ზაფხულის დადგომასთან ერთად კვებითი ინტოქსიკაციები და ნაწლავური პრობლემები უფრო აქტუალური ხდება. ამასთან დაკავშირებით სურსათის უვნებლობის სპეციალისტმა, ირაკლი არაბულმა "დღის პოსტში" ისაუბრა.
"ზოგადად, ზაფხულში მატულობს კვებითი მოწამვლები, რადგან ტემპერატურა იმატებს და შესაბამისად, ეს ტემპერატურის მატება პირდაპირ მოქმედებს პროდუქტზე. მაღალი ტემპერატურა და ტენიანობა ეხმარება, რომ ბაქტერიებს გამრავლებაში. ამ დროს ზოგიერთი ბაქტერია გამოყოფს იმ ტოქსინებს, რომლებიც ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიშია. გარდა ამისა, ძალიან ხშირად არის, რომ ზაფხულის პერიოდში ბუნებაში გადის ხალხი, პიკნიკების, ექსკურსიების დროა და ესეც არის პირობა, რის გამოც იმატებს კვებითი ინტოქსიკაციები.“ - ამბობს ირაკლი არაბული და სხვადასხვა პროდუქტის რისკების შესახებ აკეთებს განმარტებებს. აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რისკის შემცველი სალათის ფურცელია.
"სალათის ფოთოლი ერთ-ერთი ყველაზე საშიში ინგრედიენტია, იმიტომ რომ ხშირად არის მასზე დაბინძურება, როგორც ბაქტერიების, ისე სხვადასხვა მწერების კვერცხების და ამიტომ ყველა ობიექტისთვის სავალდებულოა ამ ასე ვთქვათ პროდუქტის სადეზინფექციო ხსნარში გარეცხვა, რომ გამოვრიცხოთ ადამიანის კვებითი მოწამვლა. ყველა ობიექტს სავალდებულო აქვს... ვინ როგორ იცავს – ეს სხვა საკითხია, მაგრამ ძალიან ხშირად ხდება ფაქტები, როდესაც კვებითი ინტოქსიკაცია ხშირ შემთხვევაში სალათის ფოთლის ბრალი არის ხოლმე, თუ არ მოხდა მისი სრულყოფილად გარეცხვა და დამუშავება.“ - ამბობს ირაკლი არაბული. საუბარი შეეხო რძის ნაწარმსაც, რომელთაგან ყველაზე "გამძლე" ბაქტერიების მიმართ ყველია.
"ყველაზე მგრძნობიარე არის რძე, მერე ხაჭო, მერე მაწონი და ყველი შედარებით უფრო მეტად იტანს, იმიტომ რომ ყველში მარილია გამოყენებული და მარილი ერთ-ერთი კონსერვანტია, რომელიც ეხმარება ამ პროდუქტს ორგანოლეპტიკის შენარჩუნებაში და გარკვეული ტიპის ბაქტერიებს გამრავლებაშიც ხელს უშლის. ორი სახის რძე იყიდება დღეს ბაზარზე - ერთი არის პასტერიზებული, რომელიც ხშირ შემთხვევაში ბოთლშია ჩამოსხმული. პასტერიზაცია არის 72 გრადუსზე გაცხელება 15 წამის განმავლობაში, და მეორე – მუყაოში ჩამოსხმული რძე, ეს არის ულტრაპასტერიზებული, ანუ ადუღებული რძე. ასეთი რძე შეგვიძლია პირდაპირ გამოვიყენოთ, იმიტომ რომ აბსოლუტურად პროცესი გავლილი აქვს და ყველანაირი მავნე ბაქტერია შიგნით განადგურებული იქნება. მას ხელმეორედ ადუღება აღარ სჭირდება, " ამბობს ირაკლი არაბული.