომუშავება ორგანიზმის სელენით უზრუნველყოფას მოითხოვს და მისი წყაროც როგორც ცხოველური, ისე მცენარეული პროდუქტები შეიძლება იყოს.
მეორე ელემენტი იოდია, რომელიც ფარისებრ ჯირკვალს პირდაპირ უკავშირდება. იგი განსაკუთრებით აქტუალურია ჩვენნაირი ქვეყნებისთვის, სადაც ნიადაგი და წყალი ბუნებრივად ღარიბია იოდით. ასეთ გარემოში იოდშემცველი პროდუქტების მოხმარება უმნიშვნელოვანესია, სწორედ ამიტომ არის ჩვენს ქვეყანაში ხელოვნურად გამდიდრებული, ანუ ფორტიფიცირებული, იოდიზებული მარილი ხელმისაწვდომი და ჩვენ ყოველდღიურად მხოლოდ ამ ტიპის მარილი უნდა გამოვიყენოთ. ეს ჩამონათვალი განსაკუთრებით გასააზრებელია ორგანიზმისა და ნაწლავის ზოგადი წონასწორობის ჭრილში.
საკუთარი ქსოვილების მიმართ აგრესია, ანუ ავტოიმუნური პროცესი, შესაძლოა არა მხოლოდ ფარისებრ ჯირკვალს, არამედ ნაწლავსაც ეხებოდეს. როდესაც ნაწლავის ჯანმრთელობაზე ვსაუბრობთ, ჩვენ პრაქტიკულად იმ წონასწორობას განვიხილავთ, რომელიც ყველა სისტემასა და ორგანოზე აირეკლება. ავტოაგრესიული პროცესი შეიძლება ერთდროულად მიმდინარეობდეს ფარისებრ ჯირკვალშიც, ნაწლავშიც, სახსრებშიც და თირკმელებშიც. ამიტომ, ნაწლავის მდგომარეობის გააზრება ფარისებრი ჯირკვლის ჯანმრთელობისთვის არსებითია.
არსებობს რამდენიმე თავისებურება, რომელიც უშუალოდ ფარისებრ ჯირკვალს უკავშირდება. ისეთი პროდუქტები, როგორებიცაა ბროკოლი, ყვავილოვანი კომბოსტო, ბრიუსელის კომბოსტო და ქეილი (კალეს კომბოსტო), სხვადასხვა კონტექსტში ადრეც გვიხსენებია, თუმცა დღეს მათ გოიტროგენებად მოვიხსენიებთ. ამ პროდუქტებში არსებულ ნივთიერებებს იოდის შეთვისებისა და ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების სრულფასოვანი გამომუშავების შეფერხება შეუძლიათ.
ჰორმონების სინთეზის შეფერხების წინაპირობას სხვა პროდუქტებიც შეიცავენ, მაგალითად სოია და მწვანე ჩაი. ამავე ჩამონათვალშია გასათვალისწინებელი პოლიფენოლები და ფლავონოიდები, რომლებსაც ისეთი პროდუქტები შეიცავენ, რომელთა კავშირი ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის შეფერხებასთან ერთი შეხედვით ვერც კი წარმოგვიდგენია, როგორებიცაა წითელი ღვინო, მოცვი და სხვა კენკრა.
ნიშნავს თუ არა ეს ინფორმაცია იმას, რომ ბროკოლი, ყვავილოვანი კომბოსტო, კენკრა თუ მწვანე ჩაი რაციონიდან საერთოდ უნდა ამოვიღოთ? რა თქმა უნდა, არა. ამ საკვებ პროდუქტებში მსგავსი მოქმედების მქონე ნივთიერებები მართლაც არსებობს, თუმცა მათგან გამოწვეული არასასურველი ეფექტების განეიტრალება სრულიად შესაძლებელია რამდენიმე გზით.
პირველი ეფექტური გზაა პროდუქტების თერმული დამუშავება, ხოლო მეორე გზა ფერმენტაციაა, მაგალითად მამა-პაპური წესით დამწნილებული, დამჟავებული კომბოსტოს გამოყენება. ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს კვების მრავალფეროვნებას. თუ მთელი დღის განმავლობაში მხოლოდ კომბოსტოს კი არ მივირთმევთ, არამედ სხვადასხვა პროდუქტს ერთდროულად შევუხამებთ, არასასურველ ეფექტებს მაქსიმალურად გავანეიტრალებთ. ამ მიდგომით ჩვენ არა მხოლოდ თეფშის პრინციპით გათვალისწინებულ მრავალფეროვნებას დავიცავთ, არამედ სასარგებლო ნივთიერებების ურთიერთგადამფარავი ეფექტით რისკებსაც მნიშვნელოვნად შევამცირებთ.